„ყველა ცდილობს ცენრტრალური აზიის გაკონტროლების ბერკეტი იგდოს ხელთ და ამაზე მიდის ბრძოლა - ვის აინტერესებს საქართველოში ახალი არჩევნები იქნება თუ არა?!“

„ყველა ცდილობს ცენრტრალური აზიის გაკონტროლების ბერკეტი იგდოს ხელთ და ამაზე მიდის ბრძოლა - ვის აინტერესებს საქართველოში ახალი არჩევნები იქნება თუ არა?!“

რა გავლენა შესაძლოა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე? რატომ არ არის კმაყოფილი ოპოზიცია სანქციების იმ ფორმით, რომელიც ივანიშვილს შტატებიდან დაუწესეს? რა გახდა მიზეზი, რის გამოც ზურაბიშვილმა ბოლო წუთს, ათონელის სასახლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო? - ამ და სხვა კითხვებზე კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-ს ინტერვიუში პასუხობს. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ივანიშვილის დასანქცირებას კონკრეტული მიზანი აქვს, თუმცა არის დასავლეთში პოლიტიკური ელიტა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში სრულიად სხვა დამოკიდებულებას იჩენს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, თუმცა არა იმ ფორმის და სიმძიმის, როგორც ოპოზიცია მოელოდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ივანიშვილი ისედაც არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ ეს დიდად ვერ იქნება ბერკეტი იმისთვის, რომ ივანიშვილი დააშინონ. რას ნიშნავს ეს სანქციები და რას ელის ორ კვირაში წამსვლელი ბაიდენის ადმინისტრაცია ამის შემდეგ?

- ფაქტია, ოპოზიცია სრულიად სხვა სახის სანქციებს ელოდა და მათ უკმაყოფილებაც ეტყობათ. პრინციპში, ვფიქრობ, რომ სანქციები სხვა რამეა და ის შევიწროვება მის კაპიტალთან დაკავშირებით, რაც ივანიშვილს დასავლეთიდან ჰქონდა, ეს იყო არაკეთილსინდისიერი მოქცევა. უკვე ყველაფერს ფარდა აეხადა და საბოლოო ჯამში, აღიარეს ამით, რომ ივანიშვილი სანქცირებულია. ამ სანქციების მიხედვით ივანიშვილს აქტივები შეეზღუდა და არა შეუჩერდა. რაც შეეხება დასავლეთის ამ ქმედებას, მაინც მგონია, ეს არის ეტაპობრივი და მას ერთგვარი გამაფრთხილებელი სახე აქვს. ფაქტია, ასევე, ისიც, რომ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსთან და ივანიშვილთან მიმართებაში ერთგვაროვანი არ არის. ეს ისედაც იგრძნობა და სხვადასხვა პოლიტიკური წრეები ერთნაირად არ უდგებიან ამ საკითხს. ამიტომ სწორია, როდესაც „ოცნება“ ფიქრობს, რომ ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ განსაზღვრული საბოტაჟი. როგორ მოიქცევა ტრამპის ადმინისტრაცია, რთული სათქმელია, მაგრამ მის ადმინისტრაციასთან მუშაობა რომ მიდის, ეს ფაქტია. ამ საქმეში ჩართულები არიან, როგორც ამერიკის პოლიტიკური წრეები, ასევე ამერიკაში მცხოვრები გავლენიანი ქართველები. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ეს კომუნიკაცია ნაყოფიერი იქნება.

ვინ არიან ეს ქართველები და რა სახის კომუნიკაციაზეა საუბარი?

- ძალიან მაღალი დონის კომუნიკაციაზეა საუბარი. ეს იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებით მდიდრები ან პოლიტიკაში ჩართულები არიან. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა სფეროში არიან ჩართულები და ისინი ტრამპის ოჯახთან და გარემოცვასთან ძალიან დაახლოვებულები არიან. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს კომუნიკაცია გარკვეულ შედეგებს გამოიღებს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და ივანიშვილის დასანქცირება ორპარტიული გადაწყვეტილებაა. ამის მტკიცებულებად მოჰყავთ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის და „მეგობარი აქტის“ ავტორის ჯო უილსონის განცხადებები. თუმცა ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ის ჩვეულებრივი ლობისტია, რომელიც ასეთ განცხადებებში ფულს იღებს. რას ფიქრობთ უილსონის აქტიურობასთან დაკავშირებით, ეს არის კერძო პირის განცხადებები თუ ტრამპის გარემოცვის პოზიციაც ასეთია?

