ეფექტური სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს გახდა იმის წინაპირობა, რომ საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.
„ეს ერთ-ერთი რეიტინგია იმ ბევრ საერთაშორისო რეიტინგებს შორის, რომელიც გამოქვეყნებულა ძალიან ავტორიტეტული და წამყვანი კვლევითი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთან მიმართებაში, რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში. ეს არის ერთ-ერთი რეიტინგი, სადაც საქართველო არის მოწინავე ადგილებზე და კანდიდატ ქვეყნებს არც ვგულისხმობ იმიტომ, რომ არ არსებობს რეიტინგი, არ არსებობს კვლევა, არ არსებობს შეფასება, სადაც ჩვენ მათ არ ვუსწრებდით. ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ, ნატოს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ, მაგრამ ეს ჩვენთვის გამოწვევად რჩება“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, ნებისმიერი მიღწევა გამომდინარეობს მმართველობის სტილიდან, იმ ეფექტური და სამშვიდობო პოლიტიკიდან, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში.
„ჩვენს ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემადგენელი კომპონენტი არის ტურიზმი. იცით თქვენ, თუ რა კეთდება, რა ძალისხმევა იხარჯება ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის ჩვენს ქვეყანაში. რომელი ერთი ჩამოვთვალო - მგზავრნაკადთა გაუმჯობესება, ახალი აეროპორტის მშენებლობა, მეგაპროექტები, რამდენი ავიაკომპანია შემოვიდა, ის მსხვილი ინვესტიციები, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება თუნდაც ტურიზმის სფეროში, იქნება ეს სასტუმრო თუ სარესტორნო მიმართულებები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ეფექტური მმართველობა და პოლიტიკა არის შემდეგ იმ მოწინავე შედეგების განმაპირობებელი, სადაც ყველა რეიტინგში შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე საქართველო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია“, - აღნიშნა კირცხალიამ.
კირცხალია ასევე გამოეხმაურა უსამართლო განცხადებებსა და ასეთი კვლევების უგულებელყოფას ბრიუსელის მხრიდან და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ის რეზოლუციები, ის არასამართლიანი განცხადებები, რომლებიც ისმის წუხილს იწვევენ. თუმცა, კირცხალიამ გამოთქვა იმედი, რომ ეს ტენდენცია ძალიან მალე გადავა ახალ ეტაპზე და იქაც გამოჩნდებიან ძალები, ამის ყველანაირი ნიშანი უკვე არსებობს, რომლებიც ყველაფერს რეალურად დაინახავენ, ობიექტურად შეაფასებენ თუ სად იყო საქართველო და სად არის ის დღეს, რა გეგმები აქვს და როგორ ვითარდება.
„ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენთვის და გვაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მეგობრებმაც და პარტნიორებმაც ეს შესაბამისად შეაფასონ“, - განაცხადა კირცხალიამ.
საერთაშორისო რეიტინგში, საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით მეოთხე ადგილს იკავებს.
ქვეყანა ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიასა და ისლანდიას.
საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით, უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს.