შავი ზღვის ელექტროკაბელით რეგიონის სხვა ქვეყნებიც ინტერესდებიან

შავი ზღვის ელექტროკაბელით რეგიონის სხვა ქვეყნებიც ინტერესდებიან

შავი ზღვის ელექტროკაბელის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. მნიშვნელოვან ენერგეტიკულპროექტში ჩართვის სურვილს სხვა სახელმწიფოებიც გამოხატავენ. ეს ნიშნავს, რომ 2 წლის წინ დაგეგმილი ენერგოპროექტის განხორციელება რეალურ ფაზაში გადადის.

ბუქარესტში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით წარმატებით დასრულდა ერთობლივი საწარმოს, Green Energy Corridor Power Company - GECO POWER COMPANY რეგისტრაციის პროცესი. ერთობლივი საწარმო, ამ ეტაპზე, მწვანე ენერგიის კორიდორის კვლევითი და საპროექტო საქმიანობით იქნება დაკავებული. შესაბამისად, მისი შექმნის მიზანს წარმოადგენს მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის რეალიზება, რაც, ითვალისწინებს შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის მშენებლობას.

სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე შეთანხმებითა დამწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებმემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების რეალიზაციის მიზნით აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის 2023 წლის 25 ივლისს ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც გაიწერა ერთობლივი საწარმოს შექმნის ზოგადი პრინციპები.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ერთმანეთთან პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის, ხოლო ფართო კონტექსტში - სამხრეთ კავკასიის და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს. წყალქვეშა ძალოვანი კაბელის მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღია 2030 წელი. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ, რომელიც იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI- განახორციელა, დაადგინა, რომ აღნიშნული პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.

ამასობაში სომხეთმა შავი ზღვის ელექტროკაბელის მშენებლობაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს გააკეთა.

ოფიციალური ერევანი მზადაა წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. ფაშინიანმა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ სომხეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ფართო რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით ურთიერთობა გაძლიერდეს.

ხაზი გავუსვი იმ პროექტს, რომელიც შემოგვთავაზეს ჩვენი მთავრობის წევრებმა. ეს არის მშვიდობის გზაჯვარედინი და რეგიონში ყველა ქვეყნის მონაწილეობა. რაც შეეხება ფართო რეგიონულ თანამშრომლობას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა. ჩვენ მზად ვართ, შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. მშვიდობა და სტაბილურობა არ მიგვიღია მოცემულობად, ჩვენ არსებულ მდგომარეობას რეალობად ვისახავთ. ქართველ კოლეგას ვესაუბრე ამ საკითხზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გავუსვი იმას, რომ სომხეთმა კონკრეტული გამოსავლის გზები შესთავაზა აზერბაიჯანს და ჩვენ ველით, რომ სტრატეგიული პასუხიც მოვა ბაქოდანაც, - განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, თუმცა ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე კაბლის დატვირთვა მცირეა და ეკონომიკური კუთხით სხვა ქვეყნის ჩართვა ჯერ არ იქნება მომგებიანი.

თუ დღევანდელ განზომილებას ავიღებთ და ჩავთვლით, რომ კაბელით მაქსიმუმ 1500 მეგავატის გატარება მოხერხდება, მაშინ ვიტყვი, რომ არ არის ეს ის მოცულობა, პროექტში ეკონომიკური თვალსაზრისით, კიდევ ვიღაცის შემომატება იყოს საინტერესო. კაბელის საპროექტო დატვირთვა ამ ეტაპზე მცირეა და კიდევ სხვა სახელმწიფოს ჩართვა არ იქნება საინტერესო, ზედმეტად მიმაჩნია.

ისე კი, საუბარია, რომ წყალქვეშა კაბელით გატარებული ენერგიის მოცულობა შემდგომში არა მხოლოდ 1500 მეგავატი იქნება, არამედ 4000 მეგავატამდე გაიზარდება. თუკი ეს მართლაც მოხერხდება, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სხვებისთვისაც გამოიძებნოს ადგილი, - აღნიშნა არაბიძემ.

შავი ზღვის 1155 კილომეტრი სიგრძის წყალქვეშა კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, იქიდან კი - უნგრეთს. კაბელის ზღვის ფსკერზე გატარების შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი.