ქვეყნის ეკონომიკა საარჩევნო თვეშიც კი ნახტომისებურად გაიზარდა

ქვეყნის ეკონომიკა საარჩევნო თვეშიც კი ნახტომისებურად გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა ყველაზე რთულ, საარჩევნო თვეშიც კი შთამბეჭდავად გაიზარდა. მატება იმდენად სოლიდური აღმოჩნდა, რომ წლიურ საშუალო მაჩვენებელზეც იმოქმედა და ახლა ქვეყანას დანამდვილებით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

ეკონომიკის დოქტორის სოსო არჩვაძის თქმით, 2024 წლის ოქტომბერში, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ყურადღება და აქტიურობა კონცენტრირებული იყო საპარლამენტო არჩევნებზე, ხოლო ეკონომიკაზე მოქმედი გარე ფაქტორები კვლავაც საკმაო დოზით შეიცავდნენ მომეტებულ რისკებს, საქართველოს ეროვნული მეურნეობა მაინც ინარჩუნებდა მდგრადი და დინამიური განვითარების ტემპს, რაც მას არსებითად გამორჩევდა არა თუ რეგიონულ, არამედ გლობალური მასშტაბით.

„საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის ოქტომბერში გაიზარდა 11.0 პროცენტით, რაც პანდემიამდელი 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 31.2 პროცენტით აღემატება. მთლიანად, წლის განვლილ პერიოდში მიღწეულია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (+10.0%), რაც ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს თითქმის 2.5-ჯერ აღემატება.

ინფლაციამ 2024 წლის ოქტომბერში 0.3 პროცენტი შეადგინა, რაც ჯერადად ნაკლებია აშშ-ის (+2.6%) და ევროკავშირის (+2.0%) ანალოგიურ მაჩვენებლებზე. ამასთან, ინფლაციამ როგორც წინა თვესთან (სექტემბერთან), ისე ერთი წლის წინანდელ დონესთან შედარებით თანაბარი დონის (0.3-0.3 პროცენტი) შეადგინა, რაც სამომხმარებლო სექტორში ფასების სტაბილურობის მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ დაწყებული 2021 წლის აპრილიდან, ყოველი თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში. ამასთან, ამ პერიოდიდან გავლილი 43 თვის მანძილზე 12 თვე დეფლაციური იყო, აშშ-ში კი - არც ერთი.

ინფლაციის დაბალი ტემპი მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში მოსახლეობის ერთობლივი მოთხოვნისა და გადახდისუნარიანობის ზრდის ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა ინდიკატორია.

ოქტომბერში ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 220 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ - 14.4 მლრდ. ლარი (+14.7%) შეადგინა.

დინამიურად ვითარდება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები. ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოს ექსპორტი 39.0 პროცენტით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი 70.7 პროცენტით გაიზარდა, რაც მატების ტემპით საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 29 თვის პერიოდში (2022 წლის მაისის შემდეგ). საშუალოდ ერთ დღეში ექსპორტი აღემატებოდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.2 მილიონი აშშ დოლარით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი - 4.4 მილიონი აშშ დოლარით. ექსპორტის მთლიანი მატების თითქმის ¾ (71.6%) ადგილობრივი ექსპორტის მატებამ უზრუნველყო. აღნიშნული შედეგია როგორც ქვეყნის რეალური სექტორის დამაჯერებელი ზრდის, ისე ქართული ბიზნესის კომპეტენტურობისა და გლობალურ ბაზრებზე წარმატებული კონკურენტუნარიანობისა და წარმატებული პოზიციონერებისა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია მოიცავს 151 სახელმწიფოს, საიდანაც ყოველ მესამესთან ჩვენს ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია.

2024 წლის ოქტომბერში საქართველოდან გავიდა 635 სასაქონლო პოზიციის პროდუქცია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15 პოზიციით მეტია.

ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2024 წლის ოქტომბერში 47.6 პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლისას 7.5 პუნქტით აღემატება. აღსანიშნავია ამ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა აშშ-ში (+77.3%), ამ ქვეყნიდან იმპორტის საგრძნობი შემცირების (-8.5%) ფონზე.

