21-ე საუკუნის პრობლემა - საზღვაო მეკობრეობა

21-ე საუკუნის პრობლემა - საზღვაო მეკობრეობა

საზღვაო მეკობრეობა ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოსთვის სერიოზულ პრობლემად იქცა და ის მსოფლიოს ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს.

როგორც ირკვევა, საზღვაო მეკობრეობა ყოველწლიურად მსოფლიოს ეკონომიკას 7-დან 12 მილიარდ დოლარამდე აზარალებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ურთიერთობათა ბრიტანულ ინსტიტუტში განაცხადეს.

ეს თანხები საჭირო აღმოჩნდა მეკობრეებისგან დაკავებული მეზღვაურებისა და გემების გამოსახსნელად, ასევე, იმ რეგიონების გასაკონტროლებლად, სადაც მეკობრეები აქტიურობენ.

2008 წელს მსოფლიოში მეკობრეობის 1 600 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შედეგადაც 54 ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე წლის დასაწყისში მსოფლიოში მეკობრეების ხელში 18 სახელმწიფოს 500-მდე მეზღვაური რჩებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეკობრეების თავდასხმების მიდამოებში საზღვაო პატრულირება გაძლიერებულია, მეკობრეობის შემთხვევები ბოლო წლებში არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა კიდეც.

მეკობრეობის თვალსაზრისით, ყველაზე საშიშ რეგიონად ინდოეთის ოკეანის აუზი რჩება, რომელზეც გემებზე თავდასხმების 95 პროცენტი მოდის. ყველაზე დიდ ზიანს მსოფლიოს ეკონომიკას სომალელი მეკობრეები აყენებენ. დაცვითი ოპერაციები ამ ქვეყნის სანაპიროებთან 2 მილიარდამდე დოლარი დაჯდა.