16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე საქართველოსთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ და როგორც ცნობილი ხდება, უკვე არსებობს კონკრეტული „დასჯის“ მექანიზმები, რომლითაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვენ. ასევე საუბარი მიდის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელსაც 27-ივე ქვეყნის თანხმობა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ ამ რადიკალური ზომების მიღებას რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება და ბრიუსელი ქართველი ხალხის დასჯას ვერ მოახერხებს.
უნგრეთის საგრეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მას ბრიუსელიდან მიაწოდეს მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და სამინისტროების მაღალჩინოსნების დასანქცირების თაობაზე, რასაც უნგრეთი არ დაუშვებს და მას ვეტოს დაადებს. მხოლოდ უნგრეთი არაა ის ქვეყანა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის და რიგი პოლიტიკოსების მოთხოვნები უსამართლოა. საქართველოს მხარდამჭერ ქვეყნებში მოიაზრებიან, უნგრეთთან ერთად, სლოვაკეთი, ბულგარეთი, იტალია და ასევე, გერმანიაც. ეს ქვეყნები ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ. არიან ასევე სხვა ისეთი ქვეყნები, რომლებიც ყოველდღიურად საქართველოს დასჯის წინააღმდეგ გამოდიან.
ევროკომისიის თანახმად, 16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ „დამატებით ზომებზე“ იმსჯელებს.
„თითქმის ორი კვირაა, ქართველი ხალხი იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, აწყდება სასტიკ, უკანონო ძალას პოლიციისგან“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 10 დეკემბერს გაავრცელა ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა.
განცხადების მიხედვით, ევროკავშირი გმობს „რეპრესიულ ქმედებებს დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ და მოითხოვს ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.
ანიტა ჰიპერი ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ 16 დეკემბერს დაგეგმილ მინისტერიალზე და იმსჯელებენ „დამატებით ზომებზე“.
9 დეკემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმაც.
დემონსტრაციების დარბევაზე ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის მან ჩამოთვალა უვიზო რეჟიმის შეჩერება „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“; ასევე - პერსონალური სანქციების დაწესება „27-ვე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“.
თუმცა ამავე დღეს პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა შედგა. ამ ეტაპზე უცნობია ზუსტად რაზე მოხდა შეხვედრა, თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს იყო პროტოკოლით გათვალისწინებული შეხვედრა, სადაც ელჩმა და მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. ამის შემდეგ კი სოციალურ ქსელში ელჩ ჰერჩინსკის წიანააღმდეგ უარყოფითი კამპანია დაიწყო. პლატფორმა X-ზე, ევროკავშირის ელჩს, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ევროპარლამენტარები გამოეხმაურნენ.
„სირცხვილი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“, „მიუღებელია“ - ეს იმ სიტყვებისა და ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დიპლომატმა ევროპელი დეპუტატებისგან მიიღო.
ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს სოციალურ ქსელის დახმარებით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი სუბიექტური ინტერესების მიხედვით მოქმედებს, რაც სახიფათო ტენდენციების გაჩენას უწყობს ხელს. კანონმდებლებმა დღეს, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის მიტინგებზე მათი ყოფნა და მოწოდებებიც გაიხსენეს.
„ახლახან მივიღეთ შეთავაზება ბრიუსელიდან, რომ ევროპული სანქცია დაუწესდეს საქართველოს შს მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს. ეს წინადადება აღმაშფოთებელია“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, თუ ასეთი წინადადება დადგება, უნგრეთი მას ვეტოს დაადებს.
ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ევროკავშირში ბოლო დროს მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით შეიცვალა და ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო 20 იანვრის მოახლოვებასთან ერთად გახდება. შესაბამისად, მამრაძე გამორიცხავს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით 27-მა ქვეყანამვე შეძლოს კონსენსუსი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ ან ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მოხდეს.
„ევროკავშირში რომ უკვე სიტუაცია სხვა მიმართულებით მიდის, ეს თვალსაჩინოა. ფაქტი კი ისაა, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო ვერანაირი რეალური მტკიცებულებების წარდგენა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ასევე, უკვე საქართველოს ჰყავს ევროკავშირი წევრი ქვეყნების სახით რიგი მეგობრები, რომლებიც ამას მხარს არ დაუჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ოპოზიციამ 18 ნოემბერს გაგზავნა წერილი, რომ მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ეს არ მოხდა. საქართველოს მეგობრები არიან: უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, იტალია და ასევე გერმანია, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.
მაშინ, როცა არჩევნებამდე ეს ნაბიჯები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ გადადგეს, ჩნდება კითხვა, ახლა რატომ უნდა გააკეთონ ეს, როცა ფაქტია, „ოცნებამ“ არჩევნების მოგება დაამტკიცა. ვერ მოხდა გაბათილება ამ შედეგების ვერანაირი მტკიცებულებით. ეს ხომ სიგიჟის და აბსურდის ტირაჟირებაა, რომ „ოცნებას“ მოეხერხებინა 30 ათასი ხმის ისე გაყალბება, რომ ამის ერთი კაციც ვერ იპოვეს, ვინც დაადასტურებდა. ამდენ დამკვირვებელს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ევროკავშირს ჰყავდა, როგორ გამოეპარათ ამხელა კანონდარღვევა? ეს გაჟონვის ამბავიც საერთოდ დაიკარგა და თუ აკვირდებით, ამაზე ოპოზიცია აღარც აპელირებს. ევროკავშირში არის ხალხი და ქვეყნები, რომლებიც რაციონალურად აზროვნებენ. შესაბამისად, ახლა რატომ უნდა დაუწესონ სანქციები, როც ამას არანაირი ზეგავლენა არ ექნება?“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, 20 იანვრამდე ცდილობს ყველა და ეს გიორგი გახარიას განცხადებიდანაც გამოჩნდა, რომ ოპოზიცია დროის მოგებას ცდილობს. მამრაძის თქმით, ევროკავშირშიც კარგად იციან, რომ ბევრი რამ შეიცვლება. ტრამპის პოლიტიკის გავლენა ევროკავშირზე უკვე იგრძნობა.
„ვნახეთ, პარიზში ტრამპმა მაკრონი როგორ შეაქო და როგორ ცდილობდა მაკრონიც, რომ მისთვის თავი მოეწონებინა. ერთ დროს, როცა ტრამპს აკრიტიკებდნენ ევროპელი ლიდერები, ისინი ახლა მაქსიმალურად ეცდებიან მას თავი მოაწონონ. ამიტომ, როცა ჯერ არავინ იცის ტრამპის და მისი ახალი ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, გამოვრიცხავ, რომ 16 და 17 დეკემბერს რაიმე მწვავე გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ერთი, რასაც აპირებდნენ, ეს იყო იმის გამოცხადება, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებებს ევროკვშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აჩერებდნენ. ხელისუფლებამ კი მათ ერთი ნაბიჯით დაასწრო და სწორედ ამიტომ გააკეთა კობახიძემ საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებების ინიციატივის შეჩერებაზე განცხადება. ამით დაასწრო ევროკავშირის იმ ძალებს, რომლებსაც საქართველოს ამ თემით მანიპულაცია და შანტაჟი სურთ. ამიტომ ეს პროცესებიც ჩაცხრება. ოპოზიციას კი, როგორც გახარიამ თქვა, არც პირველ ფაზაში აქვს რაიმე ხელშესახები და არც მეორე ფაზაში ექნება, როცა ტრამპის ინაუგურაცია მოხდება და სრულიად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს მივიღებთ თავად ევროპაშიც“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ვიხილეთ ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩის ჰერჩინსკის შეცვლილი პოზიცია, რომელიც საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს ბოჭორიშვილს შეხვდა, ამის გამო კი რადიკალურმა ევროპარლამენტის წარმომადგენლება ის სასტიკად გალანძეს. ამიტომ ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ნელ-ნელა, ეს წნეხი შემცირდება და სიტუაცია დალაგდება.