როგორც მოსალოდნელი იყო სეპარატისტები საშინელი ენერგოკრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. აფხაზებს ელექტროენერგიის შესაძენი არანაირი სახსარი არ გააჩნიათ, ენგურჰესი კი ძალიან დაბალი დატვირთვით მუშაობს.
გაირკვა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ენგურჰესის მეშვეობით ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების უსასყიდლოდ გაზრდაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბამ ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მოცულობის უსასყიდლოდ გაზრდის სანაცვლოდ აფხაზური მხარე ზამთარში მიწოდებული ელექტროენერგიის ზაფხულში იმავე მოცულობით ანაზღაურების პირობას დებს.
„ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებლების შესახებ… მე ვესაუბრე ენგურჰესის ხელმძღვანელ ლევან მებონიას და ვთხოვე, წასულიყო და ელექტროენერგიის ქართველ მიმწოდებლებთან ესაუბრა, რომ ენგურჰესის გავლით აფხაზეთისთვის მიწოდება ზაფხულში იმავე მოცულობით ანაზღაურების პირობით გაგვიზარდონ“, - განაცხადა ბგანბამ.
ამჟამად აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისია. დღისით აფხაზეთის მოსახლეობას დენი ორჯერ, მხოლოდ 1 სთ-ისა და 20 წუთის განმავლობაში, ხოლო ღამით 22:00-იდან 08:00 საათამდე მიეწოდება.
ამის პარალელურად ცნობილია, რომ რუსეთიდან შეწყვეტილი დაფინანსების გამო (ეს მოსკოვის საპასუხო ნაბიჯია აფხაზეთში პრორუსული კანონების წინააღმდეგ აგორებული პროსტესტის გამო) აფხაზეთში ხელფასები ელექტროენერგიის შესაძენად გათვალისწინებული რეზერვებიდან დარიგდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯანსუღ ნანბამ განაცხადა, რომ კომერციულ ფასად ელექტროენერგიის შეძენა პირველი ნოემბრიდან დაიწყო, მაგრამ თანხები, რომლებიც დარეზერვებული იყო რუსეთიდან დენის შესაძენად, გადაამისამართეს სახელმწიფო სექტორის თანამშრომლთა ხელფასებისთვის.
„ამით აიხსნება ფულადი სახსრების დეფიციტი, რომელსაც დღეს ვაწყდებით“, - განაცხადა ნანბამ და დასძინა, რომ 1,8 მილიარდი რუბლის ოდენობის რუსული ფინანსური დახმარება, რომელიც შეჩერდა, დე ფაქტო რესპუბლიკის საკუთარი შემოსავლიდან ანაზღაურდა.
გამოდის, რომ სეპარატისტებს უნდათ ელექტროენერგია საქართველოდან უფასოდ მიიღონ და მერე ზაფხულში ან დააბრუნებენ და ან - არა. მათი მხრიდან პირობის დარღვევა სრულიად მოსალოდნელია. თანაც ზამთარში საქართველომ ძვირი იმპორტული ელექტროენერგია უნდა შეიძინოს და ოკუპირებულ ტერიტორიას მიაწოდოს, რაც საკმაო თანხებთან იქნება დაკავშირებული. წინ მთელი ზამთარია, ენგურჰესში კი გამომუშავება მარტის ბოლომდე ვერ მოიმატებს.
როგორ მოიქცევა საქართველოს მთავრობა, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. „ენგურჰესმა“ კი, რომელთანაც სეპარატისტები მოლაპარაკებას აწარმოებენ, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის მოთხოვნას უპასუხა. „ენგურჰესის“ პასუხში ნათქვამია, რომ ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხზე კომუნიკაცია მუდმივად არსებობს და ჰიდროელექტროსადგური გადაწყვეტილებებს მოქალაქეების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით იღებს.
„როგორც იცით, ენგურის ჰიდროელექტროსადგური ისეა მოწყობილი, რომ მისი ნაწილი მდებარეობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნაწილი კი - სამეგრელოში. შესაბამისად, ენგურჰესის წარმომადგენლებს აქვთ მუდმივი კომუნიკაცია აფხაზურ მხარესთან, მათ შორის, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით.
ამ მხრივ ვალერი ბგანბას განცხადება რაიმე სიახლე არ არის და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეს მუდმივი სამუშაო პროცესია, სადაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით“, - აღნიშნულია „ენგურჰესის“ განცხადებაში, რომელიც „ბიზნესპრესნიუსმა“ გაავრცელა.
ცნობისათვის, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყაროები ენგურის და ვარდნილის ჰესები, ასევე რუსეთიდან იმპორტია. 1997 წელს ზეპირი შეთანხმების შედეგად, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს მიაქვს, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. თუმცა, მიწოდებული ელექტროენერგია, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების კრიზისის გამო, ამ ნიშნულს მუდმივად აჭარბებს.