ჩემს მიერ მიწოდებული მასალებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გაფართოვდება იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც გამოძიება წარიმართება, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, პროკურატურაში გამოიკითხა.
„ჩემს მიერ მიწოდებული მასალებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გაფართოვდება იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც გამოძიება წარიმართება. როგორც მინიმუმ, დაემატება 317-ე და 321-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული მიმართულებები. აუცილებელია, რომ შეიქმნას ერთხელ და სამუდამოდ პრეცედენტი, რომ საქართველოში ეროვნული ინტერესების ღალატი, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობები და სხვისი ინტერესების მსახურება ფულის და სხვა მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე, დასჯადი იქნება“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რითაც მათივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენას და მათი საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ.