მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამიტში მონაწილეობა, რომელიც დუბაიში იმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს სამიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველომ ბევრ ქვეყანას გააგონოს თავისი გზავნილები.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სამიტში მონაწილეობა. რომელიც დუბაიში იმართება. სხვადასხვა მიზეზის გამოა ჩვენთვის საინტერესო დღეს აქ ყოფნა. მათ შორის, იმის გამოც, რომ გვაქვს არაჩვეულებრივი ორმხრივი ურთიერთობები, არაჩვეულებრივი პოლიტიკური თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან. ასევე ეკონომიკური კავშირები. იცით, რომ უპრეცედენტო საინვესტიციო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი ცოტა ხნის წინ, რაც ითვალისწინებს 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში. ამ ყველაფერთან ერთად, ეს სამიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევრ ქვეყანას გავაგონოთ ჩვენი გზავნილები.
მქონდა გამოსვლა სამიტზე, სადაც ვისაუბრე საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. გარდა ამისა, ეს სამიტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავმართოთ ორმხრივი შეხვედრებიც. ჩვენ დღეს გვქონდა საინტერესო ორმხრივი შეხვედრა ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, შეხვედრებს შორის გვქონდა საუბრები არაფორმალურ ფორმატში. სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ორგანიზაციების და ქვეყნების წარმომადგენლებთან. ბუნებრივია, ასეთ ფორმატებს აქტიურად ვიყენებთ ხოლმე იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები და წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.