„მეცნიერების აზრით, სინთეტიკური ხორცის წარმოება ადამიანთა ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც ოდესღაც სამონადირეო ცხოვრების წესის მეცხოველეობით შეცვლა იყო. უახლოეს მომავალში დაიწყება საკვებად სრულიად ვარგისი სინთეტიკური ხორცის სოსისების წარმოება“, – განაცხადა ნიდერლანდების მაასტრიხტის უნივერსიტეტის პროფესორმა მარკ პოსტმა, რომელმაც ლაბორატორიულ პირობებში ხელოვნურად გამოიყვანა „კუნთები“.
ტექნოლოგია კი ასეთია: იღებენ ღორის ღეროვან უჯრედებს და „კვებავენ“ ცხენის ემბრიონის სისხლის შრატით. ამ ხერხით მან შეძლო კუნთების ფირფიტების გამოყვანა, რომელთა სიგრძე 2,5 სანტიმეტრი, ხოლო სიგანე – 0,7 სანტიმეტრია.
პოსტი ცდილობს, ისინი ხორცს დაამსგავსოს, რადგან „ხორცი“ არცთუ ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება. ის აპირებს ძროხის ღეროვან უჯრედებზე მუშაობას და დიდი იმედი აქვს, რომ შექმნის „საქონლის ხორცს“ ჰამბურგერისთვის.
შვედეთის ლინკეპინგის უნივერსიტეტის ბიოეთიკის სპეციალისტს, სტელან ველინს მიაჩნია, რომ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, მიირთვან ამ იშვიათი „ცხოველის“ პროდუქტი - სინთეტიკური ხორცი.
ერთი კია, რომ ემბრიონის სისხლის კვებას თან გარკვეული რისკი ახლავს - პრიონების ან სხვა მომწამლავი ტოქსიკური ნივთიერების შემცველობა. ამიტომ, მეცნიერები ცდილობენ, ლაბორატორიული ხორცის უსაფრთხო მკვებავი გამოიმუშაონ ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების საფუძველზე.