დონალდ ტრამპმა USAID-ს განაჩენი გამოუტანა, ამ ორგანიზაციის ეგიდით განხორციელებული საქმეები შესაძლოა, ფბრ-ის კვლევის საგანი გახდეს. აღმოჩნდა, რომ USAID-ის დემოკრატიის საფარქვეშ ბოროტება იმალებოდა. ტრამპი ამბობს, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) რადიკალი შეშლილები მართავდნენ და ამიტომაც მათი გაშვების დრო მოვიდა.
იუსაიდის წლიური ბიუჯეტი 43 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს ორგანიზაცია აშშ-ის დახმარების მართვასა და განვითარებას უზრუნველყოფდა. ბოლო დღეებში იუსაიდის ათეულობით თანამშრომელი შვებულებაში გაუშვეს.
იუსაიდი საქართველოში 1992 წლიდან მუშაობდა და, როგორც ამბობენ, ცალკეული კარგი პროექტების გარდა, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა და სხვა, ეს ორგანიზაცია თავისი პროფილისთვის შეუფერებელი საქმიანობითაც იყო დაკავებული, მათ შორის, რადიკალების „ტრენინგებითაც“. ყოფილი ელჩი კელი დეგნანი ხშირად აყვედრიდა საქართველოს, რომ ამერიკელმა ხალხმა წლების განმავლობაში 6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს, მათ შორის, იუსაიდის მეშვეობით, მაგრამ კელი დეგნანი არაფერს ამბობდა ამ ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ საეჭვო პროექტებზეც.
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი იუსაიდს კრიმინალურად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ტრამპი იუსაიდის დახურვას დათანხმდა. მასკი ვიდეოკოლაჟსაც აზიარებს, სადაც საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების კადრებიცაა.
მასკი იმასაც ამბობს, რომ როცა იუსაიდის მოკვლევა დაიწყეს, დახვდათ არა ჭიანი ვაშლი, არამედ ჭიების გორგალი, ჭიის ამოღება შესაძლებელია, მაგრამ ჭიების გორგლიდან ჭიების ამოღებას აზრი არ აქვს, იუსაიდი ჭიების გორგალია, ის უბრალოდ უნდა მოიშორო, მისი შეკეთება შეუძლებელია.
ტრამპის სპეცწარმომადგენელი, დიპლომატი რიჩარდ გრენელი ამერიკელებს მიმართავს, „რასაც იუსაიდის დირექტორი სამანტა პაუერი იუსაიდის მეშვეობით თქვენს მიერ გადახდილ დოლარებს უშვრებოდა, ფბრ-ის მიერ უნდა იყოს გამოძიებული“, რადგან ეს ორგანიზაცია ულტრამემარცხენე აქტივისტების გიჟურ რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა.
ეს ის სამანტა პაუერია, რომელიც საქართველოში ქუჩაში გასულ რადიკალებს „მშვიდობიან დემონსტრანტებად“ მოიხსენიებდა და, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პასუხისმგებელი იყო მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიცემულ უთვალავ მილიარდზე.
USAID-ს უკვე ვებგვერდი გაეთიშა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელ X-შიც ანგარიში გაეთიშა.
ტრამპის ადმინისტრაციას, ასევე, კითხვები გაუჩნდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის NED-ის მიმართ, რომლის მიზანია მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელება. ილონ მასკი იმავეს ამბობს NED-თან მიმართებით, რასაც იუსაიდის მიმართ, რომ NED თაღლითია და კორუფციაშია ჩაძირული.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ იუსაიდმა საქართველო-აშშ-ს შორის მეგობრობის განმტკიცების ნაცვლად დაუშვა გარკვეული სამწუხარო შეცდომები, რომლებიც გამოსწორებული არ არის. საუბარია 2020 წლის არჩევნების შემდეგ იუსაიდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ყალბ მონაცემებზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა, რაც რამდენიმე კვირაში დოკუმენტალურად გამოაშკარავდა, რომ თაღლითობა იყო. „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა „შეცდომა“ და გამოტყდა, რომ იუსაიდის ადგილობრივმა განყოფილებამაც იცოდა ამ სიცრუის შესახებ, მაგრამ დუმილი ამჯობინა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, აშშ-ის ლიდერები საუბრობენ იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და NED-ისგან მოდიოდა, ამ ორგანიზაციებისგან არაერთი მილიონი ხმარდებოდა ხალხის ნების უგულებელყოფას.
„ნაცმოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი, სოროსის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ იუსაიდი, ეს უძველესი ორგანიზაცია, მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას უწყობს ხელს, ხოლო „MUSK IS MOTHER- F IDIOT“.
„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ იუსაიდმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა. კერძოდ, გამოაშკარავდა, რომ ეს ორგანიზაცია და მისი საცეცები საქართველოში რადიკალურ პროცესებს აფინანსებდნენ და იუსაიდიდან წამოსული შავი ფული ხმარდებოდა რადიკალურ პროცესებს, საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების დამზადებას და პოლიციელების დაწვის მცდელობას.
