მარკო რუბიო: USAID ამერიკის ელჩებს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას აიძულებდა

მარკო რუბიო: USAID ამერიკის ელჩებს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას აიძულებდა

USAID-ის ირგვლივ სკანდალი ყოველ დღე ახალ სახეს იღებს. „ქართული ოცნების“ განცხადებები აშშ-ის ელჩების წინააღმდეგ, რომ ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდნენ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა. რუბიო ამბობს, რომ სახდეპის ოფიციალური პირებისა და ელჩებისგან არის პრეტენზია, რომ USAID ძირს უთხრის საქმეს, რასაც აშშ აკეთებს ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს აღაშფოთებს მასპინძელ მთავრობას, ვისთვისაც ცდილობენ, რომ იმუშავონ.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID, ისევე როგორც NED და სხვა ინსტიტუციები, მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამის შესახებ მას არაერთხელ უსაუბრია. ამიტომ რუბიოს განცხადება მათთვის უცხო ფაქტი არ არის.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, შეიცვლება აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი სოციალურ მედიაში გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ USAID-სა და სხვა სააგენტოებში მილიარდობით დოლარი იყო მოპარული.

მისი თქმით, ამ თანხის დიდი ნაწილი გადაეცა მედიასაშუალებებს, რათა მათ „დემოკრატების“ შესახებ პოზიტიური სტატიები შეექმნათ.

„როგორც ჩანს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-სა და სხვა სააგენტოებში. ამ თანხის დიდი ნაწილი გადაეცა „ფეიკ ნიუს“ მედიას, როგორც ანაზღაურება „დემოკრატების“ შესახებ კარგი სტატიების შესაქმნელად“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს შესაძლოა იყოს ყველაზე დიდი სკანდალი ისტორიაში, რომელსაც „დემოკრატები“ ვერ გაექცევიან.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არიან საქართველოში ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც პირდაპირ გამოიყენებოდნენ რევოლუციის მოსაწყობად და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

USAID-ის დაფინანსებულმა ენჯეომ, ISFED-მა გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები 2020 წელს, რასაც მოჰყვა რევოლუციის პირველი მცდელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

„რევოლუციის მცდელობის ავანგარდში დგანან სწორედ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები, ესენი არიან აშშ-დან დაფინანსებული ენჯეოები, USAID, NED, რასაც ღიად აკრიტიკებს უკვე ახალი ამერიკული ადმინისტრაცია და ესენი არიან ასევე ევროკავშირთან დაკავშირებული ფონდების მიერ იგივე EED-ს მიერ დაფინანსებული ენჯეოები.

ეს ყველაფერი არის საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის და ამას სჭირდება რეგულაცია სწორედ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გზით და ამას ემსახურება ამერიკული „ფარას“ მიღება ჩვენს ქვეყანაში. ამას ალტერნატივა, უბრალოდ, არ აქვს, თითოეული ცენტი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, უნდა იყოს გამჭვირვალე ქართული საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის, იმისათვის, რომ ქართველი ხალხი არავინ შეიყვანოს შეცდომაში. ასევე, „კანვასი“, რომელიც USAID-ის დაფინანსებით აორგანიზებდა ტრენინგებს, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენ როცა ვამბობდით, რომ ამის მიზანი იყო რევოლუციური პროცესების წახალისება, ვიღაცები ირონიულად გვპასუხობდნენ, რომ როგორ შეიძლება შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები ვიღაცამ გამოიყენოს რევოლუციისთვის. თუ დააკვირდებით ახლა რევოლუციის ამ ჩავარდნილ მცდელობას, წინა ფრონტზე გამოიყვანეს სწორედ შემოქმედებითი სფეროს, თეატრის, კინოს და სხვა სფეროების წარმომადგენლები. ეს იყო მიზანმიმართული პროცესების შედეგი. USAID „კანვასის“ ტრენინგებს ატარებდა, ცდილობდა რევოლუციის მოწყობას. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. უცხოელი აგენტების ხელით არ შეიძლება ამ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, რასაც ბოლო 3 წლის მანძილზე ხელსიუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათი დამფინანსებლებზე USAID-ზე და NED-ზე საუბრობდა, ყველაფერი დამტკიცდა. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მილიონობით და მილიარდობით დოლარი კორუფციულ სქემებში იფლანგებოდა და საქართველოსთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გასაჯაროვებულა.

