ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის გეგმები გათქვა და დაასახელა მოქმედების ის ტაქტიკა, რომელზეც 20 იანვრამდე მუშაობენ. გახარია ამბობს, რომ ეს გეგმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის ოფიციალურად დაკომპლექტებამდე და დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა განხორციელდეს.
როგორც გახარიამ „ფორმულას“ ეთერში განმარტა, თუ მათი გეგმა შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე არ შესრულდება, მერე ძალიან გვიან იქნება.
„ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა, მერწმუნეთ, ჩვენ თუ არ დავასრულეთ ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ უკვე, ეს ძალიან გვიან იქნება. ამიტომ ჩვენ ახლა კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმაზე, რომ ლეგიტიმაცია არ მოხდეს ამ ინსტიტუტების“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
გადაცემის წამყვანის, გიორგი თარგამაძის დამაზუსტებელ რეპლიკაზე - „ტრამპის ადმინისტრაციის ამოქმედებამდე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დავაზღვიოთ გარკვეული რისკები პერსპექტივაშიც, ამ ეტაპზევე ჩაბეტონდეს, მათ შორის, შტატებსა და ევროპაში ერთობლივი პოზიცია, პოლიტიკა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების უარყოფასთან მიმართებაში“ - გიორგი გახარიამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, დიახ“.
გიორგი გახარიას ნათქვამი პრემიერ-მინისტრისთვის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან წამოცდენად შეფასდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ ოპონენტებში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო მიდგომები შიშს იწვევს. მმართველი ძალაში კიდევ ერთხელ საუბრობენ, რომ ვერანაირი გეგმა და სტრატეგია საქართველოში არეულობასა და ქაოსს ვერ გამოიწვევს.
პრემიერის თქმით, 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას.
„ერთ-ერთ მათ ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ, თუმცა მათ მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად მალე, 20 იანვრამდე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები“, - განაცხადა პრემიერმა.
ქვეყნის ფარგლებს მიღმა პარტნიორებთან კომუნიკაცია, ქვეყნის შიგნით კი საპროტესტო აქციები - ოპოზიციისთვის გამარჯვება ამ ორი მიმართულებით მუშაობაზე გადის. მმართველი პარტია ოპონენტებს ურჩევს, მორიგ მარცხს შეეგუონ.
ოფიციალური თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობების თვისობრივი გადატვირთვის მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რეალური გახდება.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი. მმართველი პარტია ოპონენტებს მიმართავს, დაელოდონ ორი სახელმწიფოს ურთიერთობების განვითარებას და უარი თქვან საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზე.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ოპოზიციის შიში 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე ნამდვილად რეალურია. ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ტარმპის ინაუგურაციის შემდეგ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ბევრი რამ შეიცვლება, ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მწვანე შუქი საქართველოში მოქმედ რადიკალებს დიდი ხანი აღარ ენთებათ.
„ეს ისტერიკა, რაც ახლა თბილისში რუსთაველის გამზირზე მიდის, ზუსტად, პირდაპირ კავშირშია ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასთან, რადგან დასავლეთში მოქმედი ლიბერალური ძალები, მაქსიმალურად, დროში მოსწრებას ცდილობენ. ამიტომ მათ აუნთეს მწვანე, როგორც უკრაინას შორი მანძილის რაკეტების გამოყენებაზე, ისევე, საქართველოში მყოფ მათ აგენტოკრატიას ნიშანი მისცეს, რომ ისინი მოქმედებაზე გადასულიყვნენ. სწორედ, ამ რეალობის წინაშე ვდაგვართ და ეს პირდაპირ აღიარა გიორგი გახარიამ. თბილისში მიმდინარე მოვლენები არ არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის რესურსი. ეს პირდაპირპროპორციულად კავშირშია ბაიდენის ადმინისტრაციის მიმავალ მავნებელ ძალებთან. როდესაც ადმინისტრაციის პრეს-სპიკერი მილერი გამოდის და ამბობს, რომ თურმე საქართველოში უნდა დასანქცირდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, თურმე სააკაშვილი უნდა გამოვიდეს ციხიდან და თუ ამ ყველაფერს არ ვიზამთ, სტრატეგიულ ურთიერთობას შეწყვეტენ, რომელიც ტექნიკურად არც არაფერში გამოიხატება, ისინი ცდილობენ მოსწრებას, რომ როგორმე საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ, დააბრუნონ ვასალი ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, როგორმე, იქნებ მოასწრონ და ეს ბოლო გაბრძოლება მაინც გამოუვიდეთ“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკა განმსაზღვრელი იქნება, იგივე გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის და დიდი ბრიტანეთისთვის. ამიტომ, როგორც კი ამერიკაში დე ფაქტო რეალობა შეიცვლება, იმ წამსვე ევროპული პოლიტიკაც მის რელსებზე გადავა. ეს იციან გახარიამაც და რადიკალურმა ოპოზიციამაც.
„ოპოზიციაში და მესამე სექტორში ყველას კარგად ესმის, რომ ტრამპის მოსვლის დღიდანვე მათი დროშები დაიხრება და აღარავინ გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან განცხადებას, რომელიც „ოცნების“ მისამართით იქნება პრეტენზიების და თითის ქნევის პოლიტიკა. 20 იანვრის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის პერს-სპიკერი გამოვა და გააკეთებს განცხადებას არა სტრატეგიულ პარტნიორობის გაუქმებაზე, არამედ პირიქით, ორი ქვეყნის ურთიერთობის გაძლიერებაზე; უცბად აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო ელჩის დავალებები, რომელსაც ახლა დანიგანი იღებს, რადიაკლურად შეიცვლება; აღარ იქნება ისეთი აბსურდის მოთხოვნა, როგორიც ქარდებით საუბარია და ქვეყნის შიდა საქმეებში ღია ჩარევაა. ანუ ძირეულად შეიცვლება პოლიტიკური მიდგომა. რა თქმა უნდა, 2025 წელსვე, სახელმწიფოს დეპარტამენტი გააკეთებს წლიურ ანგარიშს, რომელშიც პრიორიტეტები გამოიკვეთება დონორი სახელმწიფოების მიმართ. ესენია როგორც სოროსის ფონდი, ასევე იუესაიდი და სხვ ორგანიზაციები, რომლებიც ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ამიტომ ყველა კარგად ხვდება ნაცკლასტერში, რომ როგორც კი ტრამპი ხელისუფლებაში მოვა, საპირისიპირო პოლიტიკით იქნება შეცვლილი“, - ამბობს ახვლედიანი.
რაც შეეხება ზურაბიშვილის და ტრამპის პარიზში შეხვედრას - საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ამერიკის პრეზიდენტს საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრა, თუმცა ახვლედიანი ამბობს, რომ ზურაბიშვილი, როგორც პოლიტიკურად კოჭლ იხვს, არავინ ანგარიშს არ უწევს. მით უმეტეს ტრამპი, რომელმაც ისედაც კარგად იცის და საქმის კურსშია საქართველოში რა მოვლენები ვითარდება და ვისი ხელია თბილისში მიმდინარე პროცესებში ჩართული. ამიტომ ზურაბიშვილს ტრამპი, მაკრონის დახმარებით, ზრდილობის გამო ელაპარაკა და მეორე დღეს ეს უკვე არავის აღარ ახსოვდა.