- რესპუბლიკურ პარტაიში ერთი პოზიცია რომ არ არის, ეს ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატურის დაყენების დროსაც გამოჩნდა. პარტიაში სხვა აზრიც იყო და გაცხოველებული საუბარი იმაზე, ვინ იქნებოდა კანდიდატი, ტრამპი თუ სხვა. ამიტომ უილსონის განცახდებები არ არის გასაკვირი, რადგან ეს ერთი მხრივ, შესაძლოა, თავად რესპუბლიკელებში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითებდეს და მეორეც, ლობიზმზე, რაც ახალი და უცხო არავისთვის არ არის. „ოცნებას“ ყოველთვის იმის გამო ვაკრიტიკებდი, რომ მათ თავიდანვე ლობისტური ჯგუფების მხრიდან მუშაობაზე უარი თქვეს. ასე რომ, ულიამსი კლასიკური ლობისტია და ეს ჩანს კიდევაც. ეს არის „ფარას“ დასკვნითაც ნაჩვენები. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ლობისტის განცხადებას არა აქვს. ის არის ჩვეულებრივი დაქირავებული ადამიანი, რომელიც ამ განცხადებებში ფულს იღებს.

როგორც თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, ეს სანქციები არის გამაფრთხილებელი ხასიათის და მას ეტაპობრივი სახე შესაძლოა ჰქონდეს. რა სახის პოლიტიკურ ვაჭრობაზე, დათმობაზე შესაძლოა იყოს საუბარი, რის სანაცვლოდაც ივანიშვილს სანქცირების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება?

- დღეს მთავარია, ვინ გააკონტროლებს იმ გეოპოლიტკურ სივრცეს, რომელსაც სამხრეთ კავკასია ჰქვია; ვინ გააკონტროლებს სატრანსპორტო მარშრუტებს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში იქნება; ენერგომატარებლების ტრასებს ვინ გააკონტროლებს საქართველოში და ა.შ. პლუს რაც ყველაზე მთავარია, შავი ზღვის აუზში ვინ იქნება დომინანტი. ნატოს დოქტრინის მიხედვით, შავი ზღვა, ნატოს ინტერესების სფეროს წარმოადგენს. დააკვირდით ჩვენს სამეზობლოში საფრანგეთი როგორ აქტიურობს. ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ ყველა ცდილობს ცენრტრალური აზიის გაკონტროლების ბერკეტი იგდოს ხელთ. ამაზე მიდის ბრძოლა და ახლა, ვის აინტერესებს საქართველოში ახალი არჩევნები იქნება თუ არა?! მთავარია რამდენად ლოიალური იქნება თბილისში არსებული მთავრობა ამ მსხვილი მოთამაშეების მიმართ. საქართველოში მაცხოვრებელმა ადამიანებმა, მათ შორის აქციაზე მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა და პოლიტელიტის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ინტერესები არასდროს მსხვილი მოთამაშეების ინტერესებს არ ემთხვევა. მათ აინტერესებთ რამდენად ლოიალურია ხელისუფლება სწორედ მათ მიმართ. საქართველოს ხელისუფებამ კი გადაწყვიტა, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვას. უკვე მიდის დიპლომატიური თამაში, რამდენად მოახერხებს საქართველოს ხელისუფლება თავისი ინტერესების გატარებასაც.

როდემდე შეიძლება გაუძლოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ ზეწოლას და იქნება თუ არა ბევრი რამ იმაზე დამოკიდებული რაზე მოხდება ტრამპის ადმინისტრაციასთან ვაჭრობა?

- ვაჭრობა როგორ არ იქნება, ყველა ქვეყანას და ხელისუფლებას საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. ამერიკას, ამხელა სახელწმიფოს ქინძისხელა საქართველოსთან სავაჭრო რა უნდა ჰქონდესო იფიქრებს ვიღაც, მაგრამ ასე არ არის. ამ გეოპოლიტკურ სიტუაციაში საქართველოს ხმის ამოღების საშუალება მიეცა. გარკვეულწილად, შეუძლია გავლენები იქონიოს ამ სიტუაციაზე. ჯერ ერთი, დასაბალანსებელია სიტუაცია, სადაც პატარა ქვეყანასაც სიტყვა ეთქმის. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ გვერდით არის ქვეყანა, რომელიც კარგა ხანია ამ სიტყვის თქმას ცდილობს და გამოდის. ეს არის აზერბაიჯანი, რომელსაც ზურგს თურქეთი უმაგრებს. ჩვენ არ გვყავს ასეთი პარტნიორი, მაგრამ თურქეთისთვის მნიშვნელოვანია მისი გავლენები რეგიონში რამდენად იქნება შენარჩუნებული.

