საქართველოდან მორიგი „დანოსი“ სტრასბურგში - ოპოზიცია ქართული დელეგაციის დაბლოკვას ითხოვს

საქართველოდან მორიგი „დანოსი“ სტრასბურგში - ოპოზიცია ქართული დელეგაციის დაბლოკვას ითხოვს

27 იანვარს, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება, სადაც დღის წესრიგში საქართველოს საკითხიცაა. როგორც ცნობილია, საქართველოს დელეგაცია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, 29 იანვრის ჩათვლით, შეხვედრებს გამართავს. თუმცა, ამის ფონზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობადაძლიერი საქართველომიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.

მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მსგავსი ინიციატივები არ უკვირთ და აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის ინტერესებს კონკრეტული ძალების გავლენების გამო აზიანებს. ანტიქართულს უწოდებს ინიციატივას პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, დელეგაციისთვის მანდატის შეჩერებას, მით უმეტეს პრორუსულობის საბაბით, არანაირი საფუძველი არ აქვს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება სწორია. მისი შეფასებით, ოპოზიცია ეცდება ქართული ოცნების პოლიტიკური იზოლაცია მოახდინოს:

ზოგადად, ჩვენი ყოფილი პარტნიორები მიდიან იქითკენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მოაქციონ იზოლაციაში. ამიტომ, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ არ მიიღონ ქართული დელეგაცია და არალეგიტიმურად აღიარონ საქართველოს ხელისუფლება, ეს ოპოზიციის მხრიდან სწორად გადადგმული ნაბიჯია. ვერ გეტყვით, რას იზამს ევროსაბჭო, მაგრამ ოპოზიცია ეცდება, რომ ყველა დონეზე მოახდინოს ხელისუფლების იზოლაცია.

ამერიკის დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ რომ შეიცვალოს, ამას სჭირდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და პატიმრების გამოშვება - სხვა მხრივ, საუბარი იმაზე, რომ ამერიკის ხელისუფლება შეიცვლის პოლიტიკას, გამორიცხულია. არ ვფიქრობ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამ მხრივ რაიმე დათმობაზე წავა. მეტსაც გეტყვით, შესაძლოა ამერიკის ახალმა ადმინისტრაცია გაცილებით მკაცრი იყოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია იყო, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დღევანდელი ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს საქართველოს სახელმწიფოებრივობის გასანადგურებლად:

დღეს საქართველოს ჰყავს ისეთი ოპოზიცია, რომელიც ათასჯერ აღემატება ერთად აღებულ ყორღანაშვილს, ბერბიჭაშვილს, ორჯონიკიძეს და სხვა მისნაირებს - სხვა ვერავინ მოიფიქრებდა იმას, რა მავნებლურ გზებსაც ისინი ეძებენ საქართველოს სახელმწიფოებრივობის დასამხობად და ქართველი ხალხის გასანადგურებლად. არ მგონია, რომ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რადგან დასავლეთი არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, არამედ საქართველოზე მეტად, დასავლეთს სჭირდება საქართველო, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიცია და მათი პატრონები ყველა მიმართულებით ცდილობენ, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი ინიციატივებით ოპოზიცია ვერ შეარყევს ქვეყნის პოზიციებს, თუმცა ეს მეტყველებს მათ ბუნებასა და მათი პატრონების ინტერესებზე.

ყველა მიმართულებით ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის მორიგი ანტიქართული ინიციატივა, ნაბიჯი, რადიკალური ოპოზიციის, მათი ბატონების მხრიდან. ასეთი ინიციატივებით ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეარყევენ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს, თუმცა, თავისთავად, ეს მეტყველებს ოპოზიციის ბუნებასა და მათი პატრონების ინტერესებზე. მათი ინტერესები, სამწუხაროდ, ძირეულად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, იქ მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის საინტერესო, მაგრამ იმისდა მიხედვით ვიმოქმედებთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

მე მინდა, შეგახსენოთ, წლების განმავლობაში, მათ შორის, როდესაც მე ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ ვაყენებდით ხოლმე რუსული დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხს სხვა ქვეყნებთან ერთად და მაშინ საპარლამენტო ასამბლეა არ იზიარებდა ხოლმე ჩვენს პოზიციას. დღეს აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია, როდესაც პრორუსულობის საბაბით რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, ქართულ დელეგაციას შეუჩერონ მანდატი. ასეთი ინიციატივები არის აბსოლუტურად ანტი-ქართული, თუმცა ამითაც ვერავითარ ზიანს ისინი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერ მიაყენებენ, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

არაგველი641 "ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.geს-სთან საუბარში ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება სწორია." - ვინ ჯანდაბაა ეს ძაბირაძე რომ ამდენს ბედავს? ვინ აფინანსებს? ალბათ 5 ლარს უხდიან და თანაც არ ეშინია!
20 საათის უკან