2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6%-ით გაიზარდა და 13.9 ტერავატ/საათი შეადგინა, რაც საკმაოდ დიდი ტემპია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წლის მეორე ნახევარი ეკონომიკურად ნაკლებად აქტიური იყო. ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება ძალიან სწრაფად მატულობს, რასაც გენერაციამაც უნდა აუწყოს ფეხი. ეს კი ადვილი სულაც არ არის.
საანგარიშო პერიოდში კომერციული მოხმარება წლიურად 7.5%-ით გაიზარდა და 8.1 ტერავატ/საათს გაუტოლდა, ხოლო პირდაპირმა მოხმარებამ 3.2 ტერავატ/საათი შეადგინა, რაც 13.1%-იან ზრდაზე მიანიშნებს.
საინვესტიციო ბანკ „გალტ ენდ თაგარტის“ 2024 წლის შეჯამების მიხედვით, პირდაპირი მომხმარებლების მოხმარების ზრდა კრიპტოვალუტის მაინინგის და მეტალურგიის სექტორების აქტივობით აიხსნება.
„2024 წლის მოხმარების მატება ძირითადად საცალო (+7.5% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+13.1% წ/წ) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო. ამასთან, აფხაზეთის რეგიონის მოხმარება წლიურად 5.6%-ით შემცირდა. პირდაპირი მომხმარებლების მოხმარების 13.1%-იანი წლიური ზრდა კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების აქტივობით აიხსნება, რაც საერთაშორისო ბაზრებზე კრიპტო აქტივების და ფეროშენადნობების ფასების ზრდამ გამოიწვია. 2024 წლის ოქტომბრიდან ფერაშენადნობების ქარხნები კვლავ გაჩერებულია და მათი ამოქმედების დრო უცნობია.
ეკონომიკის მინისტრის დამტკიცებული ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი ამ ქარხნების ამოქმედებას ითვალისწინებს 2025 წლის მეორე კვარტლიდან. 2024 წელს საცალო მოხმარება გაიზარდა როგორც თელმიკოს (+8.9% წ/წ), ასევე ეპ ჯორჯიას (+6.5% წ/წ) მომხმარებლებისთვის, კერძოდ:
მოსახლეობის ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.5%-ით გაიზარდა და 3.0 ტვტ/სთ შეადგინა, აქედან თბილისის მაცხოვრებლების (თელმიკოს აბონენტები) მოხმარება გაიზარდა წლიური 6.8%-ით, ხოლო რეგიონების (ეპ ჯორჯიას აბონენტები) 8.0%-ით.
კომერციული სექტორის მოხმარებაც წლიურად 7.5%-ით გაიზარდა, აქედან თელმიკოს აბონენტების 10.0%-ით, ხოლო „ეპ ჯორჯიას“ - 5.4%-ით“, - ნათქვამია შეჯამებაში.
მოხმარების ზრდის ფონზე დიდ ინტერესს იწვევს 460 მლნ დოლარის ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით „ექსიმ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ განახორციელებს.
საინვესტიციო პროექტით დაგეგმილია ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რაც ჯამში, დაახლოებით, 360 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს მოიცავს და ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას, ისე ამ მიმართულებით საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის განხორციელებას კომპანია მიმდინარე წელს დაიწყებს და პროექტები ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა. მთავრობის გათვლით, 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების გამომუშავება უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.
სპეციალისტები საკმაოდ იმედიანად არიან განწყობილი და კიდევაც ამბობენ, რომ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სრულად ადგილობრივი წარმოებით დააკმაყოფილოს. როგორც ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, მთავარია ჰესების პროექტების მიმართ მთავრობისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რაც მომავალში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევის პირობა უნდა გახდეს.
„პერსპექტივას საკმაოდ იმედიანად ვუყურებ, თუმცა დავიწყებ იმით, რომ ჩვენ მოხმარების კუთხით საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს. მე ვიტყოდი, რომ არარეალურიც. ცოტა არ იყოს, მიკვირს, 2024 წელს 6%-იანი მატება რამ გამოიწვია, როცა ახალი საწარმოების ექსპლუატაციაში გაშვება არ მომხდარა. ანალიზი გასაკეთებელია, რა იწვევს ზრდას და რა არის ამისთვის საჭირო. დარგს აქვს სერიოზული პოტენციალი, რაც შესაძლებლობას ქმნის, 2030 წლისთვის ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი თვითკმარი გახდეს. განსაკუთრებით „ხუდონის“ ამოქმედებით, რომელიც ყველა პრობლემას დაასრულებს. რაც შეეხება ახალ ინვესტიციას „აჭარ ენერჯისთან“ დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, მთავარია, პროექტი ეკოლოგიურად გამართლებული იყოს, სხვა დაბრკოლებას ვერ ვხედავ“, - განუცხადა თემურ ჭიჭინაძემ.