ტურიზმი საპროტესო აქციებისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, რომელიც უკვე საკმაოდ დიდია

ტურიზმი საპროტესო აქციებისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, რომელიც უკვე საკმაოდ დიდია

ტურისტულმა სექტორმა, თბილისში მიმდინარე რადიკალური პროტესტის გამო, უკვე დიდი ზარალი ნახა. ჯავშნების 70% უკვე გაუქმებულია, ახალი შეკვეთები საერთოდ არ შემოდის. ქალაქის ცენტრში სასტუმროები თითქმის სრულად პარალიზებულია. ქვეყნის დედაქალაქში სტუმრობისგან თავს იკავებენ არა მარტო ევროპელი ტურისტები, არამედ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებიც.

ტურისტული ინდუსტრიის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმაც, რომლის ინფორმაციითაც, ჯავშნები უქმდება ყველა იმ ქვეყნიდან, საიდანაც, წინა წლებში ყველაზე მეტ ტურისტს იღებდნენ.

რა თქმა უნდა, ჯავშნების რაოდენობასა და ტურიზმზე დაძაბულობა მყისიერად ისახება. ტურიზმი ყველაზე მყიფე ბიზნესია, რომელზეც ნებისმიერი არეულობა, დემონსტრაცია, მყისიერად აისახება და პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, რომ ახალი ჯავშნების მიღება ჩვენთან შეჩერდა. მიმდინარეობს ძველი შეკვეთების გაუქმებაც, განსაკუთრებით თბილისის ცენტრალურ რაიონებში. ცენტრი ამ ეტაპისთვის პარალიზებულია, თბილისში ტურისტული ჯავშნების თითქმის 70% გაუქმდა უკვე.

ხელისუფლების მოვალეობაა, ქვეყანა იყოს სტაბილური, იყოს სიმშვიდე და სიწყნარე, რომ განვითარდეს ტურიზმი. სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ, რა თქმა უნდა, - განუცხადა ბიზნეს მედიასთან ალავერდაშვილმა.

მან საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სახალხო დამცველის ოფისთან შეიკრიბნენ. ომბუდსმენის ოფისი პროტესტის ადგილად შეირჩა, რადგან სწორედ ამ აპარატს ევალება აქციებზე გამოვლენილი დარღვევების დაფიქსირება.

სახალხო დამცველი, ჩვენი აზრით, ყოველ დღე უნდა იმყოფებოდეს აქციებზე, მთელი აპარატი თვალნათლივ უნდა ხედავდეს და აფიქსირებდეს, რა ხდება იქ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მოვალეობა, რასაც უნდა ასრულებდნენ, - განაცხადა სასტუმროების ფედერაციის ხელმძღვანელმა.

საპროტესტო აქციების ფონზე, ბილტმორ თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილმა კი გაურკვეველი დროით გადაიწია. სასტუმროს გაყიდვების დირექტორმა მარიამ ქუთათელაძემ აღნიშნა, რომ უქმდება ჯავშნებიც, თუმცა დედაქალქში უკვე ჩამოსული სტუმრები სასტუმროში რჩებიან. სასტუმრომ ფინანსური ზარალი უკვე მიიიღო, თუმცა კონკრეტული თანხა ჯერ არ სახელდება.

რაც კი ღონისძიება იყო დაგეგმილი, გაუქმდა, ზოგიერთმა გადაიწია, მაგრამ ჯერ არ ვიცით დრო, როდის გაიმართება. ნოემბერი მთავრდებოდა და გაგვიუქმდა რაღაც ღონისძიებები, დეკემბერიც გაუქმდა. ასევე, ჯავშნებიც უქმდება. ჩამოსული სტუმრები რჩებიან სასტუმროში. არ აუქმებენ, მაგრამ ახალი ჯავშნები არ შემოდის. არიან კომპანიები, რომლებსაც თვის დასაწყისში ჰქონდათ დაჯავშნილი და არიან კომპანიები, რომლებიც დეკემბრის ბოლოს გეგმავდნენ ღონისძების გამართვას.

თუ ეს ვითარება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ზარალი იქნება, მასშტაბებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, თუმცა, რა თქმა უნდა, ზარალი იქნება. ამ ამბებმა ასახვა უკვე ჰპოვა სასტუმროზე, - განუცხადა კომერსანტს ქუთათელაძემ.

სასტუმროების მფლობელები ადასტურებენ, რომ თბილისის შემთხვევაში ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნა 60-70%-ით შემცირებულია, ხოლო ცენტრალურ უბნებში მდებარე ობიექტები რეალურად ვეღარც მუშაობენ. ინნ ჯგუფის ხელმძღვანელის, ერეკლე კოკაიას თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესების გავლენა მხოლოდ ევროპელ ტურისტებზე არ აისახება, კლებაა თითქმის ყველა ქვეყნიდან, მათ შორის მეზობელი რეგიონებიდან.

სიფრთხილის გამო ფიქრობენ, რომ არ ღირს ახლა თბილისში მოგზაურობა. პოლიტიკური მდგომარეობა დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა. ჯერ არ გვაქვს საბოოლოო შედეგი დათვლილი, თუმცა სახეზეა სერიოზული კლება, ციფრებში ეს 60-70%- შეადგენს. შეკვეთა შემცირდა განსაკუთრებით საახალწლო პერიოდისთვის, როგორც ინდივიდუალური, ასევე - ჯგუფური. ყველგან ეს სიტუაციაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თბილისში სასტუმროს დაკეტვაზე მაინც არ ვფიქრობთ, - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.