აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგს უკრაინის ომის 100 დღეში დასრულება დაავალა. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს. თავად დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, თუ ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე. ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მზადაა, პუტინსა და ზელენსკისთან შესახვედრად, როცა ისინი მოისურვებენ. ტრამპმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ უკრაინაში ომის მსხვერპლთა ოფიციალური რაოდენობა. მისივე თქმით, ომმა უკვე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტრამპის შეფასებით, მოსკოვის დანაკარგები დაახლოებით 800 ათას ადამიანს შეადგენს, ხოლო კიევის – 600-დან 700 ათასამდე ადამიანს.
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა თავის თანაშემწეებს უახლოეს დღეებში პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა. ტელეკომპანიის წყაროთა ცნობებით, საუბრის მიზანი, მათ შორის, იქნება რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებული ომის შეწყვეტის გზების ძიება. ტრამპის გუნდი იუწყებოდა ასევე ორი ქვეყნის პრეზიდენტების სამიტისთვის მზადებაც.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ კიტ კელოგის, როგორც სპეციალური წარმომადგენლის როლი უკრაინაში, სამშვიდობო მოლაპარაკებებში „დამწყები გამბიტია“, რომლის გაკონტროლებასაც ტრამპი თავად აპირებს. როგორც უკრაინაში ტრამპის წარმომადგენელი, კელოგი მას კონსულტაციებს გაუწევს მოლაპარაკებების საკითხებთან დაკავშირებით.
სტატიის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ერთხელ მოისმინა ტრამპის განცხადება, რომ მოსწონდა კელოგი, რადგან ის „არასდროს გამოხატავს თავის აზრს, თუ მე არ ვკითხავ მას“. გამოცემის თანახმად, კელოგის სამხედრო გამოცდილება, შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს ტრამპისთვის, თუმცა კელოგს არასოდეს უმუშავია დიპლომატად და „თუ თეთრ სახლში მისი გამოცდილება რაიმეს მიანიშნებს, ის არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან რეალურ მოლაპარაკებებში“.
სტატიის თანახმად, ჯონ ბოლტონი შიშობს, რომ მოახლოებულ მოლაპარაკებებში ტრამპმა, შეიძლება, კიევი აიძულოს მოსკოვთან დამღუპველ დათმობებზე წავიდეს, „რადგან ეჩვენება, რომ პუტინმა იცის, როგორ ითამაშოს ტრამპთან“. როგორც სტატიაში წერია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კელოგი იყოს თავდაცვა პუტინის გავლენის წინააღმდეგ.
აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS Mornings-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება ისე, რომ რამდენიმე წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინა ამჟამად იხდის უდიდეს საფასურს თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურით, ადამიანებით და დაკარგული სიცოცხლეებით, მილიონობით უკრაინელით, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა და საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
მარკო რუბიოს აზრით, ყველა ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, რადგან მას სურს, ხელი შეუწყოს მსოფლიოში მშვიდობას და დაასრულოს ეს კონფლიქტები.
ამერიკიდან წამოსულ გზავნილებს კი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი შემდეგნაირად პასუხობს: „უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, დათმოს მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ“.
ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვას, მისაღები იქნება თუ არა კიევისთვის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს შეინარჩუნებს, უპასუხა, რომ უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად, თუნდაც მისი ყველა მოკავშირე ამის მომხრე იყოს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავად პუტინს ჯერჯერობით არ ესმის, როგორ გამოვიდეს ამ ომიდან, ამიტომ „აშშ-მა და ევროპამ მასზე ზეწოლა უნდა განახორციელონ“. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ურჩევს პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებას კითხვით, თუ რა სურს და რას სთავაზობს თავად ის.
„პუტინმა ყველაფერი დაარღვია, ის არის დამნაშავე. მან უნდა იცოდეს, რა დააშავა, რა დაარღვია, სად დაუშვა შეცდომა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მასთან საუბარი. თქვენ რომ დაელაპარაკოთ ისე, როგორც თანასწორს, ეს იქნება მარცხი უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რაც შეეხება კრემლის პოზიციას, პუტინმა 20 იანვარს განაცხადა, რომ ის მიესალმება ტრამპის სურვილს და მზადყოფნას შეხვდეს მას და ომის დასრულებასთან დაკავშირებით ისაუბრონ.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს პრეზიდენტობა მიულოცა.
პუტინი დადებითად გამოეხმაურა ტრამპის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა აეწყოს და ესკალაცია უნდა აღიკვეთოს.
„ჯიპას“ პროფესორი თენგიზ ფხალაძე ეჭვობს, რომ 100 დღეში უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება შესაძლებელი იქნება, თუმცა for.ge-სთან ვარაუდობს, რომ ტრამპი მაქსიმალურად ეცდება დაპირების შესრულებას და ომის ბედის გადაწყვეტა რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.
