აშშ უკრაინაში ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს, რაც შესაძლოა, პუტინისთვის დათმობასაც ნიშნავდეს

აშშ უკრაინაში ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს, რაც შესაძლოა, პუტინისთვის დათმობასაც ნიშნავდეს

აშშ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, ფაქტობრივად, ეთხნხმება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია და უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს. ეს კი ანალიტიკოსებს უჩენს კითხვებს, ეს ნაბიჯი მშვიდობისკენ წინსვლაა თუ საჩუქარი პუტინისთვის?

აშშ-ს ეს გზავნილი ვოლოდიმერ ზელენსკიმ კიტ კელოგისგან მიიღო, რომელიც ტრამპის მიერ სპეციალური წარმომადგენელია და მას ომის 100 დღეში დასრულება აქვს დავალებული. კელოგი ტრამპმა ასეთი პირობით წარგზავნა, რომ არჩევნები, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის უნდა ჩატარდეს, განსაკუთრებით, თუ კიევი მოახერხებს რუსეთთან ზავის დადებას მომავალ თვეებში. ამერიკაში იმედოვნებენ, რომ შესაძლებელია, არჩევნების ჩატარება უკრაინასაც წაადგეს და აშშ-ის მცდელობასაც, შეწყდეს ომი მომავალ თვეებში.

კრემლი ხელიდან არ უშვებს ზელენსკის დისკრედიტაციას. ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ ახსენა, რომ ზელენკსი არალეგიტიმური პრეზიდენტია.

Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, 1 თებერვალს, კელოგმა თქვა, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს და უნდა ჩატარდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადების მერე, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვეში იქნეს მიღწეული.

„დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობას ჩაუტარებია არჩევნები ომის დროს. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიისთვის სასარგებლოა. ამაშია მტკიცე დემოკრატიის ხიბლი. გყავთ რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა“, - უთხრა კელოგმა Reuters-ს.

როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, ტრამპის ადმინისტრაციამ, არჩევნების თემა წინ წამოწია იმის იმედად, რომ ეს გააიოლებდა მოლაპარაკების პროცესს. თუმცა იმასაც არ გამორიცხავნ, რომ ამით რუსეთმა იხეიროს და ეს თემა პუტინმა მოლაპარაკების სანაცვლოდ ულტიმატუმის სახითაც კი წამოაყენოს.

უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს არჩევნების ჩატარებას საომარ მდგომარეობაში, რომელიც ზელენსკიმ შემოიღო 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და მას მერე ძალაშია, არაერთხელ გახანგრძლივების შემდეგ.

ზელენსკიმ ამ თემასთან დაკავშირებით ბრიტანელ ჟურნალისტთან ისაუბრა, რომელიც 4 თებერვალს YouTube-ზე გამოქვეყნდა.

„არსებობს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ ფუნდამენტური ადამიანური ფაქტორებიც... როგორ მოახერხებენ ჯარისკაცები სანგრებიდან ხმის მიცემას? როგორ უნდა მისცეს ხმა ადამიანმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან? მილიონობით ადამიანმა? როგორ? ნუთუ აღარ გვაღელვებს, რას ფიქრობენ ისინი, ვის სურთ ხმა მისცენ?“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ომის პერიოდში უკრაინაში არჩევნების ჩატარება რიგი მიზეზებიდან გამომდინარე შეუძლებელია. ეს ძალიან კარგად იცის, როგორც რუსეთმა ასევე ამერიკამ. ალადაშვილი ამბობს, რომ არაა გამორიცხული, ეს იყოს პუტინის მხრიდან მორიგი პირობა, რომელსაც ის დროის მოსაგებად გამოიყენებს.

„ძალიან კარგად არის ყველასთავის ცნობილი, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარება ომის პერიოდში ძალიან რთულია. ქვეყნიდან 6 მილიონამდე ადამიანი არის გაქცეული, ხოლო 4 მილიონამდე იძულებით გადაადგილებულია. აქედან 1 მილიონამდე კი შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. ესენი კი ერთად უკრაინის მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ. ასევე არსებობს იმის საშიშროება, რომ არჩევნების დღეს რუსეთმა დაბომბოს ის ადგილები, სადაც ხმის მიცემის პროცესი იქნება. რთულია სამხედროებისთვის ხმის მიცემის პროცესიც და ომის დროს არჩევნების დანიშვნა ასეთი მარტივი არ არის.

თუმცა იმაზე, რასაც ტრამპის წარმომადგენელი ამბობს, რომ არჩევნები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჩატარდეს, ეს მზაობა უკრაინის ხელისუფლებამაც გამოთქვა. არ ვიცი აქ ამერიკის ინტერესი რა არის და არის თუ არა მიზანი, პუტინს აჩვენონ, რომ რაღაცა დათმობაზე მიდიან. ან ზელენსკი ჩამოაშორონ პროცესებს - არც ერთი და არც მეორე გამორიცხული არაა. ფაქტია, რომ ტრამპი მიხვდა ამ ეტაპზე უკრაინის ომის დასრულება მართლაც 24 საათში შეუძლებელია და არც კონკრეტული თარიღების დანიშვნა არაა საჭირო. აქ ყველაზე ცუდი ისაა, რომ უკრაინა ახლა ძალიან ცუდ სიტუაციაშია და მას ახლა ცეცხლის შეწყვეტა ყველაზე მეტად აწყობს“, - ამბობს ალადაშვილი.

მისივე თქმით, არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ ზელენსკი არჩევნებს წააგებს. ერთი თვის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მისი პოპულარობა და რეიტინგი განსაკუთრებით სამხედროებში არის დავარდნილი, ხოლო უკრაინული საზოგადოება ამასთან დაკავშირებით უკვე ორად არის გაყოფილი.

„ბოლოს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით ზელენსკის არც თუ სახარბიელო რეიტინგი აქვს და მას უკრაინაში ძალიან პოპულარული ვალერი ზალუჟინი ბევრად უსწრებს. ამიტომ მე ეჭვი მეპარება, რომ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ის ისევ პრეზიდენტად დარჩეს. ზელენსკის მიმართ სამხედროებში განსაკუთრებული პრეტენზიები არსებობს. ასევე, პრეტენზიებია მისი ადმინისტრაციის და თავდაცვის მინისტრის მისამართით. ვიცი, რომ კორუფციული სქემების შესახებაც არაერთი კითხვა ისმება. ამიტომ ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა რთული არ იქნება, მთავარია რას და როგორ მოითხოვს პუტინი. მე მაინც მგონია, რომ ის თამაშობს და რეალურად, ამ ეტაპზე, არანაირ მოლაპარაკებაზე წამსვლელი არ არის. მას ახლა ფრონტის ხაზზე, ინიციატივა ხელთ აქვს, წინ და წინ მიიწევენ რუსები. ამიტომ ეცდება დრო გაწელოს და ამ თამაშში, როგორც ეს პუტინს სჩვევია, კიდევ მეტი მიწის მიტაცება მოახერხოს. ახლა ყველაფერი ტრამპზეა დამოკიდებული, რა სახის პრინციპულობას გამოიჩენს მის მიმართ. ის თუ პუტინს თამაშში არ აჰყვება და თავისი თამაშის წესებს შესთვაზებს, მაშინ კიდევ შესაძლებელია ის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ზეკლენსკიც მიხვდა, რომ ნატოში უკრაინას არავინ შეიყვანს და ისევე მოატყუეს, როგორც ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე. ამიტომ ვნახოთ რა პირობები ექნება პუტინს და რამდენად წავა ამ პირობებზე დასავლეთი“,-ამბობს ალადაშვილი.