საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 100 ახალი ავტომობილით განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 100 ახალი ავტომობილით განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი "შკოდას" მარკის 100 ახალი ავტომობილით განახლდა.

ახალი ავტომობილები თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოსთვისაა განკუთვნილი.

თანამედროვე სტანდარტების ავტოსატრანსპორტო საშუალებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, მოადგილესთან სერგი ბზიშვილთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსთან ლაშა ჯოხაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.

ავტოპარკის განახლების მიზანს, პატრულ-ინსპექტორებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ასევე, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნისთვის, სხვადასხვა დანაყოფის, მათ შორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით რეგულარულად აახლებს. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.