ქართველ ენჯეოებს ქართულმა „გამჭვირვალობამ“ აწყინათ, ახლა მიიღებენ რადიკალურ, ამერიკულ FARA-ს

ქართველ ენჯეოებს ქართულმა „გამჭვირვალობამ“ აწყინათ, ახლა მიიღებენ რადიკალურ, ამერიკულ FARA-ს

მმართველი გუნდი როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლებრივი მიმართულებით ამკაცრებს კანონმდებლობას. მომდევნო ორი თვის განმავლობაში მკაცრდება ანტინარკოტიკული პოლიტიკა; ასევე მკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა; გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები; შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. კერძოდ, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება. ეს იქნება პირდაპირი ან ირიბი სახელფასო დანამატი, ტრენინგი თუ ვიზიტი.

მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და დაინიცირდება მედიის კანონი, კერძოდ ბრიტანული მოდელი. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები, შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. ამ გადაწყვეტილებას მდინარაძე აშშ-ში მიმდინარე სკანდალით ხსნის, რომლითაც აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში არეულობის და რევოლუციის მხარდაჭერას.

„შარშან პარლამენტმა მიიღო „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია. თუმცა, იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ, ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ, მის ნაცვლად, მივიღებთ ახალ, ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას.

პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საუკეთესო საშუალებაა, ამერიკული FARA-ს კანონის პირდაპირ კოპირება ჩვენი რეალობისთვის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავის უნდა ჰქონდეს უფლება, „ენჯეოების“ უცხოური დაფინანსებით სცადოს ხელისუფლების ცვლილება.

„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაზეც ახლა ღიად ალაპარაკდა აშშ-ის ახალი ხელისუფლება. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საშუალებაა ამერიკული FARA-ს კანონის პირდაპირ კოპირება ჩვენი რეალობისთვის. დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, დისკუსიების საგანი. რა თქმა უნდა, „ენჯეოები“ არ მოქმედებდნენ შედარებით რბილი კანონის მიხედვითაც. ძალიან ბევრი „ენჯეო“, მათ შორის ძალიან მდიდრები, თავს იკავებდნენ რეგისტრაციისგან და ამას ჰქონდა ძალიან კონკრეტული მიზეზი. კერძოდ, ის, რომ მათ არ სურდათ საკუთარი რევოლუციური პროექტების წარმოჩენა ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ამოცანა, ეს არის სუვერენიტეტის დაცვა. არავის უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ „ენჯეოების“ უცხოური დაფინანსებით სცადოს ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ამას ემსახურება ამერიკული FARA-ს ანალოგიური კანონის მიღება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მედიის კანონს, პარალამენტის თავმჯდომარის გაცხადებით, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა. შესაბამისად, მიღებული იქმება ბრიტანული მოდელი და თუ მიღებულ სტანდარტებთან დაკავშირებით რაიმე კითხვა გაჩნდება, ასეთ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილის განცხადებით შეუძლიათ მიმართონ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში.

„ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, ვნახეთ, რომ თურმე აშშ-ს ბიუჯეტიდან სხვადასხვა ორგანიზაციების საშუალებებით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, გავლენა ამა თუ იმ ქვეყანასა თუ საერთაშორისო მედიის დონეზე. აქაც ვნახეთ მხილებები თუ როგორ იჯდა დაფინანსებაზე ესა თუ ის მედია იმისთვის, რომ ზუსტად ის პროპაგანდა გაეტარებინა, რომელიც დამფინანსებელს სურდა.

