აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსა და რუსეთში

აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსა და რუსეთში

გასულ კვირას The New York Times-ში წავიკითხე სტატია, რომელიც ჩრდილო-კავკასიის მიმართ საქართველოს პოტენციურად სახიფათო პოლიტიკას ეხებოდა. ამაზე საუბარი აქ ადრეც მქონდა და მაშინ აღვნიშნე, რომ Center for American Progress-ი თავს უყრის ვრცელ ანგარიშს, რომელიც ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება. ანგარიში უკვე გამოქვეყნდა და აი ეს მათი არგუმენტების შესავალია. 

ავტორები - სამუელ ჩარაპი და გორი ველტი - რეგიონის მომავლის ორ შესაძლო სცენარს წარმოადგენენ. პირველის თანახმად, კონფლიქტები გადაუწყვეტელი დარჩება, გაურკვეველი დროით გაგრძელდება, ხოლო მეორე გულისხმობს ”კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც ჩააცხრობს დაძაბულობას, შეარიგებს კონფლიქტების ხაზებზე მცხოვრებ ადამიანებს, გააჩენს ნდობას, განავითარებს სავაჭრო კავშირებსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებს მოაწესრიგებს”. როდესაც მოვლენებს ასე აღწერ, რაღა თქმა უნდა მეორე სცენარი ყველა მხარისთვის უფრო სასურველია, მაგრამ ჩემთვის ცხადი არაა ის, რომ მისი რეალიზების საუკეთესო გზა აშშ-ს უფრო ”პრო-აქტიური” პოზიციაა.

ავტორები რამდენიმე საინტერესო წინადადებით გამოდიან, მაგრამ ერთი რამ თითქმის უტყუარია – საქმე საკმაოდ შორსაა შესული საიმისოდ, რომ სეპარატისტული რესპულიკები ოდესმე რეალურად დაბრუნდნენ საქართველოს შემადგენლობაში. ჩარაპი და ველტი ამ არგუმენტს ედავებიან:

2008 წლის აგვისტოს ომმა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ პროგრესი ნამდვილად უფრო გაართულა. როგორც ჩანს, ვაშინგტონში ზოგიერთმა დაასკვნა, რომ პროგრესი ახლა შეუძლებელია და კონფლიქტის გადაწყვეტასთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩაიქნია ხელი. მომავალ რამდენიმე წელიწადში კონფლიქტის გადაწყვეტას ნამდვილად არ უნდა ველოდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი სამუდამოდ მოწყდნენ საქართველოს. ეს არც იმას ნიშნავს, რომ არჩევანი მუდმივ დანაწევრებასა და ტერიტორიული მთლიანობის დაუყოვნებლივ აღდგენას შორის უნდა გაკეთდეს. პროგრესი მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია და რაღა თქმა უნდა, აუცილებელია გრძელვადიანი პრობლემების გადაწყვეტაც.

შესაძლოა, არჩევანი მხოლოდ ასეთი არაა, მაგრამ მათ რეკომენდაციებში ყველაფერი იმ დაშვებას ეფუძნება, რომ ალტერნატივა არსებობს. ეჭვს გარეშეა, თბილისი მოისურვებდა რაიმე ფორმით ამ ორი ტერიტორიის რეინტეგრაციას, მაგრამ იქნებ რეალურად ეს არასდროს მოხდეს? მე ვეთანხმები აზრს, რომლის თანახმადაც ”სტრატეგიული მოთმინებისკენ” მოწოდება ქმნის დაუსაბუთებელ მოლოდინს და საქართველოს აფიქრებინებს, რომ შეუძლია ამ ტერიტორიების მოსახლეობის გულის მოგება ეკონომიკური ზრდითა და განვითარებით, მაგრამ იქნებ თავად რეინტეგრაციის მოლოდინია არაკეთილგონივრული? იქნებ, აშშ იმით, რომ საქართველოს რეინტეგრაციას მუდმივად უჭერს მხარს, მას არაკეთილგონივრული მიზნების განხორციელების სურვილს უჩენს.

ავტორები ასევე ვრცლად აღწერენ პრობლემებს, რომლებიც ჩრდილო-კავკასიის პოლიტიკაში საქართველოს ჩართულობას უკავშირდება:

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ნაბიჯს, როგორც ჩანს, არაფერი აქვს საერთო თანამშრომლობასთან. ჩინოვნიკები მე-19 საუკუნეში ჩერქეზების გენოციდის აღიარებისკენ და სოჭის (რომლსაც აფხაზეთისგან მხოლოდ მდინარე ფსოუ ჰყოფს) ოლიმპიადის საერთაშორისო ბოიკოტისკენ მოუწოდებენ, რასაც როგორც ჩანს პრობლემების შექმნის მიზანი აქვს.