„NED ერთ-ერთ მედია საშუალების თანამშრომლებს ხელფასს პირდაპირ და დაუფარავად ურიგებდა. ასევე, დაარქვეს აქციას რაღაცა რუსული მარშის სახელი და ხალხს პრემიებს ურიგებდნენ. ვიცით ფულს რა ძალა და გავლენა აქვს. აქ საქმე გვაქვს უკვე სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობასთან, რადგან ვიღაც გარკვეულ ჯგუფს ეს ხელისუფლება არ მოსწონდა. დიდი ბოდიში უნდა მოვუხადო ყველას, რომ ეს ხელისუფლება მოსწონთ თუ არა, მას მილიონ ორასიათასმა ადამიანმა ხმა მისცა. კეთილი ინებონ და ჯანსაღი ოპონირება გაუწიონ ან შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადონ. საქართველოში რომ რევოლუციის დაფინანსების მცდელობა სწორედ ამ ორგანიზაციების მიერ ხდებოდა და ენჯეო სექტორი აქ გადატრიალებას აწყობდა, ეს ხომ უკვე დღესავით ნათელია.

იგივეს აკეთებდნენ უკრაინაშიც, მაგრამ საქართველოში ეს არ გამოუვიდათ. უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ თავად უშუალოდ ელჩები ერეოდნენ ქვეყნის შიდა საქმეებში, ამას უკვე ღიად ამერიკის ადმინისტრაცია ამბობს. USAID-ის მიერ ამერიკის ელჩები იყვნენ ზომბირებულები. ამ ხალხს მიჰყავდა რევოლუციური მცდელობების აღლუმი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ეს ორგანიზაცია სახელმწიფოში სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელსაც არანაკლები საცეცები აღმოაჩნდა რიგი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩასარევად. ამ ყველაფერმა კი არასამთავრობო სექტორს საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, სერიოზული დაღი დაასვა“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, პირდაპირ მარკო რუბიო საუბრობს იმაზე, რომ ამ ორგანიზაციას ელჩები ჰყავდა შევიწროვებული და დაშინებული. საელჩოებში იყო მათი ოფისები და რას აკეთებდნენ და როგორ აკეთებდნენ, კაცმა არ იცის.

„იგივე ხდებოდა ჩვენთანაც, ხომ არავისთვის არის უკვე დაფარული, რომ საქართველოს ომში ჩართვა ელჩის პირით მოსთხოვეს. თეა წულუკიანმა ისაუბრა, როგორ ურტყამდა მაგიდაზე ერთ-ერთი ელჩი ხელს და დირექტივებს აძლევდა ქვეყნის მინისტრს. დარწმუნებული ვარ, ეს ამერიკის ელჩი იყო. თეამ კი თქვა, რომ არა, მაგრამ მას არ ეშლება დიპლომატიური საუბარი. წარმოიდგინეთ, კულტურის სფეროს გაკონტროლებაც კი უნდოდათ. ჩვენ ისიც გვინახია მეზობლებს შორის ავტოფარეხის გამო დაწყებულ საქმის გარჩევაში როგორ ჩაერთო ამერიკის ელჩი. ეს იყო ის უბედურება, რაც თავზე მოგვახვიეს. ერთი მხრივ ამან გამოიწვია ცუდიც და კარგი შედეგებიც. ცუდი ისაა, რომ ამ ენჯეო სექტორმა და მათმა არასწორმა ქცევებმა, იგივე ელჩებმა, ქართველ ხალხს აფიქრებინეს, რომ ამერიკელები არ არიან ჩვენი მეგობრები. ხოლო კარგი შედეგია ის, რომ ჩვენ აღმოგვაჩნდა საკმაოდ ძლიერი და პრინციპული ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის სუვერენიტეტი არ დათმო“,-ამბობს ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, ერთ-ერთი კარგი ახლა ისაა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის და საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებები ბევრ რამეში ერთმანეთს ემთხვევა.

„აშშ-ს ხელისუფლება აქცევს ყურადღებას იმას, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს და მათ შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერთონ. ხოლო პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ასევე ამ ხელისუფლებისთვის. აქედან გამომდინარე, ტრამპი ახლა ყველას უყურებს იმ კუთხით, რომ მათთან სურს თანამშრომლობა, რადიკალურად დაპირისპირებულ ქვეყნებთანაც კი რაღაცაზე მორიგდა. ამიტომ საქართველოს აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ, რის გამოც ამერიკას ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობა უნდა. საქართველო ამერიკისთვის არის სამხრეთ კავკასიაში კარგი გასაღები და ჩვენი ქვეყნის მეშვეობით აქ ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარება შეუძლია სხვა მეზობელ ქვეყნებთანაც“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.