„წლების განმავლობაში ვამტკიცებდით ზუსტად იმავეს, რომ USAID, NED, სოროსი არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, ანტიეროვნულ ქმედებას ეწევიან“, - ამბობს სოზარ სუბარი.
ფბრ-ის პარალელურად, უნდა შეისწავლოს თუ არა ქართულმა საგამოძიებო სისტემამ იუსაიდის როლი საქართველოში, ცუდი უფრო მეტი გაკეთდა ამ ორგანიზაციის ხელით, თუ კარგი?!
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას იზიარებს იმ აზრს, რომ საქართველოში მოქმედი იუსაიდის საქმიანობა ჩვენმა საგამოძიებო უწყებამ უნდა გამოიძიოს. მით უმეტეს, რომ ილონ მასკი ითხოვს, ცალკეულმა ქვეყნებმა შემატყობინეთ ყველა დარღვევის შესახებო.
„თუნდაც მარტო შალვა პაპუაშვილის ჩამონათვალი იუსაიდის საქმიანობის მიმართ რამდენად მნიშვნელოვანია, პაპუაშვილი ქართული პოლიტიკის ვეტერანი არ არის თავისი ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფერს ზუსტად აღწერს, რაც ხდებოდა. ძველიც შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც სტივენსი ლონდონში აცხადებდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, „საქართველოში მე გავაკეთე ვარდების რევოლუცია, სულ 30 მილიონი დოლარი დაჯდა, ძალიან იაფად გამოვიდა ყველაფერიო“. ასეთი რაღაცები საქართველოში ხდებოდა, ამიტომ საჭიროა თანამშრომლობა აშშ-ის ახალ სტრუქტურებთან, რომლებიც მოწადინებულნი არიან, გამოიძიონ იუსაიდის დარღვევები, ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნებოდა და აშშ-საქართველოს ურთიერთობასაც წაადგებოდა, რომ ჩვენი ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციაზე არანაკლებ დაინტერესებულია ყველაფრის გამოძიებით“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.
ამასთან, იხსენებს, რომ თავის დროზე შევარდნაძემ პირადი შეხვედრისას პრეზიდენტ ბუშს უთხრა, რომ „ჩვენი სახელმწიფისთვის პრობლემას ქმნიან ენჯეოები, რომლებსაც თქვენი სტრუქტურები აფინანსებენ“, რაზედაც ბუშმა უპასუხა, „რას ჰქვია, დიდი ფული იხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია და თავისუფლება განხორციელდეს“. სწორედ ბუშმა ჩაიხუტა სააკაშვილი 2004 წელს, ბუშის ამ ჩახუტებით და მეგობრობით სააკაშვილმა ყველაფერს გაუძლო, მათ შორის, 2008 წლის იანვარში გაყალბებულ არჩევნებს, რაზეც ეუთოს ხელმძღვანელობამ პირდაპირ გამოაცხადა და უმძიმესი დასკვნა დადო. სააკაშვილს მაშინ ბუშმა მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და იმის შემდეგ ყველა გაჩერდა. არადა, იმ პერიოდში დიტერ ბოდენი პირდაპირ ამბობდა, „შემზარავი გაყალბების მოწმენი გავხდით, მათ შორის, რეგიონებში, სადაც ბიულეტენების და ოქმების ფალსიფიკაცია ხდებოდა“.
დადებითი უფრო მეტი გაკეთდა იუსაიდის მხრიდან საქართველოში, თუ უარყოფითი, ამის თაობაზე პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ რაოდენობრივად ამის შეფასება შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ იყო მიმართულებები, სადაც მართლაც შეიძლებოდა რეალური და უაღრესად დადებითი შედეგის მიღწევა, მართლაც იყო ეს შედეგი - ცე ჰეპატიტის აღმოფხვრა საქართველოში, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არაერთი პროგრამა, ამაზე საუბარი არც არის. აქ ზუსტად ის ანალოგიაა, ქართულ ნჯო-ებზე რომ ვლაპარაკობთ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ენჯეოებმა წლების განმავლობაში ამხელა ზიანი მიაყენეს ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოს და ამის გამო მათ დაერქვათ ენჯეოკრატია. ამას ეხება „ჩეთემ ჰაუსის“ მომხსენებლის შესანიშნავი ანალიზი - „ენჯეოები საქართველოში“, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული რამდენიმე ენჯეო, რომლებიც აპროტესტებდნენ გამჭვირვალობას, დანარჩენი ენჯეოები კი მიესალმნენ გამჭვირვალეობის კანონს, რადგან ისედაც ყველაფერი გამჭვირვალე ჰქონდათ და ახლაც აგრძელებენ მუშაობას უპრობლემოდ.
„ყოვლად მანკიერი პრინციპი იყო სათავეში, რომ აი, ჩვენ ამ ენჯეოებს დავაფინანსებთ, იქნება პროგრამები დემოკრატიის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის. ამისთვის იწვნიეს კიდეც კონტრპროდუქტიული შედეგები თუნდაც ავღანეთში, სადაც 2 ტრილიონი დოლარი დახარჯეს ჯამში და მიიღეს ავღანელები, რომლებსაც საერთოდ აღარ უნდოდათ ამერიკელების გაგონება. თალიბებს უკვე 80% უჭერდა მხარს, მაშინ, როცა თავიდან სულ 10% მხარდამჭერი იყო. ცნობილია, რომ დემოკრატიის და თავისუფლების განვითარება ქვეყანაში დამოკიდებულია, პირველ რიგში, ეკონომიკურ განვითარებაზე, სწორედ ამას მოჰყვება საზოგადოების სოციალური სტრუქტურის შეცვლა და მერე შეიძლება მეტ-ნაკლებად სტაბილური დემოკრატია დამყარდეს. ცალკეული ენჯეოს დაფინანსებით, როგორც წესი, მხოლოდ დესტაბილიზაცია შეგაქვს. ჰანტინგტონი წერდა ამის შესახებ, „ჯიბეზე გაკვრა არ გვინდა, სახელმწიფოების სერიოზული დაფინანსება არ გვინდა, ბაზრის გახსნა არ გვინდა და ვითხოვთ მერე, რატომ არ ხართ დემოკრატიულებიო“. საქართველოში მოხდა განსაკუთრებული კურიოზი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ინდექსებით და, რიგი პარამეტრებით, ამერიკა საერთოდ უკან ჩამოიტოვა. ამის მიუხედავად, რადიკალების მფარველმა გარე ძალებმა მაინც ჩაიხუტეს სააკაშვილის სადისტური რეჟიმის ყველაზე ბნელი ფიგურები და მარაზმი გამოუვიდათ, ხომ ვნახეთ, თბილისის მაგისტრალის გადაკეტვისას ვინ დადიოდა ამაყად - ბოკუჩავა და ვაშაძე, დეკანოიძე და ხოშტარია, ადამიანები, რომლებმაც ამდენი დანაშაული ჩაიდინეს და ახლა ითვლებიან დასავლეთისთვის სამართლიანობისთვის მებრძოლებად. იგივე გვარამია იდგა ევროპარლამენტის ტრიბუნაზე და ლიდერი ჩამოვიდაო“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.
მისივე განმარტებით. გამოჩნდა ძალიან მანკიერი პრაქტიკა, როცა ვითომდა ტრენინგს უტარებდნენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით და თურმე ტრენინგს უტარებდნენ „დიქტატურასთან ბრძოლისთვის“. ანალიტიკოსს აინტერესებს, სადაა დიქტატურა? რატომ ნიღბავდნენ ამ ტრენინგებს?
პეტრე მამრაძის თქმით, გამოსულია შესანიშნავი ამერიკელი მეცნიერის, სტივენ ვოლტის მონოგრაფია „ჯოჯოხეთი კეთილი განზრახვებითაა“, იქ ჩამოთვლილია, რაც ხდებოდა ამერიკაში, მართლაც იდეალისტური საუკეთესო განზრახვებით იწყებოდა საქმე და სამარცხვინოდ მთავრდებოდა. ამის ერთ-ერთი მაგალითია კუბა, რომელიც საბჭოთა კავშირს ჩააბარეს. ამ დროს სულ არ უნდოდა კომუნიზმი და სოციალიზმი ფიდელ კასტროს. რამდენი ასეთი დანაშაული ჩაიდინეს მსოფლიოში?! საქმე იქამდე მიჰყავდათ, რომ მთელი მოსახლეობა გამოდიოდა ლოზუნგებით - „Yankee go home“ (წაეთრიეთ, ამერიკელებო). ამერიკელი ისტორიკოსები ამიტომაც წერენ, „სასწაულია, გადის წლები და ამერიკელები ისევ იმავე ნაღმს აბიჯებენ, რაც ერთხელ იწვნიეს“, ანუ საკუთარი ფოცხი თავში ხვდებათ.
პეტრე მამრაძის აზრით, პრობლემა დაიწყო ბუშის პროგრამის გაცხადების შემდეგ - „ამიერიდან ჩვენ მთელ მსოფლიოს შევცვლით ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, ყველგან დემოკრატია, თავისუფლება დაისადგურებს“. ამ დროს ამერიკელი მეცნიერები პირდაპირ წერდნენ, უკვე იმ დღეში ვართ, აშშ-ში არც დემოკრატია არ არის, არც თავისუფლებაო. ასეთ დროს იქაჩებოდნენ, მთელ მსოფლიოს მოვდებთ დემოკრატიასო. პროგრამაში ასეთი პუნქტიც იყო, „შეერთებული შტატები იტოვებს უფლებას, ჩაერიოს ნებისმიერი ქვეყნის საქმეებში, თუნდაც სამხედრო გზით, თუ დაინახა, რომ იქ საქმე კარგად არ ვითარდება“. შემთხვევითი არც ისაა, რომ სააკაშვილს ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები ეძახდნენ „ბუშის სარეკლამო ბიჭუნას“.