„ოპოზიციაშიც კი აღინიშნა, რომ შენობაში ყოფნა-არყოფნა არ არის საკვანძო, პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტი - პოლიტიკური პერსპექტივა და ალტერნატივა ზურაბიშვილს შეიძლება ჰქონდეს უცხოეთში, კონკრეტულად საფრანგეთში“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი მიერ ორბელიანების სასახლის დატოვება.
პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რა პოლიტიკურ გეგმებსა და პერსპექტივაზე შეიძლება ვისაუბროთ? რამდენად არის შესაძლებელი მან ახალი, პოლიტიკური პარტია შექმნას?
- ქვეყანას არ მოუხდებოდა კონფლიქტური სიტუაცია იმასთან დაკავშირებით, შენობაში უნდა იყოს თუ არა სალომე ზურაბიშვილი - ოპოზიციაშიც კი აღინიშნა, რომ შენობაში ყოფნა-არყოფნა არ არის საკვანძო, პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტი. პოლიტიკური პერსპექტივა იმისა, რომ შექმნას პარტია და ჩაუდგეს სათავეში გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, იქნებოდა ქართული პოლიტიკური სივრცის თვალსაზრისით პერსპექტივა, თუმცა ზურაბიშვილისთვის მხოლოდ ქართული პოლიტიკური სივრცე არ არის, ალტერნატივა მას შეიძლება ჰქონდეს უცხოეთში, კონკრეტულად საფრანგეთში.
იმ შემთხვევაშიც თუ ის უცხოეთში გააგრძელებს ცხოვრებას, დღევანდელი მისი გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს უცხოელმა მრჩეველებმა, მათ შორის იმათმა, ვისთანაც შეიძლება ზურაბიშვილმა გააგრძელოს ურთიერთობა - მგონია, მათი რჩევა იყო, არ გაეჭიანურებინა შენობაში ყოფნა.
საქართველოში მისთვის პოლიტიკური ჯგუფის შეკვრა რთული იქნება, რადგან მას აკლია პარტიის შექმნის დადებითი გამოცდილება, ამასთან, ბევრია კონკურენტი. რაც უფრო მეტი დრო გავა მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვიდან, მას უფრო მეტად შეუტევენ, რადგან შიგნით არის კონკურენცია და ახალი ლიდერის შემოსვლა მათთვის მისაღები არ იქნება, შესაბამისად, არც მარტივი იქნება ახალ ლიდერად ჩამოყალიბება. ამიტომ მგონია, რომ ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში დარჩენას დიდად არ მოისურვებს.
ზურაბიშვილის თქმით, აპირებს ბიზნესის წარმომადგენლებსა და რეგიონებში იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას. მე-5 პრეზიდენტი გეგმავს წარმომადგენლობითი ოფიციალური ვიზიტების გაგრძელებასაც.
- ეს ფორმულა, რომ „წავალ რეგიონებში“, ხშირად გვსმენია. ოპოზიცია ამბობდა ხოლმე, რომ აქ აქციებს შეწყვეტენ და წავლენ რეგიონებში, თუმცა შემდეგ ქრებოდნენ ჰორიზონტიდან. ამიტომ, განაცხადს, რომ „წავალ რეგიონებში“ დიდი სერიოზულობით ვერ აღვიქვამ. რომც წავიდეს, მეეჭვება, რომ რეგიონებშიც ხელგაშლილად დახვდნენ. პრეზიდენტი რომ იყო, მაშინაც არ ჰქონია რეგიონებთან კონტაქტი, მით უფრო, როდესაც პრეზიდენტი აღარ არის, შეეკითხებიან თუ რისთვის ჩამოვიდა და რა უნდა უპასუხოს?!
როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილის მიერ კოალიციის შექმნა რამდენად არის მოსალოდნელი და შესაძლებელი? ამასთან, რომელ ოპოზიციურ პარტიასთან იქნებოდა მომგებიანი ან წამგებიანი კოალიციის შექმნა?
- ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის მიმართ არიან აგრესიულები, მით უფრო აგრესიულები იქნებიან ზურაბიშვილის მიმართ. გაიჟღერა იმ ფორმულამაც, რომ აქამდე რაც წააგეს, წააგებინა ზურაბიშვილმა, რადგან ის ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს და ხელმძღვანელია პასუხისმგებელი. ასე რომ, მას გაწირავენ ისინი, ვინც დღეს თანამებრძოლებად მიაჩნია. ამიტომ, არ მგონია, რომ ზურაბიშვილმა მოახერხოს ვინმესთან კოალიციის შექმნა. თანაც, მის უკან ერთადეთი ძალა, რაც იდგა, იყო მისი თანამდებობა და ეს ძალა აღარ აქვს.
ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია. თქვენი აზრით, ამერიკა დიპლომატიურ ურთიერთობას ისევ სალომე ზურაბიშვილთან გააგრძელებს და არა მიხეილ ყაველაშვილთან?
- გააჩნია როგორი გეგმა დალაგდება დარჩენილ პერიოდში, რადგან ჩვენთვის ღია არ არის, რა ხდება კულუარებში. ტრამპი ბოლო მომენტში იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას და შესაძლოა მანაც არ იცოდეს როგორ მოიქცევა. თუ ამ დაპატიჟებაში იგულისხმება, რომ ტრამპს სურს ამა თუ იმ პოლიტიკოსის მის გვერდით ხილვა, ეს ცალკე საკითხია, თუმცა არ მგონია, ტრამპს გვერდით სკამი მოთავსებული ჰქონდეს, რომ ამ სკამზე შემდეგ ზურაბიშვილი დასვას.
რამდენად უნდა ველოდოთ, აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაიცას დონალდ ტრამპის მმართველობა ჩაანაცვლებს? უნდა აღინიშნოს ტრამპის დამოკიდებულება ჩინეთთან დაკავშირებით.
- რა თქმა უნდა, ძნელი სავარაუდოა გადატვირთვა თუკი დაპირისპირება იქნება ტრამპსა და ჩინეთს შორის და ჩინეთი გაივლის კავკასიაზე. გვახსოვს, მაშინ პომპეომ გაგვაფრთხილა, რომ აქ ჩინეთი არ შემოუშვათო. ჩინეთის წინააღმდეგ ძალიან აფოფრილი რომ იყო ტრამპი, ეს ფაქტია. დღეისთვის შესაძლოა ჩინეთთან დაკავშირებით პოლიტიკა ტრამპმა შეცვალოს, განსხვავებულად იყოს ნაწარმოები და არ იყოს მიჩნეული, ვინც ჩინეთს გაეკარება, ისინი დაისაჯონ. თუკი ისე მოხდება, რომ ჩინეთი და ამერიკა ერთმანეთს კი არ დაანგრევენ, გადაინაწილებენ მსოფლიოს ქვეყნებს, მაშინ ჩვენ შეიძლება გადავრჩეთ.
რუსეთი თანდათან კარგავს მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პოლუსის სტატუსს და მდგომარეობას, დაახლოებით, ჩრდილოეთ კორეის დონეზე რჩება და ჩინეთის თემა მოდის წინ. თუ ამერიკა თავიდან აირიდებს ჩინეთთან დაპირისპირების შესაძლებლობას, სავარაუდოა, რომ ეს ჩვენზეც აისახოს, მაგრამ როგორ აისახება, ამის პროგნოზირება ჯერჯერობით ძალიან ძნელია.
შეიძლება საქართველომ და ზოგადად, კავკასიამ მოახერხოს ორივეს ინტერესი - აშშ-ს და ჩინეთის - დაკმაყოფილებული იყოს კავკასიის ამ დერეფნით და რომელიმეს მოგება-წაგებაზე არ იყოს საუბარი, მაშინ ეს ჩვენ გადაგვარჩენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისევ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ასე რომ, გადატვირთვის მსურველი ამ შემთხვევაში ორივე მხარე უნდა იყოს.