ხოშტარიას და კეზერაშვილის რუბლს სუნი არ ასდის

ხოშტარიას და კეზერაშვილის რუბლს სუნი არ ასდის

„მისტერ ოფშორი“ - ანუ საერთაშორისო კრიმინალი დავით კეზერაშვილი, რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმით, კრიმინალურ სფეროში საპატიო ადგილს იკავებს. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე არის ქართული ჯარის ძარცვა, იმ ჯარის, რომელიც 2008 წელს რუსეთის რეგულარული არმიის წინააღმდეგ იბრძოდა. ამ სკანდალურ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ კეზერაშვილმა გაძარცვა საქართველოს შეიარაღებული ძალები.

საერთაშორისო კრიმინალმა საქართველო 2012 წელს დატოვა და თავი დიდ ბრიტანეთს შეაფარა, როგორც პოლიტიკურმა დევნილმა. თუ გავითვალისწინებთ კეზერაშვილის საერთაშორისო პარტნიორებს, რა თქმა უნდა, მან მარტივად მიიღო პოლიტიკური დევნილის სტატუსიც და დაიწყო ევროპელი პენსიონრების ძარცვა ე.წ. ქოლცენტრების მეშვეობით. პარალელურად, გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ ველზე და დაარსა „დამოუკიდებელი“ ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც რეალურად არის პროგანადისტული არხი. შემდეგ მიადგა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის წევრები მას ღია ეთერში კრიმინალად მოიხსენიებდნენ, ერთგვარად, შური იძია - პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც მას კრიმინალს უწოდებდა, ჩაანაცვლა ლევან ხაბეიშვილით, რომელიც ასევე კრიმინალად მოიხსენიებდა და ამით სააკაშვილს მიანიშნა, რომ მას შეუძლია პარტია ჩამოშალოს, რაც გააკეთა კიდეც.

სანამ კეზერაშვილი ნაცმოძარაობის დაშლა-არდაშლით იყო დაკავებული და პარალელურად, ნაცმოძრაობის წევრების მეშვეობით თბილისში ქმნიდა ე.წ. ქოლცენტრებს, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 46-წუთიანი გამოძიება დადო და თქვა, რომ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი მილიარდიანი თაღლითობის სქემის ცენტრალური ფიგურაა.

როგორც BBC-ის გამოძიებამ თქვა, თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5 ათას მოქალაქეზე გავიდნენ, ჩამონათვალშია სკანდინავიისა და გერმანიის პენსიონერებიც. ფილმში გამოყენებულია გერმანელი პროკურორის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ მსხვერპლი ძალიან ბევრია, მათ შორის გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან.

ამ სკანდალური გამოძიების გამოქვეყნებიდან უკვე მეორე დღეს კეზერაშვილმა ბრიტანეთი ოჯახთან ერთად დატოვა და შემდეგი თავშესაფარი საბერძნეთში იპოვა, სადაც ამ დრომდე რჩება. აგრძელებს ევროპელი პენსიონრების ძარცვას, ამ ფულით აფნანსებს „ფორმულას“ და სახელმწიფო გადატრიალებას, რადგან, მათი ლოგიკით, საქართველო იმართება რუსეთიდან და რუსული ფულით.

საყოველთაოდ ცნობილია ელენე ხოშტარიას და რუსული ფულის ისტორია და ასევე, რუსულ ფულზე უარს არ ამბობს კეზერაშვილი. რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-მ მოსკოვში თაღლითური სატელეფონო ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელი დახურა, რომელიც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, Milton Group-ის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ინტერესებით მუშაობდა და 50-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი დააზარალა.

უწყების მტკიცებით, ქოლ-ცენტრები იყო საერთაშორისო ორგანიზებული კრიმინალური საზოგადოების ნაწილი, რომელიც საინვესტიციო ტრანზაქციების საფარქვეშ ახორციელებდა მასიურ თაღლითობას ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბრაზილიის, ინდოეთის, იაპონიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ.

„მათი უკანონო საქმიანობის მსხვერპლი 50-ზე მეტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გახდა. უკანონო ქმედებებიდან მიღებული შემოსავალი დღეში მილიონ დოლარს აღწევდა“, - აღნიშნულია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რუსეთში მოქმედი ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელები იყვნენ: ისრაელისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე კესელმანი, ასევე ისრაელისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ტოდვა. კესელმანი დაკავებულია, ხოლო ტოდვაზე ძებნაა გამოცხადებული. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, საერთო ჯამში, კეზერაშვილის რუსული ქოლ-ცენტრის ოფისების 11 ხელმძღვანელი და თანამშრომელი დააკავა.

„მისტერ ოფშორს“ რუსული რუბლების მისაღებად გზა ჩაეკეტა. კეზერაშვილმა კარგად იცის, რას ნიშნავს, როცა „ეფ-ეს-ბე“ დანაშაულის კვალზე გადის. ეს ნიშნავს, რომ კეზერაშვილის გარშემო ვიწროვდება უსაფრთხო გარემო. რასაკვირველია, იგი ამ საქმეს არ იმჩნევს და საპასუხოდ სოციალურ ქსელში წერს, რომ BBC-მ სასამართლო დავის შედეგად, თავისი პლატფორმებიდან ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები და სტატიები გაიხმო, რითაც, მისი თქმით, დადასტურდა, რომ ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას. კეზერაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია BBC-ის სასამართლო დავა მოუგო.

„ქართული ოცნების“ ყველა მსგავსი კამპანია სასამართლოებმა ან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად (2024 წლის ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) ან პოლიტიკურ დევნად შეაფასეს (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები). მადლობა მინდა გადავუხადო იურიდიულ გუნდს, რომელმაც ბევრი იშრომა, რათა ჩემი სიმართლე დამტკიცებულიყო“, - წერს დავით კეზერაშვილი.

კეზერაშვილის განცხადებაზე ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია BBC-ის, რომელმაც ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე ფილმი 2023 წლის აპრილში გამოაქვეყნა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ იმდენი იძახა რუსები, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ.

„რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ ნაცების დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ. ბოლოს წილებზე ვეღარ დალაგდნენ, როგორც ჩანს. მერე მომადგება რუსული ქოლცენტრიდან დაფინანსებული ტელევიზიის ჟურნალისტი და „ბატონო მამუკა, უხერხულობას არ გიქმნით ლავროვის განცხადება?“ - გაბრაზებული სახით მეკითხება“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ეს არის მხოლოდ დადასტურება იმისა, რომ რეალურად, კრიმინალურ ორგანიზებას ამ მიმართულებით ფარგლები არ აქვს და შესაბამისად, რუსეთში, უცხო კომპანიის საფარქვეშ ხდებოდა ამ ორგანიზაციული ჯგუფის საქმიანობა.

„ვფიქრობ,ეს იქნება დამატებითი მტკიცებულება კეზერაშვილის მიმართ საქართველოში აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და არა მარტო საქართველოში. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ფულით კეზერაშვილი აფინანსებს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას, რაც სამწუხარო რეალობაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.