მეორე, ჩვენ ვსაუბრობთ „FAKE ნიუსებზე“, როგორც მთავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს „FAKE ნიუსებს“, ამას საქართველოშიც ვხედავთ ხშირად. ასე რომ, „FAKE ნიუსებთან“ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც, რა თქმა უნდა უნდა, ვებრძოლოთ. ამიტომ, არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს - ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ. რამე კითხვებია ამ სტანდარტთან დაკავშირებით? - მიმართეთ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ. ან თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უფრო გამკაცრებული იქნება თუ არა მედიასთან მიმართებით არსებული კანონები, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ გამკაცრდება, არამედ იქნება უფრო ეფექტური, რომ დეზინფორმაციამ არ მოატყუოს და დააბნიოს საზოგადოება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამერიკელებმა ანახეს „ინვოისები“ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ერიცხებოდა ფული სხვადასხვა მედიას, რომ დამფინანსებლის გავლენა გატარებულიყო ამ მედიასაშუალებით.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, მმართველი პარტია საკანონმდებლო ინიციატივა და ამერიკული FARA-ს ანალოგის მიღება არის წინგადადგმული, მაგრამ მაინც ნახევარნაბიჯი. მისი თქმით, საიდუმლო არ არის, რომ უცხოური გრანტები საქართველოში უცხო სახელმწიფოს გავლენის ოპერაციებისთვის ფართომასშტაბიანად გამოიყენება.

„გრანტების მეშვეობით ხდება ქვეყანაში მედია გარემოს, პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგის ხელოვნური ჩამოყალიბება. ამავე გრანტების მეშვეობით განათლების, ჯანდაცვის და კულტურის სფეროში ხდება ისეთი ინიციატივების ინიცირება, რომელიც სერიოზულ კითხვებს ბადებს და ზოგ შემთხვევაში ხიფათს წარმოადგენს. გრანტებით ხდება გავლენის აგენტურის მოსყიდვა და სასარგებლო იდიოტების მიზიდვა.

600-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოურ გრანტებს იღებს. ვიცით, რომ უფასო ფული არ არსებობს. ყველა ფულს მოყვება ვალდებულებები. ეს ვალდებულებები კი, ხშირ შემთხვევაში, არ ემთხვევა საქართველოს ეროვნულ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს. საგრანტო მექანიზმს უცხო სახემწიფოების სპეცსამსახურები იყენებენ, როგორც საფარს და ამ საფარქვეშ ინფორმაციას აგროვებენ, ავრცელებნ მათთვის სასურველ დღის წესრიგს. მართალია მცირე ნაწილი, მაგრამ არსებობს გრანტები, რომელიც სასარგებლო საქმეებსაც ხმარდება“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

პოლიტოლოგის განცხადებით, სახელმწიფოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, კანონით აიკრძალოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უცხოური ფულით დაფინანსება და ასევე, კანონით აიკრძალოს უცხოური გრანტების უშუალო გაცემა საქართველოში რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის.

„შეიქმნას პრემიერ-მინისტრთან საზოგადოებრივი ფონდი, სადაც უცხოურ დონორებს მიზნობრივი პროექტებისთვის გრანტების ჩარიცხვა შეეძლებათ. საზოგადოებრივი ფონდი, დადგენილი კრიტერიუმებით, გამჭვირვალედ და კონკურსის საფუძველზე, პროექტის შემსრულებელ ორგანიზაციას თავად შეარჩევს. სახელმწიფომ გამოყოს გონივრული რაოდენობის თანხა საქართველოში რეალური სამოქალაქო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად.

მომზადდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების ე.წ. პოლონური მოდელის დანერგვის საკითხი სამომავლოდ, რომელის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ამ მოდელით ყველა ფიზიკური პირი საშემოსავლო გადასახადიდან თავად ირჩევს იმ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 1%-ს ჩაურიცხავს. დღეს ამ ქმედებების სისრულეში მოსაყავანდ იდეალური საერთაშორისო ფონია, რომელიც მომავალში შეიძლება აღარ იყოს“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის შეფასებით, ნელ-ნელა უახლოვდებიან „დაუძინებელი მეგობრების“ საკანონმდებლო გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთ მეტად აქტუალურ - დეზინფორმაციასთან, ცილისწამებასთან და ცრუ-ინფორმაციის განზრახ თუ გაუფრთხილებლობით გავრცელებასთან ბრძოლის სფეროს.

„ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მავნებლობის აღნიშნულმა ფორმამ საქართველოში ტოტალური ხასიათი მიიღო და მოიცვა ჩვენი ყოველდრიურობის მრავალი სეგმენტი - მედიიდან, ჯანდაცვის სფეროდან პოლიტიკამდე. თანაც ყოველივე ეს მიზანმიმართულად ხორციელდება თითქმის სრული სამართლებრივი დაუსჯელობის პირობებში. ამ მავნებლობას სხვადასხვა ქვეყანაში მკაცრად არეგულირებს კანონმდებლობა, სადაც ცრუ ინფორმაციის გავრცელება დასჯადია სისხლის-სამართლებრივი წესით“, - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი იხსენებს, რომ წლებია, რაც საფრანგეთმა მიიღო „კანონი ინფორმაციის მანიპულირების შესახებ“. აღნიშნული კანონის მოთხოვნათა ფარგლებში, ფრანგულ საგანმანათებლო სისტემაში ფრანგი ბავშვები სკოლიდანვე სწავლობენ ცრუ ინფორმაციის გარჩევის „ხელოვნებას“, ამ მიზნით „მედია და საინფორმაციო განათლების ცენტრი“ ყოველწლიურად ატარებს პრესისა და მედიის კვირეულს სკოლის მოსწავლეებისთვის.

„მათ ასწავლიან მედია სივრცის სწორ აღქმას და ამ სისტემის მუშაობის საფუძვლებს, ახალი ამბების კრიტიკული აზროვნების ჭრილში გატარებასა და მათ სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებას. აღნიშნული ღონისძიებები ტარდება ადგილობრივი გაზეთების, ტელეარხების ან რადიოსადგურების რედაქციებთან ერთად. მილიონობით დამწყები სკოლის მოსწავლე, კოლეჯის სტუდენტი და საშუალო სკოლის მოსწავლე ეუფლება ინფორმაციის გადამოწმების, მისი წყაროების მოძიებისა და ანალიზის საფუძვლებს - როგორც საგანმანათებლო სფეროს ერთ-ერთ დარგს. გარდა ამისა, ყველა წამყვან ფრანგულ მედიას აქვს სპეციალური განყოფილებები ყალბი საინფორმაციო მასალების გამოსავლენად.

გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში, წინასაარჩევნო პერიოდში, საფრანგეთის მიერ მიღებული იქნა კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი - „საარჩევნო პერიოდში ცრუ-ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ კანონი“, რომელიც ასევე ამკაცრებს კონტროლს სოციალურ ქსელებში პოსტების მეშვეობით ცრუ-ინფორმაციების გავრცელებაზე. კანონის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე რეგისტრირებულ კანდიდატს, პარტიას ან მოქალაქეთა გაერთიანებას შეუძლია სასამართლო წესით მოითხოვოს სოციალური ქსელებიდან ან მედიიდან ისეთი მონაცემების ამოღება, რომლებიც მათ გაყალბებულად მიაჩნიათ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

Gami USAID- თან დაკავშირებით ყველაფერი ერთ ქვაბში არ უნდა ჩაიყაროს; საქართველოში შემოსვლის დღიდან USAID მა ბევრი კარგი პროექტი განანახორციელა სხვაფასხვა სფეროში. შემდგომ მკკვეთრად შეცვალა პოზიცია და მის მიერ დაფინანსებული პროექტები იყო საქართველოს ხალხისა და ხელისუფლების წონააღმდეგ. უნდა გაკეთდეს განხორციელებული პროეექტების ჩამონათვალი, " კარგი" და "ცუდი" პროექტები უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან. ვერავინ ვეღარ დაგვაბრალებს უმადურობას და გარდა ამისა ყველა დაინახავს USAID ის დეგრადაციას.
42 წუთის უკან