ოლიმპიადა სულ უფრო მეტ კრიტიკას იმსახურებს ჩერქეზთა საზოგადოებიდან, განსაკუთრებით დიასპორებში, რადგან ტარდება იქ სადაც ეთნიკურ წმენდებს და გენოციდს ჰქონდა ადგილი და ისე, რომ ჩერქეზების ისტორიულ ადგილსამყოფელს არ აღიარებენ. ამავე დროს, ზოგიერთი ჩერქეზი კავკასიის ჩრდილო-დასავლეთით ერთიანი ეთნიკური რესპუბლიკისთვის მობილიზაციას ატარებს. ამჟამად ისინი გაყოფილები არიან და სამ ფედერალურ ერთეულში ცხოვრობენ.

ჩართულობის ოფიციალური რიტორიკა ხანდახან ისე ჟღერს, როგორც კავკასიის მთელი ხალხების ”მორჩილებისგან, ასიმილაციისგან და ანექსიისგან გათავისუფლების მოწოდება” – საქართველოს და რუსეთის მოქალაქეების თანაბარწილად. 2010 წელს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმულ სიტყვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”ერთიან კავკასიაზე” ილაპარაკა - ისეთზე, რომელსაც „თავისუფლებისკენ საერთო, ღრმა, არსებითი და დაუძლეველი მისწრაფება აქვს” და ამტკიცებდა, რომ ”ერთიანი კავკასია… გაჰყვება საქართველოს გზას და ერთ დღესაც შეურთდება ევროპის თავისუფალი ხალხების ოჯახს”.

მართალია სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არ გულისხმობდა ”საზღვრების შეცვლას”, მაგრამ მისი სიტყვები აშკარად მიანიშნებდა რუსეთის იმპერიის მიერ ჩრდილო-კავკასიის დაპყრობაზე, საბჭოთა ეპოქის რეპრესიებზე, პოსტ-საბჭოთა ჩეჩნურ ომზე და ჩრდილო-კავკასიის რეგიონის სოციო-ეკონომიკურ უთანაბრობაზე რუსეთის ფედერაციის დანარჩენ რეგიონებთან შედარებით. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი მთავრობის სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი რუსეთთან იმ ბრძოლას გაუტოლა, რომლის დემონსტრირებაც იყო ტერორისტული აქტები მოსკოვში და რომელმაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა. ეს გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, მიუხედავად მისი ამაღლებული, მაგრამ დიდწილად უაზრო ან ყალბი რიტორიკისა.

ამ კონტექსტში საქართველოს ჩართულობის პოლიტიკა მოსკოვისთვის ალბათ აღიქმება სასაზღვრო უსაფრთხოების შესუსტებად, სეპარატიზმის და შესაძლოა ტერორიზმის პოპულარიზებად, რაც რუსეთს მძიმე საერთაშორისო პრობლემებს უქმნის და მიზანდასახულად ამძაფრებს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობას.

ყველაფერი ეს პირდაპირ ართულებს საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ მიზნებს რუსეთთან დიალოგის აღდგენისა და კონფლიქტების გადაწყვეტისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნით.

როგორი რეკომენდაციების მიცემაც არ უნდა სურდეს ვინმეს, კონფლიქტების გადაწყვეტის მთავარი ელემენტი უნდა იყოს უმიზნო პროვოკაციების შეწყვეტა იმ მთავრობის მხრიდან, რომელმაც მსგავსი ქმედებების გამო შეიძლება ბევრი დაკარგოს და ვერაფერი მოიგოს. მათ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით ჩარაპმა და ველტმა რამდენიმე ღირებული რეკომენდაცია გააკეთეს და მათ მიაჩნიათ, რომ თბილისი ამ რეკომენდაციების გაზიარებას მოისურვებს.

მიუხედავათ პრაგმატიზმის ნიშნებისა, რომლებსაც ის ხანდახან ავლენს, სააკაშვილს როგორც სჩანს არ ძალუძს ისეთი რეგიონალური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც არ იქნებოდა რუსეთის ინტერესებისადმი კონფრონტაციული და მტრული. ეს ნამდვილად მარცხის მომტანი მიდგომაა, რადგან ვერ შეაცვლევინებს რუსეთს პოლიტიკას და მოსკოვს ერთიმეორეს მიყოლებით სტატუს ქვოს შენარჩუნების საბაბს უჩენს.

სააკაშვილი არა მარტო ბევრად უფრო ართულებს ტერიტორიების რეინტეგრაციის წარმოდგენას, არამედ როგორც ჩანს, მას განზრახული აქვს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც რეინტეგრაციას შეუძლებელს გახდის. თუ მისი პოლიტიკა მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობის აღდგენას, შესაძლოა 2011 წელი არ არის საუკეთესო დრო საიმისოდ, რომ კონფლიქტების გადასაწყვეტად შეთანხმებული ძალისხმევა გაიწიოს.