ათონელის სასახლიდან შეიძლება ე.წ. საპოლიციო გამოსახლების მომსწრენი გავხდეთ, რადგან პრეზიდენტობის მიწურულს უფრო ტკბილი გახდა საპრეზიდენტო სავარძელი და სალომე ზურაბიშვილსაც არ ეთმობა იგი.
შესაბამისად, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ჯიუტობს და აცხადებს, რომ არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ამდენად, თავად რჩება ოპოზიციის პრეზიდენტად.
„ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები, მე ვრჩები, როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი. არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს. ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება, ვიდრე არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს იმას, ვინც უნდა შემცვალოს მე. მე თქვენთან ვარ და ვიქნები. აბა, ჰე“, - აცხადებს ზურაბიშვილი და ოპოზიციაც ერთი-მეორის მოყოლებით უწონებს მას ათონელის რეზიდენციაში დაბანაკებას.
ნიკა გვარამია არ მალავს, რომ შეუძლებელია, პრეზიდენტის როლი არ დააფასო. გვარამიას თქმით, რაც პრეზიდენტთან შეხვედრისას მოისმინა, იყო ძალიან კონსტრუქციული, სწორი და დროული, გამომდინარე მისი პოლიტიკური წონიდან.
ოთხი პარასკევის შემდეგ, ანუ 29 დეკემბერს ზურაბიშვილს სასახლის დატოვებას უწინასწარმეტყველებს ირაკლი კობახიძე. პრემიერის თქმით, უფლებამოსილების მეშვიდე წელს პრეზიდენტს მოუწევს თავისი სკამიანად გარეთ გამოსვლა, რასაც კვლავაც ვერ ელევა.
რამდენად კონსტიტუციურია პრეზიდენტის ასეთი საქციელი და შეუძლია თუ არა შეინარჩუნოს თანამდებობა?!
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ, ამ შემთხვევაში, უფრო რთულად აქვს საქმე ხელისუფლებას, რადგან ამ პარლამენტის კანონიერება გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა საკონსტიტუციოს ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე მოსაზრებით, როდესაც 150-ივე მანდატის საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს საკითხი გასაჩივრებულია, პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. ეს ხელისუფლება არალეგიტიმურად ითვლება მანამ, სანამ არ მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო. თუკი არალეგიტიმურია პარლამენტის შეკრება, მაშინ გამოდის, რომ არალეგიტიმური პარლამენტი რომ პრეზიდენტს აირჩევს, ისიც არალეგიტიმური იქნება.
„ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არის ლეგიტიმური და არ აინტერესებს, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო. ამდენად, პრეზიდენტი შეიძლება ძალით გამოიყვანონ სასახლიდან. ხელისუფლებას ემორჩილებიან ძალოვანი სტრუქტურები და, რა თქმა უნდა, შეუძლიათ არა მარტო სავარძლიანად გამოიტანონ გარეთ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, დააპატიმრონ კიდეც, ოღონდ ამას თავისი შედეგები მოჰყვება. პრეზიდენტის დაპატიმრება ასე მარტივად არ ჩაივლის. ათონელის სასახლიდან პრეზიდენტის ძალით გამოყვანის საკითხს პოლიტიკიდან მოწყვეტილად ვერ განვიხილავთ. პრეზიდენტის ძალით გამოყვანასა და დაპატიმრებაზე თუ იქნება ლაპარაკი, მაშინ რთული განსასაზღვრია, ამას რა შედეგები მოჰყვება და რაში გადაიზრდება. ამაში ვგულისხმობ არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ შედეგებს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტის გაჯიუტება და ათონელის სასახლიდან გამოსვლაზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის გეგმა ჩავარდა.
ედიშერ გვენეტაძის აზრით, დასავლეთს უნდოდა, ერთი სცენარით, არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა, რომელიც ქართველმა ხალხმა არ ინება, ხოლო მეორე სცენარით, არჩევნების შემდეგ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, რაც, ასევე, ვერ ხერხდება. ამიტომ გადავიდნენ იმ სცენარის განხორციელებაზე, რომელშიც პრეზიდენტი მონაწილეობს, ვინაიდან ოპოზიციურ ძალებს ერთადერთ დასაყრდენად ჰყავთ პრეზიდენტი.
„პრეზიდენტს შეიძლება ძალიანაც უნდოდეს თავისი დაპატიმრება იმის გამო, რომ ათონელის რეზიდენციიდან არ გამოდის, მაგრამ, არც ერთ შემთხვევაში, მას არ დააპატიმრებენ. პრეზიდენტისთვის ახლა დაპატიმრება იქნება დიდი ბაირამობა და ამას ხელისუფლება არ გააკეთებს. რა დიდი ამბავია ათონელის რეზიდენციიდან მისი გამოყვანა, ბოლოს და ბოლოს, იყოს იმ რეზიდენციაში, როდემდე იქნება რეზიდენციაში?! ეს იქნება აბსურდი და სასაცილო ყველას თვალში. ეს იმას ჰგავს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რომ დაიძახოს, ნაპოლეონი ვარო. ვფიქრობ, ეს პროცესები უმტკივნეულოდ ჩათავდება“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.