ტრამპის კიდევ ერთი სკანდალური გადაწყვეტილება - რუსეთის სანქციებზე მომუშავე ჯგუფი დაშლილია

ტრამპის კიდევ ერთი სკანდალური გადაწყვეტილება - რუსეთის სანქციებზე მომუშავე ჯგუფი დაშლილია

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო - რუსეთის სანქციებზე მომუშავე ჯგუფი გაუქმებულია. რუსეთის დასანქცირების თემა, ქვეყნის გარედან, არაერთხელ გახდა საქართველოს ხელისუფლების შანტაჟის მიზეზი, ქვეყნის შიგნით კი, ქართული ოპოზიციისთვის არაერთი პოლიტიკური ბრალდების და ცილისწამების მიზეზი იყო, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც. ტრამპის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ოცნება“ მოქმედებდა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო იმ გუნდის დაშლა, რომელიც კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ შემოღებული სანქციების აღსრულებას აკონტროლებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტომ მოიპოვა გენერალური პროკურორის პემ ბონდის სამსახურებრივი წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ KleptoCapture-ის სახელით ცნობილი ჯგუფი უნდა დაითხოვონ. გამოთავისუფლებული რესურსები ნარკოკარტელებთან ბრძოლას მოხმარდება.

„ეს ძალისხმევა „დემოკრატი“ პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო და მისი მთავარი მიზანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მდიდარი თანამოაზრეების ფინანსების შეზღუდვა და სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის დამრღვევების დასჯა იყო. ეს იყო უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც რუსეთს მსოფლიო ბაზრებიდან განდევნის და უკრაინასთან ომის გამო ფართომასშტაბიანი სანქციების აღსრულების უზრუნველსაყოფად იყო შემოღებული“, – წერს სააგენტო.

ის პროკურორები, რომლებიც ამ ჯგუფში იყვნენ, თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ცვლილება 90 დღის განმავლობაში იმოქმედებს, თუმცა ამ ვადას, როგორც ჩანს, გააგრძელებენ ან სამუდამოს გახდიან.

უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გადამდგარმა გენერალმა კიტ კელოგმა New York Post-ს განუცხადა, რომ ტრამპი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები კი არ გააუქმოს, გაამკაცროს. ის ამტკიცებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების ხარისხი და ეკონომიკური ზეწოლა თუ რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს, 10-ქულიან შკალაზე, შესაძლოა, მხოლოდ სამი ქულით შეფასდეს.

კელოგის მტკიცებით, თავად აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები, რომელთა სამიზნე რუსეთის მომგებიანი ენერგო სექტორია, ნომინალურად ორჯერ მაღალია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა მათ გასამკაცრებლად. თუმცა ვოკერის ამ განცხადებას ოფიციალურად ჯერჯერობით ახალ ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს იმაზე მეტი სანქცია დაუწესა, ვიდრე ირანს, ვენესუელასა და ჩრდილოეთ კორეას ერთად აღებულს. მაგრამ მაინც ჩანს, რომ სანქციებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას პუტინის მხარდამჭერი დასანქცირებული ბიზნესმენები ძალიან კარგად ახერხებენ. უმეტესობამ თავიანთი ბიზნესი დუბაისა და სხვა ისეთ ადგილებში გადაიტანა, სადაც დასავლური იურისპრუდენცია არ მოქმედებს. ზოგმა კანონში იპოვა ხარვეზები და საქმიანობის გაგრძელება შეძლო. ასევე, ძალიან ბევრი ტვირთი რუსეთში არალეგალურად, მესამე ქვეყნების გავლით შეიტანეს, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან. განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი როლი სანქციების გვერდის ავლაში ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეიტანეს.

ოლიგარქების სტიმულირებისთვის კრემლი კი ფულს არ იშურებს. ცნობილი ეკონომიკური ჟურნალის „ფორბსის“ მონაცემებით, 2024 წელს რუსეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა თავიანთ ქონებას კიდევ 72 მილიარდი დოლარი შემატეს, რითაც მათი საერთო ქონება 577 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამით ნაწილობრივ აინაზღაურეს ის 353 მილიარდი დოლარი, რომელიც 2022 წლიდან სანქციების გამო იზარალეს. მანამდე, 2021 წელს, რუსი მილიარდერების საერთო ქონება 606 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რუსული ეკონომიკის მაჩვენებელი 2022 წელს სანქციების გამო 2.1 პროცენტით დაეცა, მაგრამ რუსეთი გლობალურ ბაზარზე ჯერაც ყიდის ნავთობს, ლითონს და სხვა ბუნებრივ რესურსებს, უმეტესად ჩინეთში, ინდოეთში, შუა აზიაში და ამით დასანქცირებული ბიზნესმენების ჯიბესაც ამდიდრებს.

