საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, შარშან საშუალო რეალური ზრდა კი 9.5 პროცენტით განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არავითარი ეკონომიკური კრიზისი არ არსებობს, მით უფრო, რომ საერთოდ არ შეინიშნება ფასების ზრდა. მთავრობაში კი სულაც აღებული ტემპის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.
2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს სწორი მენეჯმენტის, სათანადო საინვესტიციო გარემოს, კანონმდებლობის, სათანადო საგადასახადო რეჟიმის და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია.
„ჩვენ გავასწარით 2023 წლის საკუთარ მაჩვენებელს, მაშინ ეკონომიკური ზრდა გვქონდა 7.8% და ახლა 9.5%, რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები ეკონომიკური მიმართულებით. საქართველო გასულ წელსაც გავიდა პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. არც ერთ სხვა ქვეყანას 9.5% ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია. ეს არის სწორი მენეჯმენტის, სათანადო საინვესტიციო გარემოს, კანონმდებლობის, სათანადო საგადასახადო რეჟიმის შედეგი და ეს არის იმის შედეგი პირველ რიგში, რომ ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნოთ ეკონომიკურ განვითარებაზე, იმიტომ, რომ ეკონომიკური განვითარება არის მთავარი გასაღები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განვითარების კუთხითაც“, - განაცხადა კობახიძემ.
ეკონომიკის სამინისტროში კი ელიან, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით იქნება ლიდერი როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის.
„ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, რაც ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერია. ასევე გრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის პროდუქტიულობისა და ზოგადად, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზების თანახმად, 2025-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის, 5.2%-ის ოდენობით.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ვრცლად მიმოიხილავს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის შედეგებს. მისი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა მეურნეობამ, მიუხედავად სერიოზული რყევებისა და გამოწვევებისა, უზრუნველყო ეკონომიკის ზრდა 6.7 პროცენტით, ხოლო წლიური ზრდის ტემპს მხოლოდ 0.5 პუნქტი დააკლდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.
„რომ არა გარკვეული ძალების მიერ პოლიტიკური დაძაბულობის ეკონომიკაში მიზანმიმართული „კონვერტაცია“, მხოლოდ 2024 წლის დეკემბერში რეალურ სექტორსა და მომსახურების სფეროში შესაძლებელი იქნებოდა დამატებით დაახლოებით კიდევ 300 მლნ. ლარის დამატებული ღირებულების წარმოება.
ინფლაციამ 2024 წლის დეკემბერში ნოემბერთან 0.7 პროცენტი შეადგინა, რაც იმეორებს წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს და 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ბოლო 31 თვეა (2022 წლის ივნისიდან) ინფლაციის თვიური ტემპი 1.0 პროცენტზე ნაკლებია. მიუხედავად ზრდისა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში დეკემბერში (+1.9%) მაინც გაცილებით დაბალია, ვიდრე აშშ-ში (+2.9%) და ევროკავშირში (+2.4%). ამასთან, ბოლო ორი წლის ინფლაციის საშუალო წლიური ტემპი საქართველოში მხოლოდ 1.8 პროცენტია.
საქართველოში დაბალი ინფლაცია და დასაქმების საგრძნობი ზრდა, შრომის ანაზღაურების ორნიშნა მატება (+10.8%) წარმოადგენს ერთობლივი მოთხოვნისა და მოსახლეობის რეალური კეთილდღეობის ზრდის საკმაოდ მგრძნობიარე და ობიექტურ ინდიკატორს.
საქართველოს ეკონომიკამ განვლილ პერიოდში დაადასტურა თავისი ინსტიტუციური და ორგანიზაციული მდგრადობა, განვითარების პოტენციალი, შინაგანი რესურსების უფრო ეფექტიანი და ყაირათიანი გამოყენების შესაძლებლობა, კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე და შრომის საერთაშორისო დანაწილებაში აქტიური ჩართულობა. ყოველივე ეს ქმნის სერიოზულ საფუძველს საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის შემდგომი ზრდისა და სტაბილური განვითარებისათვის“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.
ეკონომისტები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ეკონომიკური კრიზისი საქართველოში არ არსებობს. ამას სწორედ სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს. პროფესორ ვახტანგ ჭარაიას თქმით, ფინანსური რესურსი, რომელიც შეიძლება ცალკეული ქვეყნებიდან დაკლებოდა საქართველოს ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციების თუ სხვა სახით, დაბალანსდა სხვა ქვეყნებიდან შემოსული ფინანსური ნაკადებით.
„ეკონომიკურ ჭრილში არაფერი იცვლება, ეკონომიკური ზრდის კონტექსტში არაფერი საგანგაშო არ მომხდარა“, - აღნიშნა ჭარაიამ.