2024 წლის ოქტომბერში უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ტრანზაქციებმა 281.1 მლნ. აშშ დოლარი (-1.5%), ხოლო წმინდა ტრანზაქციებმა - 245.4 მლნ. აშშ დოლარი (-3.2%) შეადგინა. შემცირებები გამოწვეულია რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების საგრძნობი კლებით (შესაბამისად, 27.4 მლნ. აშშ დოლარით და 30.5 მლნ. აშშ დოლარით). დანარჩენი მსოფლიოდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები გაიზარდა 23.3 მლნ. აშშ დოლარით (+10.4%), ხოლო წმინდა ტრანზაქციები - 19.7 მლნ. აშშ დოლარით (+10.1%). საქართველოში განხორციელებული ტრანზაქციებით პირველი სამი ადგილი უკავიათ აშშ-ს, იტალიას და რუსეთს. ამასთან, წმინდა ტრანზაქციებით აშშ უსწრებს რუსეთის ფედერაციას 19.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო იტალია - 15.6 მლნ. აშშ დოლარით.

ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდა და მაკროეკონომიკური პარამეტრების ხარისხობრივი გაუმჯობესება, მათი მაღალი კორელაცია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ეფექტიანობასთან, მათ შორის ბიუროკრატიის დაბალ დონესთან, ქმნის და აძლიერებს იმ პოზიტიურ მოლოდინებს, რომლებიც ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებსა და ინვესტორებს გააჩნიათ საქართველოს ეკონომიკის შესაძლებლობებისა და მასში ჩართულობის პერმანენტულად მზარდი პოზიტიური შედეგებისადმი“ - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

თუმცა საქართველოს ასეთი წარმატება თვალში არ მოსდის ზოგიერთ ევროპელ დიპლომატს და ისინი ღვარძლიან განცხადებებსაც აკეთებენ. მაგალითად, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა BMGტვ-სთან ინტერვიუში საქართველო გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან და ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება.

„შევამჩნიე, რომ საქართველოში ამბობენ: „ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი [ეკონომიკური] ზრდის ტემპები, უფრო მაღალი, ვიდრე საძაგელ ევროპელებს. გერმანელებს საერთოდ არ აქვთ ეკონომიკური ზრდა, ქართველებს კი 10%-იანი ზრდა გვაქვს“.

ეს არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან. ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება. ვხედავ უამრავ სტრუქტურულ პრობლემას. ვხედავ გამოწვევას ლარის ღირებულებასთან დაკავშირებით. ვხედავ საფონდო ბირჟებზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასების რყევას“, - განაცხადა ფიშერმა.

ევროპელი დიპლომატის განცხადებას მაშინვე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მინისტრის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, დიდწილად, განპირობებულია იმ რეფორმებით, რომლებიც ხელისუფლებამ წლების წინ გაატარა.

„საკმაოდ გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობს ასეთი ფორმით, რასაც ეკონომიკური საფუძველი არ აქვს ბოლომდე. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით რუსული ფაქტორის და ომის ფაქტორის ეფექტზე ჩვენს ეკონომიკაში. პროფესიონალები თანხმდებიან რომ ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული ეფექტი, პოზიტიური კუთხით, ეკონომიკურ ზრდაში აქვს. თუმცა გადაჭარბებულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო წელს, დაკავშირებულია მხოლოდ ომთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთან.

მარტივად შემიძლია გითხრათ: ბევრი ქვეყანა, იგივე გეოგრაფიაში, რომელსაც უფრო ლიბერალური ეკონომიკური ურთიერთობები აქვს რუსეთთან, არ იზრდება ისეთივე მაღალი ტემპით, როგორც საქართველოში იზრდება. ჩვენ ბევრი შემზღუდავი ფაქტორი გვაქვს, ამის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მზარდი ეკონომიკაა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან მიმართებით. ამავე დროს, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, რომ ჩვენ გავიზრდებით სწრაფად მომავალ წლებში. ამას ადასტურებს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებიც, ეს არის იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალო ვადიანი პროგნოზი, რომ საქართველო უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე, მაგალითად დსთ-ს წევრი ქვეყნები. აქედან გამომდინარე 1-2%-იანი ეფექტი შეიძლება იყოს, რაც შუა დერეფნის როლს და მნიშვნელობას ზრდის, რომელიც ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროში აქტივობებს ზრდის და ეს არის პოზიტიური ფაქტორი ჩვენი ეკონომიკისთვის. მაგრამ დიდწილად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი რეფორმებით, რომელიც წლების წინ გავატარეთ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.