2024 წელს ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან საქართველოს მიერთების შესახებ მოთხოვნა ჩაიწერა, რაზეც მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპული პასუხი გასცა და თქვა, რომ ეს იყო მოწოდება რეალურად, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, რათა ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებები მიეღოთ. ამ საკითხს კი ოპოზიცია მუდმივად ქვეყანაში პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებდა და ოპოზიციური მედიებიდან ცდილობდნენ იმ აღქმის შექმნას, თითქოს საქართველო ამით რუს ბიზნესმენებს ეხმარებოდა სანქციებისთვის გვერდის ავლაში. არადა რეალურად, დასაქნცირებული ბიზნესმენები ევროპაშიც მშვენივრად უვლიდნენ გვერდს სანქციებს.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ტრამპი უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით, პუტინთან დიალოგს აპირებს, შესაბამისად, ამისთვის ის ნიადაგს ამზადებს. ქართველიშვილი ამბობს, რომ სწორედ რუსი ბიზნესმენებისთვის სანქციების გაუქმება არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა.

„როგორც ცნობილია, ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის ემზადება. შესაბამისად, ის ამზადებს ნიადაგს მოლაპარაკების დაწყებისთვის. ყევლამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიზნესმენების დასანქცირება და რუსეთის ბიზნესის სანქცირება არაფრის მომცემია. ამან უკრაინის ომის დასრულებაში არანაირი წვლილი არ შეიტინა. ეს იყო სრული მარაზმი და აბსურდი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ მოიფიქრა. საქართველოს მოსახლეობასაც ახსოვს, ალბათ, როგორ გვაწვებოდნენ და გავიძულებდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საქართველოს ხელისუფლებაც შეერთებოდა. თითქოს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და საქართველო აფერხებდა უკრაინელების გამარჯვებას რუსებზე. ასევე ყველასთვის ცნობილია შემდეგ ამ სანქციებს როგორ ლამაზად და ცინიკურად უვლიდა გვერდს ევროპა და განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები. სწორედ ეს ქვეყნები არიან საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესიით გამორჩეულები. არადა, რუსეთში ალკოჰოლური სასმელები და სხვა პროდუქტები სანქციების გვერდით ავლით მშვენივრად შეჰქონდათ. ტრამპმა დაიწყო სიმართლის თქმა და იმ აბსურდის თამაშის დასრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთის გევრდის ავლით ომის დასრულებას აპირებდნენ. ბაიდენის ადმინისტრაცია რაღაცა კონფერენციებს ატარებდა, რომ უკრაინის ომის დასრულების გეგმა ეპოვათ, სადაც რუსეთი წარმოდგენილი არ იყო. აი, ასეთი აბსურდის თეატრის დასრულებას უყრის ტრამპი საფუძველს“,-ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიციას ბოლო აგურიც გამოეცალა, როცა სანქციების თემით სპეკულირებდნენ და პოლიტიკურ დღის წესრიგს მთლიანად ამაზე აგებდნენ. ქართველიშვილი ამბობს, რომ ტრამპის და „ოცნების“ პოლიტიკური ნაბიჯები ერთმანეთს ემთხვევა. იმას, რასაც „ოცნება“ ტრამპის მოსვლამდე საუბრობდა, ახლა აშშ-ს პრეზიდენტი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება.

„სანქციები საქართველოზე და ჩვენ ხელისუფლებაზე დამოკლეს მახვილივით იყო ჩამოკიდებული. ვნახეთ ის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ ტრამპის მოსვლამდე მოასწრო. ჩვენ ოპოზიციას მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი ამ სანქციების თემაზე ჰქონდა მიბმული. მუდმივად იმეორებდნენ, რომ აი, სანქციები იქნება და საქართველოს ხელისუფლება ჩამოიშლება. ასევე მხარს უჭერდნენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეერთებოდა. ახლა რას იტყვიან და როგორ დაემუქრებიან საკუთარ ქვეყანას? ტრამპი არის ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მთელს ამ უკუღმართობას და ტყუილს დაასრულებს. ვნახეთ ასევე „იუესადის“ ირგვლივ საქართველოს ხელისუფელბა როგორი მართალი იყო, როგორ ერეოდნენ ქვეყნის შიდა საქმეებში. ამიტო, მე აღარ ვიცი ამ ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას რისი და ვისი იმედი აქვს. ქვეყნის შიგნით სრული კრახი განიცადეს და საკუთარი ამომრჩევლებიც კი აგინებენ.

ახლა კი ამერიკის სახით დიდი დასაყრდენი გამოეცალათ. ქართველმა ხალხმა კიდევ უფრო ნათლად დაიანახა, ამ 3 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ როგორ დანის პირზე იარა იმისთვის, რომ ქვეყანა გადაერჩინა, რასაც ტრამპის გადაწყვეტილებები ყოველდღიურად ამტკიცებს და ის სიმართლე, რომლის თქმაც მისმა ადმინისტრაციამ დაიწყო. უკრაინას და მის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აღარ აქვს პრეტენზიების დრო, უკრაინის ომი უნდა დასრულდეს და ამას ტრამპი ნებისმიერ ფასად გააკეთებს“, - ამბობს ქართველიშვილი.