„პირველ რიგში, ის ფაქტი უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსკოვსა და პუტინში რიტორიკის ცვლილება შეინიშნება. ჩვენ გვახსოვს მისი პრესსპიკერის, პესკოვის განცხადება, როცა ტრამპმა თქვა, რომ ის მზად იყო პუტინთან მოლაპარაკებაზე, პესკოვმა თქვა, რომ ამის ალბათობა არ არსებობდა. ინაუგურაციის დღეს პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა ამ შეხვედრისთვის. ვნახეთ სხვადასხვა წყაროები წერენ, რომ ამ შეხვედრისთვის სამუშაო პროცესი დაწყებულია. ამიტომ ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი მგონია. ტრამპი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც პუტინს საჩუქარს მიართმევს. მისი ხასიათი და პირველი პრეზიდენტობა ამას ადასტურებს. ახლა პუტინი არ არის მარტივ მდგომარეობაში და იგივე ითქმის უკრაინაზეც. პუტინს უკან დახევა არ შეუძლია, თუმცა მას რაღაც დათმობაზე წასვლა მოუწევს“, - ამბობს ფხალაძე.
მისივე თქმით, ეს პირველ რიგში, იმაზე იქნება დამოკიდებული, ფრონტზე მოვლენები როგორ განვითარდება.
„კი ბატონო, რუსეთს აქვს გარკვეული სახის წარმატება, მაგრამ უკრაინაც რუსეთის ტერიტორიის ნაწილს, კურსკ აკონტროლებს. მართალია პუტინი ამის არ იმჩნევს, მაგრამ ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა მისთვის. ახლა ორივე მხარე ცდილობს მოლაპრაკებისთვის მაქსიმალურად ძლიერი პოზიციები დაიკავონ. ასევე პუტინის გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმ დახმარებაზე, რასაც დასავლეთიდან უკრაინა მიიღებს - რას იზამს ტრამპი და ევროპას აიძულებს თუ არა, რომ უფრო მეტი დახმარება გაუწიონ უკრაინას. ხოლო აქ ასევე ჩინეთის ფაქტორი იქნება გარდამტეხი. ვიცით, რომ პუტინი ჩინეთს ძალიან დიდ ანგარიშს უწევს. ამიტომაც გადაწყვიტა ტრამპმა ჯერ ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრა, შემდეგ კი პუტინთან. ის ჩინეთის პრეზიდენტთან პოზიციებს გაიმყარებს, ამის შემდეგ კი პუტინს პირობებს წაუყენებს. თუ მან შეძლო სი ძინპინთან საერთო ენის გამონახვა რიგი საკითხების მიმართ და რაღაცა შეთანხმებამდე მივიდნენ, რუსეთს კარგი დღე არ დაადგება. ეს იცის პუტინმა, ამიტომაც მან მალევე შეცვალა რიტორიკა და ეცდება, თავად დაასწროს პირობების წაყენება“, - ამბობს პროფესორი.
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ტრამპი სწორედ ჩინეთის გამოყენებას აპირებს იმისთვის, რათა უკრაინის ომის დასრულება მოხდეს. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მისი ამბიციური გეგმა ომი 100 დღეში დაასრულოს, სულაც არ არის არარეალური.
„დარწამუნებული ვარ, რომ ჩინეთი ერთგვარი მექანიზმი იქნება რუსეთზე გავლენის მოსახდენად. ამიტომ დონალ ტრამპს სურს ყველა იმ გავლენიან სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, რომელსაც შეუძლია ამ ომის დასრულებაში გარკვეული როლი შეასრულოს. არაერთხელ მოგვისმენია თავად უკრაინისგანაც და ამაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონიც კი საუბრობდა, რომ ჩინეთი იყო ქვეყანა, როემლსაც შეეძლო უკრაინა განადგურებისგან ეხსნა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულებაც კი ჩავიდა ჩინეთში და ეს მოლაპარაკებები გარკვეულწილად დაწყებული იყო. თუმცა კულება, როგორც კი უკრაინაში ბრუნდება, ამ დროს ბაიდენის ადმინისტრაციისგან უკრაინა იღებს ნებართვას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელოს, რასაც ასევე პუტინის პასუხიც მოჰყვა. შემდეგ უფრო და უფრო დაიძაბა ვითარება იმ დონეზე, რომ რუსეთმა მაქსიმალური ძალებით განაგრძო ომის მიმდინარეობა. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ჩინეთის ეს მცდელობა რამენაირად ჩაშლილიყო. ამიტომ ჩინეთია ახლა ის მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც პუტინი რუსეთს აიძულებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, ახლა ტრამპი ჩინეთს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაში დახმარებისთვის მეგობრობის და თანამშრომლობის ხელს უწვდის. ხოლო ჩინეთს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა იმის, რომ რუსეთზე ამ მხრივ ზეგავლენა მოახდინოს.