გიორგი გახარია ორცეცხლშუაა. მან მოახერხა, ყველა გადაეკიდებინა-პოზიციაც და ოპოზიციაც. კოლექტიურმა ნაცებმა მისი მისამართით ბულინგი უკვე წამოიწყეს.
„რჩები პარლამენტში? ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“ - ამ სიტყვებით მიიტანა იერიში ანაკლიის პროექტის ჩამფუშველმა მამუკა ხაზარაძემ გახარიაზე.
გახარიას დაგმობაში ხაზარაძეს არც ნაცები ჩამორჩნენ და ანა წითლიძის პირით შეუთვალეს, ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდეს, რა სურს მას - ნამდვილი ოპოზიციონრობა, თუ „ოცნების“ დანამატად ყოფნა.
„აბსოლუტურად აბსურდული განცხადება გააკეთეს, რომ თურმე ეს მანდატები იმისთვის სჭირდებათ, აქციაზე რაღაც იმუნიტეტი ჰქონდეთ, რომ ვიღაცამ არ დააკავოს. ეს ძალიან სასაცილოა“, - ამბობს წითლიძე და მიიჩნევს, გახარია გაურკვეველ პოზიციაშია, თითქოს ნაცობას და ქოცობას ერთ სიბრტყეში აყენებს, გაურკვეველ ქარდებს ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც არ წყალობს ექსპრემიერს და ამბობს, რომ დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, გახარიას პარტიას, ანუ „ნაცმოძრაობის“ ბოლო წარმომადგენლობასაც შეუწყდეს მანდატი პარლამენტში, რადგან არცერთი უცხოელი აგენტის ადგილი არაა პარლამენტში.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ გახარიას თანაპარტიელების სახით 12 სასოწარკვეთილი ნაცი კვლავ დარჩა საკანონმდებლო ორგანოში. თუკი გადაწყვეტენ, დატოვონ პარლამენტი, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდის წევრები ამას მიესალმებიან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ფაქტია, გიორგი გახარია პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, მან და მისმა თანაგუნდელებმა მშვენივრად იციან, თუკი ისინი პარლამენტში არ დარჩებიან, საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური რადარებიდან.
ის, რომ გახარიას თანაგუნდელებს აბულინგებენ ნაცრადიკალები, გია აბაშიძისთვის გასაკვირი არ არის. ანალიტიკოსის აზრით, ის 49 დეპუტატი, რომლებმაც თავიანთი ნებით დატოვეს პარლამენტი, ნამდვილად განწირულნი არიან პოლიტიკური ფიასკოსთვის, გლობალურად დადგა პერიოდი, როდესაც გარე დონორებს შეეზღუდათ ფინანსების უყაირათოდ ხარჯვა რადიკალურ ოპოზიციონრებზე, ამიტომ პროტესტები, დემარშები, ობსტრუქცია, პოლიციასთან დაპირისპირება არაფერს მოუტანთ. რაც დრო გავა, ხაზარაძის, გვარამიას და „ნაცმოძრაობის“ სამი პარტია ისე დაკნინდება, სათქმელი აღარ ექნებათ. მით უმეტეს, ფინანსური პრობლემების ფონზე, როცა საკუთარ ტელევიზიებს კვეცენ.
„რჩება მხოლოდ „ტვ პირველი“, რომელსაც თაღლითი ხაზარაძე აფინანსებს. ვის რუსულ პროექტზე ლაპარაკობს ხაზარაძე, როდესაც თავის დროზე თვალთმაქცურად ანაკლიის კონსორციუმში შემოჰყავდა ვითომ ობშორული კომპანიები და ისინი იყვნენ რუს ისტებლიშმენტთან დაკავშირებული ბიზნესმენები. რაც შეეხება გახარიას, კანონის მიხედვით, მას აქვს გარკვეული დრო მაისამდე. თუ არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, ბუნებრივია, კანონის ძალით წაერთმევათ მას და მის პარტიას მანდატები“, - აცხადებს გია აბაშიძე და მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს არაფერში სჭირდება პარლამენტში იმ ტოქსიკური პოლიტიკანების გვერდით ყოფნა, რომლებიც მხოლოდ მტრობენ საქართველოს, არ არიან ორიენტირებულნი საპარლამენტო საქმიანობაზე, კანონშემოქმედებაზე.
გია აბაშიძის განმარტებით, მსგავსი სცენარები გვინახავს წინა მოწვევის პარლამენტებშიც, ე.წ. ბოიკოტები, ხულიგნობა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, დერეფნებში. არადა, ნებისმიერ მმართველ გუნდს სჭირდება კონსტრუქციული ოპონენტი, რომელთანაც იკამათებს ამა თუ იმ პროექტსა და გადაწყვეტილებაზე. გახარიას თანაგუნდელები არანაირად არ გამოირჩევიან კონსტრუქციულობით და შინაარსობრივი პაექრობით. ამიტომ ამ უახლესი კვირების თუ თვეების განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ, რას იზამს გახარია, საბოლოოდ გადაწყვეტს, დარჩეს პარლამენტში, თუ თავს გააძევებინებს კანონის ძალით. ეს ძალზე საინტერესო იქნება.
