მთავრობა აპირებს სულ რაღაც 6 წელიწადში ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას. ახლა ქვეყანა ელექტროენერგიის დეფიციტს იმპორტით ივსებს. ამის საჭიროება განსაკუთრებით შემოდგომასა და ზამთარშია. იმისათვის, რომ ქვეყანამ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მიაღწიოს, დიდი და მნიშვნელოვანი ენერგოპროექტების განხორციელება უნდა დაიწყოს. ეს კი ბოლო წლებში სულ უფრო რთულდება.
ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობა სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. საქართველოს პრემიერის პირობას დებს, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად გაააძლიერონ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას.
„გვინდა 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას და ამით საქართველო გახდება ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს არის აბსოლუტურად რეალური ამოცანა, ამისთვის მუშაობა დაწყებულია და გრძელდება. ვფიქრობთ, რომ ჩვენ 2028 წლისთვის გადავაჭარბებთ უკვე 8 000 მეგავატს ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით და 2030 წლისთვის გეგმა არის, რომ გადავაჭარბოთ 10 000 მეგავატს. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება.
ქართველი ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სფეროში ქვეყნის მაქსიმალურ წარმატებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, ძალიან ამბიციური გეგმა და ამ გეგმას პირნათლად შევასრულებთ. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გეგმაზომიერად შევასრულოთ ეს ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასობაში საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობა დაასრულა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მნიშვნელოვანი ენერგოობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მისი მნიშვნელობა შეაფასა.
„როდესაც ვამბობთ, რომ ვაშენებთ დამოუკიდებელ, ღირსეულ, ევროპულ სახელმწიფოს, რომელმაც თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს საერთაშორისო თანამეგობრობაში, ბევრ პრიორიტეტულ მიმართულებასთან ერთად, ვგულისხმობთ მისი ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასაც, რადგან საქართველოს ნამდვილად გააჩნია რესურსები, რომ სწორი პოლიტიკით და ჩვენი საზოგადოების თანადგომით არა მხოლოდ შექმნას ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის საჭირო ენერგეტიკული სიმძლავრეები, არამედ გახდეს სხვა ქვეყნების, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოების საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხითაც“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიციური გეგმა - 2030 წლისთვის არა მხოლოდ გააორმაგოს, არამედ 10 000 მგვტ-მდე გაზარდოს ქვეყნის დადგმული სიმძლავრე, რაც სრულად უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს, ასევე განავითარებს ახალ, ენერგოტევად დარგებს.
მომავალ 5-6 წელიწადში ასეთი გეგმის სისრულეში მოყვანას დიდი ენერგოპროექტების განხორციელება სჭირდება. ამ მხრივ კი საქართველოში ვითარება არასახარბიელოა. ეს ცოტა ხნის წინ დაადასტურა კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებულმა დავამაც, როდესაც კომპანია „ენკამ“ საქართველოს სახელმწიფოს 383.2 მილიონი დოლარი მოუგო. საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამოხვანჰესის 800 მლნ დოლარიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული. კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა.
ასეთ მოცემულობაში კომპანია Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მასშტაბის დიდი პროექტების შეჩერება უპირველესად, უდიდეს ზარალს ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით მოიტანს, რაც სრულად შეცვლის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს.
„ჩვენი ქვეყნისთვის ამ პროექტის შეჩერება დიდი მავნებლობა იყო ყველა მხრივ, უპირველესად, ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით. ზუსტად იმ წელს, როცა პროექტი შეჩერდა, მილიარდ-ნახევარი კილოვატი შემოვიტანეთ რუსეთიდან, ზუსტად იმდენი, რაც ნამოხვანს უნდა ეწარმოებინა.
ჩვენ მოგვიწევს აბსოლუტურად არაფერში თითქმის 400 მილიონი დოლარის გადახდა, გვრჩება დანგრეული ხეობა და მოუწესრიგებელი ბუნება. ასევე, პოტენციური ინვესტორები საკმაოდ ნეგატიურად არიან განწყობილნი. შემდეგი კონტრაქტი თუ ეს ოდესმე მოხდება, ბევრად უფრო მკაცრი და არასასიამოვნო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ბევრად მეტი რისკის დაზღვევა მოგვიწევს. დეტალებს ვერ განვიხილავ, მაგრამ თავიდან აშენების ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან არის, თუმცა ამ პოლიტიკურ სიტუაციაში არ ვიცი, რამდენად დაინტერესდება რომელიმე ინვესტორი ასეთი მსხვილი და გრძელვადიანი ინვესტიციით“, - აღნიშნა აბრამიშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დიდი პროექტს, რომელმაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, ეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელია და გიორგი აბრამიშვილის ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.