თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ დარღვევების თაობაზე ისაუბრა, რაც ისნისა და სამგორის რაიონებში იქნა აღმოჩენილი. მიხეილ ქავთარაძის განცხადებით, აღნიშნულ რაიონებში ამხანაგობების თავმჯდომარეებს წახალისების ნაცვლად თანხა ხელფასის სახით დაერიცხათ.
"მოგეხსენებათ, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეები გამგეობებიდან წახალისებას გაწეული სამუშაოს შესაბამისად ღებულობენ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ისნისა და სამგორის რაიონის გამგეობებმა მათი რაიონების ამხანაგობების თავმჯდომარეებს წახალისების ნაცვლად თანხები ხელფასის სახით დაურიცხეს, რის შედეგადაც ამხანაგობების თავმჯდომარეები სტატუსით საჯარო მოხელეებს გაუთანაბრდნენ. მოქმედი კანონდებლობით აკრძალულია, რომ ადამიანი იყოს საჯარო პირი, ღებულობდეს ხელფასს და ამავე დროს ღებულობდეს პენსიას, ან სოციალურ დახმარებას.
შესაბამისად, ამხანაგობის თავმჯდომარეებს, ვისაც აღნიშნულმა ორმა გამგეობამ თანხები ხელფასის სახით დაურიცხა, ავტომატურად შეუჩერდათ პენსია და სოციალური დახმარებები’’,–აღნიშნა მიხეილ ქავთარაძემ.
მისივე განმარტებით, აქ ადგილი აქვს ან არასწორ მენეჯმენტსა და არააპროფესიონალიზმს, ან შეგნებულ საბოტაჟას, რადგან პენსიას და სოციალურ დახმარებებს მოქალაქეები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით ღებულობენ და ამ ქმედებამ, შესაძლოა, ცენტრალური ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს.
ბრიფინგზე მიხეილ ქავთარაძე "ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლების წინადადებასაც გამოეხმაურა და უმცირესობას კონკრეტული მუხლების კარგად წაკითხვისკენ მოუწოდა.
"ჩვენ ბიუჯეტი უკვე სამჯერ დავიწუნეთ და დავაფიქსირეთ, რომ პრობლემა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან არის, ანუ პრეტენზიები საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების ხელმძღვანელებთან გვაქვს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა წინადადებას განვიხილავთ, მაგრამ მე რამდენადაც მახსოვს, მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ისინი საზოგადოებასთან ერთად შექმნიდნენ ბიუჯეტს, ახლა კი ბურთი ისევ ჩვენს მოედანზე გადმოისროლა.
მე მათ ვურჩევ, რომ კარგად წაიკითონ რეგლამენტი, რადგან ეს კონკრეტული მუხლი სამჯერ დაწუნებულ ბიუჯეტს არ შეეხება.
მე, როგორც სარევიზო კომისიის თავმჯდომარე, იმ ბიუჯეტის შედგენის პროცესში, რომელიც სევდია უგრეხელიძემ და მისმა გამგებლემბა უნდა ხარჯონ, მონაწილეობას არ მივიღებ ’’,–აღნიშნა მიხეილ ქავთარაძემ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარესა და "ქართული ოცნების“ უმრავლესობას საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78–ე მუხლის მე–6 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობისკენ მოუწოდეს.