საქართველოს ტერიტორიაზე ორი სავაჭრო გზა იკვეთება, ჩრდილოეთ-სამხრეთის და დასავლეთ-აღმოსავლეთის. გააჩნია, საბოლოო ჯამში ამ გზებს ვინ გააკონტროლებს. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ისე დააბალანსოს სიტუაცია, რომ ყველას ინტერესები იყოს დაცული. მაგალითად, მიაქციეთ ყურადღება იმას, ვინც უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი, ის არის ჩინური კომპანია. თუმცა ამშენებელი კომპანია ბელგიურია. რაც მთავარია, ფულის ჩამდებია მეორე ჩინური კომპანია, სადაც წილის ნაწილი ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიას აქვს. აქ ჩანს კომპანია „ბლეკროკიც“ და „მორგანბანკიც“. ამიტომ ის, რაც ახლა თბილისში ხდება, ესაა კლასიკური ქართული ხასიათის გამოვლინება, რომელშიც, საბოლოო ჯამში, შეიძლება დაინგრეს ქვეყანა, ვიდრე ვითარების დაბალანსება მოხდეს.

შიდა პოლიტიკაზე მინდა გავაგრძელოთ საუბარი და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე გკითხოთ. იყო გარკვეული მოლოდინი, ალბათ, ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც, რომ ის სასახლეს არ დატოვებდა. თუმცა მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო. რას უკავშირებთ მის ამ ნაბიჯს და დაინახეთ თუ არა ამ გადაწყვეტილებაში დასავლეთის ხელი? ბევრმა ეს პოლიტიკურად უკან დახევად შეაფასა.

- ჩემთვისაც მოულოდნელი იყო სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ ძალებმა, რომლებიც ზურაბიშვილის ქმედებას მართავენ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. უნდა ითქვას, რომ დასავლეთში არალეგიტიმურობა ცნობიერების ჩარჩოებში არ ჯდება. თუ არალეგიტიმური ხარ, მაშინ სკამს არ უნდა მოებღაუჭო. როგორც ჩანს, დასავლეთში ეს ნაბიჯი არასწორად მიიჩნიეს. ან იმუშავეს იმ ლობისტურმა ძალებმა, რომლებიც „ოცნების“ დახმარებას ცდილობენ. საბოლოო ჯამში, ეს არ არის ზურაბიშვილის გადაწყვეტილება.

ფიქრობთ, რომ ზურაბიშვილი არ ასახელებდა გადაწყვეტილებას წინასწარ, რადგან ის ელოდა დასაველთიდან ამის დასტურს?

- რასაკვირველია, ის ელოდა პასუხს, როგორ მოქცეულიყო. ჩვენ ვნახეთ, რომ 28 დეკემბერს საღამოს თქვა, არსად არ წავიდოდა და რჩებოდა სასახლეში, მაგრამ მერე სხვა ტიპის გადაწყვეტილება მიიღო. მან სასახლის დატოვების დირექტივა მიიღო.

ელით მისი თაოსნობით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაგრძელებას?

- ზურაბიშვილი ვერ იქნება ლიდერი, ის სჭირდებოდათ, როგორც პრეზიდენტი, ხოლო არალეგიტიმური და სტატუსის გარეშე დარჩენილი ჩვეულებრივი მოქალაქე ოპოზიციას არაფერში სჭირდება. ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ოპოზიციაში საკუთარ თავს მიიჩნევენ ლიდერებად და სალომე რაღად უნდათ?! ვნახოთ, რთულია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ კიდევ დარჩენილია დრო იმისთვის, რომ პროცესები ისევ დაიძაბოს და არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ.

ლევკოთეა ,,უკვე მიდის დიპლომატიური თამაში, რამდენად მოახერხებს საქართველოს ხელისუფლება თავისი ინტერესების გატარებასაც".
საქმე იმაშია, ვისი ინტერესები იგულისხმება აქ. ქვყნის საერთო ინტერესები, თუ ქართული პოლიტიკური სინედრიონისა.
ნუ, ორივე მხარეს მყოფი ,,მისი უდიდებულესობა ხალხი" კი იმისაა, რომ უნდა იყვიროს, ემოციებისგან დაიცალოს, გამარჯვებულად იგრძნოს თავი. შოუ კი გრძელდება. გადახდილია ფული.
3 დღის უკან
Gami " ქინძის ხელა" გამაღიზიანებელია. აყვავებული ქინძი უნახია საეტთოდ?
3 დღის უკან