საკრებულოში ზედაპირული წყლების გადაყვანის ევროსტანდარტული სისტემების პრეზენტაცია გაიმართა

საკრებულოში ზედაპირული წყლების გადაყვანის ევროსტანდარტული სისტემების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში დღეს ზედაპირული წყლების გადაყვანის ევროსტანდარტული სისტემების პრეზენტაცია გაიმართა.

ჰოლანდიურმა კომპანია "MEA“-მ  საკანონმდებლო ორგანოსა და საქართველოში არსებული სხვადასხვა  კომპანიების წარმომადგენლებს  საკუთარი პროდუქცია წარუდგინა.

აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა ანდრეი კრუგლიაკმა დეტალურად ისაუბრა იმ ნოვაციებზე, რომლის მეშვეობითაც საცხოვრებელი სახლებიდან, სკვერებიდან თუ ავტომაგისტრალებიდან მარტივად ხდება ზედაპირული და სანიაღვრე წყლების მოცილება.

როგორც შეხვედრის ინიციატორმა, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, ენერგოეფექტურობა და ეკოლოგია  ის ძირითადი თემებია, რომლებიც საქართველოს კიდევ ერთი ნაბიჯით წაწევს ევროპისკენ.

"ევროპა უკვე მკაცრად აყენებს  მოთხოვნებს,  რომ ქვეყნებმა გადაინაცვლონ ახალ  სტანდარტებზე. ამ მხრივ ჩვენთან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

პრეზენტაციაზე ვიხილეთ პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ ეს ნოვაციები მნიშვნელოვანია ეკონომიის, ეკოლოგიისა და ეფექტურობის მდგრადობის თვალსაზრისით.

ეს საკითხი მოსაწესრიგებელია საკანონმდებლო დონეზეც.  აუცილებელია ინვესტორებს დაუწესდეთ პირობები და ყველა პროექტი, იქნება ეს საცხოვრებელი კორპუსი, სკვერი თუ ავტომაგისტრალი, ჩაჯდეს  ევროსტანდარტების იმ ნორმებში, რაც  თავიდანვე იქნება გაწერილი“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო გამწმენდი მოწყობილობები, რომლის მეშვეობითაც ხდება სანიაღვრე წყლის გაფილტვრა, რაც ბევრად ეკოლოგიურს ხდის გარემოს.

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია მუშაობს არა მხოლოდ ზედაპირული წყლების, არამედ მათ შემდგომ გასუფთავებაზეც, რაც თავისთავად გულისხმობს მობილური ტიპის გამწმენდი ნაგებობების დამუშავებას და დამონტაჟებას.  ჩვენთვის უფრო დიდ ინტერესს წარმოადგენს ეს მოწყობილობები, რადგან ზედაპირული და სანიაღვრე წყლების გაწმენდა და სტანდარტებში მოყვანა  სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და  მივაღწიოთ იმას, რომ ეს წყლები გაწმენდილი ჩაედინებოდეს ჩვენს წყალსატებვებში და მდინარეებში’,- განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა სიხარულიძემ.

ჰოლანდიური კომპანია "MEA“ თორმეტ ქვეყანასთან თანამშრომლობს. მათ შორისაა საქართველოც.

როგორც სერგეი კრუგლიაკმა აღნიშნა, დაინტერესების შემთხვევაში "MEA“  მზადაა სხვადასხვა ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა და ღირსეული კონკურენცია გაუწიოს სხვა კომპანიებს.