ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა - შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო რადიკალური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს აჯანყებისკენ. ერთ-ერთი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორია.
ვაშაძემ, როგორც იურისტმა, კარგად იცის, რა სასჯელს ითვალისწინებს მისი მოწოდებები, თუმცა ამის მიუხედავად ამბობს, რომ ის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვაშაძეს და რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს მოუწევთ ვახტანგ გომელაურის და შემდეგ უკვე ვახტანგ ლილუაშვილის უწყებაში მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა.
ამბოხებული ვაშაძე, რომელიც ჯერ კიდევ სარგებლობს დეპუტატის მანდატით, მიმართავს შს მინისტრს, დაკითხეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც „ძალადობის მთავარი ორგანიზატორები“ არიან?
„ქვეყანაში ქაოსია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია და ამ ქაოსის სახელი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას არ გვაძლევს. შსს-სგან მივიღე რაღაც გაურკვეველი ფურცელი და მინდა ვახტანგ გომელაურს მივმართო, თქვენ აქ სახელი და გვარი შეგეშალათ. აქ უნდა ეწეროს ბიძინა ივანიშვილი. მაინტერესებს, დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან? ისინი გასცემენ პოლიტიკურ დავალებას, რის გამოც, სპეცრაზმი თავ-პირს ალეწავს მოქალაქეებს. ისინი, ეს თავად „ტიტუშკები“, „ტიტუშკებს“ აორგანიზებენ, რომლებიც თავს ესხმიან მოქალაქეებს. ვახტანგ გომელაურს მივმართავ - არის თუ არა დაკითხვაზე დაბარებული ამ ძალადობის მთავარი ორგანიზატორები, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შეიძლება თქვენც? თუ თქვენც, მაშინ სხვა უწყება გამოგკითხავთ. პასუხს ველოდები ე.წ. შს მინისტრისგან, ვახტანგ გომელაურისგან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე კი მიმართვს მოსახლეობას და პირველ რიგში, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ამომრჩევლებს, რომ ყველაფერი იქნება კარგად. მისი თქმით, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება.
„უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილი ვითარება გამოძახილია იმ პროცესის, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს და საიდანაც აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
აქციის მონაწილეებისგან განსხვავებით, ოპოზიციამ იცის, რომ დაუშვებელია პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებისკენ და პოლიციელებზე თავდასხმის მხარდაჭერა, ორგანიზება არის სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, რადიკალურ პროცესებზე გადასული ლიდერების წინააღმდეგ ამოქმედდება სს კოდექსი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება მოქმედებს კანონის ფარგლებში, თუმცა მიმართავს, რომ გამოიჩინონ მტკიცე ნება, ვინაიდან ეს ის ხალხია, რომელიც ყველაფერს იკადრებს.
„შემირცხვენია ის კოლექტიური დასავლეთი, რომელსაც ვაშაძის, გვარამიას, გირჩი ზურაბას, მელიას, გახარიას და სალომესნაირზე მეტი ლიდერი ვერ მოუძებნია საქართველში. წარმოიდგინეთ, როგორი კატასტროფული მდგომარეობაა, რომ ამათ წარმოადგენს ვაშაძე, რომელიც, სწორედ, ამ კოლექტიური დასავლეთით არის გაყოყოჩებული. საქართველოში, რომ იტყვიან, ჯერ თოკს უთრევენ ვაშაძეს, მაგრამ მიაბრძანებენ იქ, სადაც საჭიროა - ვირის აბანოში. ეს ე.წ. რბილი პოლიტიკა ვაშაძის მიმართ გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი ხელისუფლება ჯერჯერობით ანგარიშსს უწევს კოლექტიურ დასავლეთს. თუმცა, აქვე მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ გამოიჩინოს მტკიცე ნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ის ხალხია, რომელიც ყველაფერს იკადრებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ არა მარტო აგრესიაზე, მნიშვნელოვანი სტრატეგია ჟღერდება მათ მიერ და განსაკუთრებით საინტერესო იყო გახარიას განცხადება, რაც არის ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელია შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
„ნახეთ, ამ ჯგუფების მიზანია, რომ არ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ეს არის ძალიან ცუდი და მძიმე განცხადებები. ვწუხვარ, რომ ამ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს შს მინისტრი და შემდეგ პრემიერ-მინისტრი. მისი განცხადებები შეიცავს ანტისახელმწიფოებრივ აზროვნების ძალიან დიდ ნარატივებს. კატასტროფული სიტუაცია არის. სიმართლე გითხრათ, ამდენი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის სახელმწიფო სტრუქტურების სათავეში ყოფნის ფონზე, მართლაც რომ ღმერთის ნებაზეა ქვეყანა დატოვებული“, - ამბობს კუხალაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ დროულად აღასრულოს სამართალი.
„თუკი ხელისუფლების მიერ დაფიქსირებული არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მან უნდა გააკეთოს, რაც შეიძლება დროული რეაგირება, რომ მოახდინოს ამ დანაშულის დროული აღკვეთა. თუ ამ მოქმედების სისტემაზე ქვეყანა არ არის გადასული, ან არ გადავა, ის, საბოლოო ჯამში, აუცილებლად მიიღებს კონსტიტუციურ წყობილების ძალადობრივ დამხობას. არანაირი ძალადობრივი ღონისძიების განხორციელება აქ არ არის აუცილებელი. მთავარია, რომ მოქმედების პრინციპი რაც არის - ოპერატიული სამსახურების მოქმედების და საქართველოს გენერალური პროკურატურის -გახლავთ ის, რომ ოპერატიულ ინფორმაციაზე, თუ ღია წყაროებზე არსებული ინფორმაზიებზე დაყრდნობით, მოხდეს დაუყოვნებელი რეაგირება. თუ ამ განცხადებებში და სხვა ნაწილებში არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, დაგვიანება არ შეიძლებაა. ოპერატიული რეაგირებაა საჭირო ნებისმიერ დანაშაულზე. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები ხელიდან გაექცევათ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.