საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხისადმი ოპოზიციის დამოკიდებულება არ უკვირს.
„რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას გამოძიებისადმი, ეს არახალია და რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ესენი იყვნენ ალბათ ბევრნი ის მონაწილეები, რომლებიც იმ რაღაც გაურკვეველი თანხებით ფინანსდებოდნენ და რაღაც გაურკვეველი თანხებით შემდეგ აორგანიზებდნენ დესტრუქციას და იმ საშინელებას, რაც ვნახეთ რუსთაველზე სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ.
ასევე, შეგახსენებთ მასალებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამა თუ იმ პარტიული თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ამოიღო. იმ დიდ რეიდსაც შეგახსენებთ, რის შემდეგაც ეს ძალადობრივი აქცია უცებ ერთ დღეს გადაექცა უკვე არაძალადობრივად“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რითაც მათივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენას და მათი საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ.