წლის ყველაზე ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასასრულისკენ მიდის. 5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი დაიკითხება. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეში დაზარალებულია ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც მის მიმართ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ დევნად ასაღებს. ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის დისტანციურად დაკითხვა მოითხოვა პროკურატურამ, რის მიზეზად დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.
დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. ადვოკატი ლევან მახარაშვილი დაინტერესდა რა ადგილიდან უნდა მოხდეს ივანიშვილის დაკითხვა, რაზეც საქმის პროკურორმა მიხეილ სანდოძემ უპასუხა, რომ დაკითხვა მოხდება სოლოლაკიდან.
წლის თაღლითური საქმის ფიგურანტი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში იმყოფება და სასამართლო სხდომაზე მის წარმომადგენლებს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი ცნობა არ წარუდგენიათ, რათა ეს ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის დისტანციურად გამოკითხვის მიზეზი.
„რა თქმა უნდა, ეს სასამართლოც და პროკურორიც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ემსახურება და ყველანაირი ნორმის დარღვევით ის დისტანციურად დაიკითხება. დახურავენ სასამართლო პროცესს, გადაწყვეტილი ამბავია, სამწუხაროდ, მოსამართლე ვერაფერს ვერ იზამს, რასაც მოითხოვს ივანიშვილი, იმას დაუკმაყოფილებენ. მათი ამოცანაა, რომ ყველანაირად თავი აარიდონ იმ სამარცხვინო პროცესებს, ჩვენებებს და სიცრუეებს, რომლებსაც ისინი სასამართლო დარბაზებში აკეთებენ, თუმცა ხალხი ყველაფერს ხედავს, რაც არ უნდა დაფარონ“, - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.
მიუხედავად მტკიცებულებებისა, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ 2015 წლის შემოდგომას ივანიშვილს შესთავაზა, 40-50 მილიონი დოლარის ინვესტირება კომპანიაში, რაზეც მან თავი შეიკავა. მისივე თქმით, მაშინ რომ ეს ინვესტიცია განეხორციელებინა, დღეს ბიძინა ივანიშვილის ქონება 2-3-ჯერ მეტი იქნებოდა.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი ინოვაციური პროექტებით არასდროს ყოფილა დაინტერესებული. თუკი რაიმე ინვესტიცია მოხდა საქართველოს საინვესტიციო ფონდის ფარგლებში, ეს იყო ჩემი ინიციატივა, ივანიშვილი არაფერ შუაში არ იყო. კომპანიამ მოიზიდა სახსრები, სასესხო ურთიერთობებით და ეს სასესხო ვალდებულებები გაისტუმრა თავისი პროცენტებით. შემდეგ, რაც დარჩა მოგების სახით, მისი აკუმულირება ჩემზე გააკეთა“, - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შესაბამისად, თაღლითური საქმის ფიგურანტი ცდილობს საქმეს პოლიტიკური მოიტივი მოარგოს, როგორც ამის გაკეთებას შეეცადა ასევე ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბაჩიაშვილი ვერ შეძლებს ამ საქმისგან პოლიტიკური სურათის შექმნას.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საბოლოო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას, მოიპარა თუ არა ბაჩიაშვილმა ფული. თუ მოპარვა დადასტურდა, მაშინ ბრალდების მიზეზად პოლიტიკის დასახელება ღიმილის მომგვრელია. მისი თქმით, როდესაც ხაზარაძეს აღმოაჩნდა ფინანსური დარღვევები, პოლიტიკაში გაიქცა, ანალოგიური სურათის შთაბეჭდილებას ახდენს ბაჩიაშვილის საქმე.
„კიდევ ერთი მომენტი ის არის, რომ ეს დაპირისპირება უფრო ადრე დაიწყო ვირდე ოპოზიციისკენ გადაიხრებოდა ბაჩიაშვილი. ე.ი. ეს დაპირისირება პოლიტიკური ვერ იქნება. ის მერე გადაიხარა ოპოზიციისკენ, მერე დაიწყო ოპოზიციური პროცესების დაფინანსება და არა იქამდე. შესაბამისად, ამ პროცესს უნდა ჩამოვაშოროთ პოლიტიკა. ის, რომ ნებისმერ პროცესში დამნაშავემ სცადოს პოლიტიკური დევნა აიფაროს დასაცავ საშუალებად, ანუ ფარად, ეგ ბუნევრივი ტენდენაციაა და ხშირად გვინახავს, მაგრამ სამართალი იმის სამართალია, რომ უფრო მკვეთრად უნდა გაახილოს თვალები და დაინახოს მოტივის იქით რა ხდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არ არის პოლიტიკური საქმე, რადგან გიორგი ბაჩიაშვილი სანამ პოლიტიკაში წავიდოდა, მას ბრალი ჰქონდა უკვე წარდგენილი საკმაოდ მძიმე მუხლით და ეს არის დიდი ოდენობით ფულის მითვისება. მარტივად რომ ვთქვათ - ქურდობა.
„ეს საქმე ბაჩიაშვილის მხრიდან თეთრი ძაფით არის ნაკერი. თითქოს ამტკიცებს, რომ ისესხა ფული, შემდეგ დაუბრუნა ივანიშვილს და ის იყო დამოუკიდებელი ინვესტორი, რომელიც ამუშავებდა ამ ბიტკოინების „ქარხანას“. ეს არაა სიმართლე. ეროვნული ბანკის მონაცემებით და ყველა ფაქტობრივი მტკიცებულებებით ცალსახად არის დადასტურებული, რომ ინვესტორი იყო ბიძინა ივანიშვილი, ეს იყო უბრალოდ ივანიშვილის მიერ მოყვანილი ადამიანი და როგორც მენეჯერს დავალებული ჰქონდა ეს საქმე. ფული, რომელსაც ის განკარგავდა, თავიდან ბოლომდე იყო ივანიშვილის და ყველა შედეგზე პასუხისმგებელი იყო ივანიშვილი. მოატყუა, ფული მიითვისა, რის გამოც პასუხისგება მოუწევს. ახალა იმალება, გაურბის პასუხისმგებლობას და მოაბა პოლიტიკური კუდები, რაც საქართველოს პრაქტიკაში იშვიათობა არაა. ბევრი იქცევა ასე, მაგალითად - ხაზარაძე და ჯაფარიძე. თაღლითობა ჩაიდინეს, ჩააგდეს ანაკლიის პორტი იმიტომ, რომ შეუსაბამო მოთხოვნები ჰქონდათ სახელმწიფოს მიმართ და ინვესტორიც ვერ ჩამოიყვანეს“, - ამბობს ზარდიაშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, არსებობს ეროვნული ბანკის მონაცემები, სადაც გარკვევით ჩანს, ვინ არის ამ ბანკის რეალური მფლობელი და ინვესტორი. შესაბამისად, ბაჩიაშვილი ვერ დაამტკიცებს, რომ რეალურად იყო ინვესტორი და ჰქონდა აღნიშნული ფულადი სახსრები.
„ეს ფული, რაც გააჩნდა საქმისთვის მისცა ივანიშვილმა. ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ბაჩაიშვილი აღმოჩნდება საპატიმროში. საკმაოდ მძიმე დანაშულია, რომელიც დაუსჯელი ვერ დარჩება. შესაბამისად, ამ საქმეს პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, პოლიტიკაში ჩაება იმისათვის, რომ შეიქმნას ერთგვარი ალიბი, თითქოს პოლიტიკურად იდევნება და ამაში ფულსაც ხარჯავს, აფინანსებს ამ რადიკალურ-ექსტრემისტულ აქციებს. ეს მას ვერ იხსნის. გონივრული ეჭვის მიღმა არსებობს ვარაუდი, რომ მას ეს დანაშაული ჩადენილი აქვს. ვნახოთ, მისი დანაშული სასამართლოზე უნდა დაადასტუროს პროკურატურამ და დადასტურების შემთხვევაში ბაჩიაშვილს პოლიტიკა ვერ უშველის, ეს გამორიცხულია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.