1 მილიონ 120 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა მშვიდობაში, ეკონომიკურ წინსვლასა და პროგრესში დარჩეს და მათ ხელისუფლება არ გადასცეს რადიკალებს - მიხეილ სააკაშვილსა და ომის მსურველებს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.
„ქვეყანამ, პირველ რიგში, საკუთარი სუვერენიტეტი და საკუთარი კონსტიტუციის უზენაესობა უნდა დაიცვას. ამ კონსტიტუციის პირველივე სიტყვები არის, რომ ჩვენ - ქართველმა ხალხმა გადავწყვიტეთ, რომ საქართველო ამ მოცემულობაში იყოს, რომ ეს კონსტიტუცია გვქონდეს და ქართველმა ხალხმა 1 მილიონ 120 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა მშვიდობაში, ეკონომიკურ წინსვლასა და პროგრესში დარჩეს და ხელისუფლება არ გადასცეს რადიკალებს - მიხეილ სააკაშვილსა და ომის მსურველებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამ ყველაფრის ფონზე ევრობიუროკრატების ნაწილს, რომელსაც სურს, რომ საქართველომ მათ დაკრულზე იცეკვოს, ეს დრო დასრულებულია, აღნიშნა მათიკაშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოში ისე არ მოხდება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის პირობებში იყო, როდესაც მოსკოვში ვიღაც ნიშანს აძლევდა ცეკას პირველ მდივანს და შემდეგ მათ დაკრულზე ცეკვავდნენ.
„ეს ასე არ იქნება. ჩვენს ქვეყანას გააჩნია კონსტიტუცია და ჰყავს საზოგადოება - 3 მილიონ 700 ათასი კაცი, რომლის უდიდესი ნაწილი არის მშვიდობის და ეკონომიკური წინსვლის პოლიტიკის, ანუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის განცხადებით, გლობალური ომის პარტია საკუთარი ნება-სურვილის განხორციელებაზე უარს არ ამბობს და აქაურ ქართველ რადიკალებს მაშველ რგოლებად ხშირად ევლინება.
„ჩვენ ასევე ვართ აბსოლუტურად სხვა რეალობის მომსწრე, როდესაც კარდინალურად იცვლება მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი იმ მიმართებით რა მიმართებითაც ეს ჩირაღდანი აინთო ვაშინგტონში და ნიუ-იორკში. მისი ეფექტი აუცილებლად ექნება ევროკავშირს, ევროსტრუქტურებს და ევრობიუროკრატებს. ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას ჩვენ არავის მივცემთ. არც მანამდე ვაძლევდით ამის უფლებას მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი არ იყო აშშ-ს პრეზიდენტი და ყველა მხრიდან იყო სრულიად უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებები და მითუმეტეს, არც ახლა არ მივცემთ არავის ამის უფლებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, მოქმედ გამჭვირვალობის კანონს - ამერიკული „ფარას“ ქართული ასლი აუცილებლად ჩაანაცვლებს. მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ იმ საკანონმდებლო რეგულაციამ, რომელიც დღემდე არსებობს საქართველოში [გამჭვირვალობის შესახებ კანონი] ვერ იქონია ეფექტი შემოსული თანხების ხარჯვის შესახებ, ორგანიზაციების გასაჯაროების შესახებ, რადგანაც მდიდარი „ენჯეოების" დიდი ნაწილი არ რეგისტრირდება შესაბამის რეესტრში.
„იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს დაცული და იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია აქ შემოდინებული თანხების ხარჯვის კეთილი მიზნებისა და ამ ყველა მიზნის გამოაშკარავება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის ვერსია ამერიკული კანონის, რომელიც დღეს მოქმედებს იყოს გადმოქართულებული და სწორედ ამ ვერსიის იმპლემენტაციით განხორციელდეს ყველა ხარჯის გასაჯაროება ქართულ რეალობაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, თუ რა მოცემულობას აწყდება საქართველო, როდესაც ცალკეული ჯგუფები - 400, 500 ადამიანი და, ძირითადად, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ან მათი სულისკვეთებით მოქმედი ადამიანები ცდილობენ აპარტეიდული მცდელობებით 4 მილიონ ადამიანს მოახვიონ საკუთარი აზრი, შეხედულება, გადაკეტონ ქუჩები, მოაწყონ მაგისტრალების ბლოკირება, არიონ სიტუაცია და ქვეყანა ჩააგდონ კოლაფსის მდგომარეობაში.
„ამიტომაც ცხადია, რომ საკანონმდებლო დონეზე განხორციელდება ყველა ის ცვლილება, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და მსგავსი ჯგუფების ქმედების ნეგატივის აღსაკვეთად იქნება ადეკვატურად გამოყენებული სახელმწიფოს მიერ. ეს არის ის საკანონმდებლო მინიმუმი საკანონმდებლო რეგულაციის, რომელიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარი სუვერენიტეტი მკაცრად დაიცვას და არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს იმის საშუალება, რომ აქ რაღაც არეულობის ინსცენირება მოაწყონ და შეეცადონ საკუთარი ნეგატიური დღის წესრიგი განახორციელონ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.