საქართველოში ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ეჭვები და ბრალდებები გაქარწყლებულია

საქართველოში ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ეჭვები და ბრალდებები გაქარწყლებულია

საქართველოში ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ეჭვები საბოლოოდ გაქარწყლდა. საერთაშორისო ექსპერტებმა ქვეყანას იმდენად დადებითი შეფასება მისცეს, რომ ამგვარი რეიტინგი მხოლოდ 7 ქვეყანას თუ აქვს. გარდა ამისა, ევროპის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი უფრო სწრაფად პასუხობს ბოლო პერიოდის შოკებს, ვიდრე დიდი ქვეყნების ცენტრალური ბანკები.

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა.

„ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის მე-15 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისობის რეიტინგი „ნაწილობრივ შესაბამისიდან“ „მნიშვნელოვნად შესაბამისამდე“ გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ Moneyval-ის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს აქვს „მნიშვნელოვნად შესაბამისი“ შეფასება.

Moneyval-ის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მე-15 რეკომენდაციის უზრუნველსაყოფად, რაც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის რეგულირებას“.

ვირტუალური აქტივის პროვაიდერების რეგულირებისა და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მხარდაჭერა.

ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა Moneyval-ის შეფასება, ეს გახლავთ ევროპის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც თვალყურს ადევნებს ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას, - ასე გამოეხმაურა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების დადებითად შეფასებას. თურნავას თქმით, ეს არის სებ-ის და მისი გუნდის ნაყოფიერი მუშაობის შედეგების აღიარება.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა გაგვეძლიერებინა ჩვენი ზედამხედველობის ჩარჩო სწორედ ფულის გათეთრების მიმართულებით. ეს არის მაღალი აღიარება, აღიარება ჩვენი გუნდის ეფექტური მუშაობის. საინტერესოა, რომ Moneyval-ის მიერ შეფასებული ევროსაბჭოს წევრი 27 ქვეყნიდან, მხოლოდ 7 ქვეყანას და ახლა უკვე მათ შორის საქართველოს, გააჩნია ასეთი მაღალი შეფასება ამ თვალსაზრისით. ეს არის არსებითი ფართო შესაბამისობა ჩარჩოსთან, ჩვენს ჩარჩო კანონმდებლობასთან. ვფიქრობ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც მეტ სტიმულს მოგვცემს, რათა ჩვენმა გუნდმა ან მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააუმჯობესოს“, - განაცხადა თურნავამ.

სებ-ის გატარებულ ღონისძიებებს და საქმიანობას დადებითად აფასებენ ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებიც. მაგალითად, ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტმა ზდენიეკ ტუმამ ხაზგასმით აღნიშა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი უფრო სწრაფად პასუხობს ბოლო პერიოდის შოკებს, ვიდრე დიდი ქვეყნების ცენტრალური ბანკები.

„სებ-ი, სხვა მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყნების მსგავსად, უფრო სწრაფად პასუხობს ბოლო პერიოდის შოკებს, ვიდრე დიდი ქვეყნების ცენტრალური ბანკები, როგორებიცაა, მაგალითად, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ევროპის ცენტრალური ბანკი და ინგლისის ბანკი და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი კარგადაა მომზადებული, ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და ძალიან კარგი ანალიტიკური გუნდი. აღნიშნული ეროვნულ ბანკს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეუძლიათ, სათანადო რეაგირება ჰქონდეთ“, – აღნიშნა ზდენიეკ ტუმამ ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.