რადიკალური ოპოზიციის მთავარ გზავნილს, რომ არსებობს რაღაც იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე უარყოფითი განზრახვა საქართველოს მიმართს, ძალიან დიდი საფრთხე შეექმნა და სწორედ ამის გამო არიდებენ, ბუნებრივია, ისინი თავს პასუხის გაცემას ასეთ უხერხულ კითხვებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება წარიმართება რადიკალური ოპოზიციისთვის არასახარბიელოდ.
„გარდა ამისა ადრე, გახსოვთ, როგორ წარმოაჩენდნენ ისინი დასავლეთს, როგორც ასეთს, წარმოაჩენდნენ რაღაც იდეალურ მოვლენად, სადაც არაფერი ნეგატიური არ შეიძლება მოხდეს. დღეს უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. შესაბამისად, მათ მთავარ გზავნილს, რომ არსებობს რაღაც იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე უარყოფითი განზრახვა საქართველოს მიმართ, ძალიან დიდი საფრთხე შეექმნა და სწორედ ამის გამო არიდებენ, ბუნებრივია, ისინი თავს პასუხის გაცემას ასეთ უხერხულ კითხვებზე. რა თქმა უნდა, არსებობს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, არის იქ პოლიტიკური ინტერესები. ზოგადად, გლობალური პოლიტიკა არის ისეთივე რთული და მძიმე საქმე, როგორიც არის ლოკალური ქართული პოლიტიკა, იქ არის უამრავი სხვადასხვა ინტერესი. ამერიკა-ევროკავშირმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ საკუთარი ინტერესები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. იმედს ვიქონიებთ, რომ ყველაფერი წარიმართება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მათ მთავარი მესიჯი ჩამოეშალათ, დანარჩენს შევხედოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.