„რაც შეეხება ე.წ. 12 ნაცს, როგორც ამას ხელისუფლება უწოდებს, ცხადია, ისინი გახარიას თანაგუნდელები, ანუ კოლექტიური ნაცები არიან. მათ ნაცვლად პრაგმატულ და საქმეზე ორიენტირებულ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ძლიერი არსობრივი კონკურენტი და არა დეპუტატის მანდატის მქონე ხულიგნები, რომლებიც დესტრუქციაზე არიან გადასულნი. ასე რომ, საინტერესო გაზაფხული გველის, მით უმეტეს, გლობალურად ბევრი საკითხი ელვის სისწრაფით იცვლება, ეს იქნება იუესაიდის ფრთების შეკვეცა, უკრაინაში ომის დასრულება. საქართველოს სხვა გამოწვევები და საკითხები აქვს გადასაწყვეტი. ძალიან კარგი იყო მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივები ქვეყნის დაცვისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, ამას ხელს შეუწყობს ის კანონპროექტებიც, რომლებსაც უახლოესი ორი თვის განმავლობაში მიიღებენ. პლუს ამას, პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია, ერთხელ და სამუდამოდ გასამართლდეს „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ-მოღალატეობრივი საქმიანობა. დროებითი საპარლამენტო კომისია შექმნილია, ამიერიდან ბევრი სიურპრიზი გასაჯაროვდება. ზოგიერთი ნაცი შეიძლება შეეწინააღმდეგოს კიდეც ამ ყველაფერს, ქვეყნიდან გაქცევას ეცადოს“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრის, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის აზრით, ის, რომ გიორგი გახარია გარე ძალებმა შემოიყვანეს პოლიტიკაში, პროტექციონიზმით დაწინაურდა და მიაღწია კიდეც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინათ. ამისთვის აიყვანეს გახარია ამხელა სიმაღლეზე, ამისთვის მისცეს დაფინანსება, ამაში იყო ჩადებული გარე ძალების ძალისხმევა, რომლის სამსახურშიც იყო გახარია. თუმცა მოვლენების ასეთნაირად განვითარებამ მსოფლიოში უზრუნველყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამარცხება არ შედგა.
„ჩვენ თუ ვთანხმდებით იმაში, რომ ეს სრული გუნდი, რომელიც დღეს ოპოზიციურ ნიშას იკავებს, არის მონურ მორჩილებაში მყოფი აგენტურა, მაშინ, რა თქმა უნდა, გახარიაც ამაში მოიაზრება. გახარიას ისეთ დროს გადაადგმევინეს ნაბიჯი, ათქმევინეს უარი პრემიერ-მინისტრობაზე და გაუშვეს ოპოზიციაში, როცა ეს წარმოუდგენელი იყო. რა დონეზე მართული იყო ეს ადამიანი. არადა, პრემიერობაზე უკეთესი თანამდებობა რა უნდა ჰქონოდა, რაზედაც უარი თქვა გარე ძალების დავალებით. არა მგონია, ახლა გახარიას ოპოზიციონერობა მომხიბვლელი იყოს დასავლეთისთვის, თავისი შედეგიდან გამომდინარე. ოპოზიციის ყველა ლიდერმა სერიოზულად ჩააფლავა გეგმა, რომელიც დასავლეთს ჰქონდა საქართველოს მიმართ. ქართველი ხალხის გონიერების შედეგი იყო გარე ძალების გაგმის ჩაფლავება, თუ ოპოზიციის უუნარობის, ფაქტია, ისინი ფულს იხდიდნენ შედეგში. შედეგი კი იყო წაგება, ამიტომ ვეჭვობ, დასავლეთს აღარ სურს ამ ლიდერების შენარჩუნება, რომლებიც ახლა პარლამენტს ებღაუჭებიან“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.
ამასთან, იხსენებს კრიტიკულ პერიოდს, როცა პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში ტაძრები იკეტებოდა და მხოლოდ ქართულ ტაძრებში ისმოდა წირვა-ლოცვა, მაშინდელი პრემიერი გახარია პატრიარქთან შესული იყო, რათა მოლაპარაკება ეწარმოებინა ტაძრების დახურვასთან დაკავშირებით. მათ სურდათ, ერთი კოვზით ზიარების ნაცვლად ერთჯერადი კოვზები და ნოუ-ჰაუები შემოეტანათ, მაგრამ ჩვენმა ეკლესიამ თავისი გაიტანა და გამოცდას ქართველმა ერმა ამ მიმართულებითაც გაუძლო.
თვალებიდან რომ უჟონავს უტვინობა ?!
თვალებიდან რომ უჟონავს უტვინობა ?!