ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო და საკმაოდ ტემპიც აკრიფა

ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო და საკმაოდ ტემპიც აკრიფა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბრის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეივსო. თანხის აკუმულირება BIMATH პლატფორმაზე შესრულებული სავალუტო ოპერაციებით მოხდა. ამით დადასტურდა პროგნოზი, რომ სებ- მალე დაიწყებდა წინასაარჩევნოდ დახარჯული ვალუტის შესყიდვას. ეროვნული ბანკი კიდევ უფრო მეტად იაქტიურებს დეკემბერში, როდესაც ბაზარს უცხოური ვალუტა ტრადიციისამებრ ჭარბად მიეწოდება.

ამასთან, მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ვითარების ნორმალიზების შემდეგ სებ-მა სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვა დაიწყო. შედეგად, ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502.2 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია, რომ სებ- BIMATH პლატფორმის მეშვეობით თვის განმავლობაში შესრულებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მომდევნო თვის 25 რიცხვისთვის აქვეყნებს. სებ-ში ამბობენ, რომ გამონაკლისი დაიშვა მაღალი ინტერესის გათვალისწინებითა და არასწორი ინტერპრეტაციების თავიდან არიდების მიზნით. სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებული მონაცემები 25 დეკემბერს გამოქვეყნდება.

აკადემიკოს ლადო პაპავას შეფასებით, ექსპერტებისა და რიგი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ სისტემა ჩამოიშლება და ლარი გაუფასურდება, მცდარი აღმოჩნდა, ვინაიდან როგორც კი არჩევნების შემდგომ სიტუაციამ თანდათან დაიწყო დასტაბილურება, სებ-მა განაგრძო რეზერვების შევსება.

ზოგიერთი ექსპერტის მიზანი იყო პანიკა შეექმნათ საზოგადოებასა და ბიზნესში. ამ პანიკის ფონზე კიდევ უფრო გაუფასურებულიყო ლარი და გართულებულიყო ეკონომიკური მდგომარეობა, რაც, რა თქმა უნდა, ოპოზიციას აძლევდა ხელს. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ლარი არის სტაბილურობის გარანტი, ის არის ეროვნული ვალუტა, რაც ყველას ერთნაირად გვჭირდება ეს იქნება ხელისუფლება, ოპოზიცია თუ რიგითი ადამიანები“, - განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, სავალუტო რეზერვები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ეროვნული ბანკისთვის, რადგან გამოიყენება ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად.

არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რეზერვების ზრდა არის თვითმიზანი, არამედ ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს და გაცვლითი კურსი იყოს სტაბილური. ამიტომ, როდესაც ეროვნულ ვალუტას უჭირს და უფასურდება, თუ ეს გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით, მაშინ სებ- ვალდებულია, რომ სავალუტო რეზერვების გამოყენებით გადაარჩინოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, შეუნარჩუნოს მას სტაბილურობა.

ყველა ექსპერტს ვურჩევდი, რომ გაუფრთხილდნენ ქვეყნის ინტერესებს, ეროვნული ვალუტის რეპუტაციას. ბუნებრივია, მათ უნდა მოიხადონ ბოდიში მსგავს განცხადებებზე, თუმცა არა მგონია ეს გააკეთონ, რადგან, მარტო იქიდან მოყოლებული, რაც 1995 წელს ლარი მიმოქცევაში ჩაეშვა, იმ დღიდან მოყოლებული ოპოზიცია სხვადასხვა პროგნოზებს აკეთებს, რომ ლარი გაკუპონდება, ჩამოიშლება, მაგრამ შემდეგ მათი მოხდილი ბოდიში მე არ მახსოვს“, - აღნიშნა პაპავამ.

კრიტიკულად განწყობილი ეკონომისტები მაინც ცდილობენ ამჯერადაც საპირისპირო ტრენდი განავითარონ. პროფესორ ოთო აბესაძის აზრით, ეროვნულ ბანკს ლარის კურსის დასტაბილურებისთვის სავალუტო რეზერვების გამოყენება უწევს, ეს კი რეზერვების დანიშნულება არაა.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დანიშნულება არავითარ შემთხვევაში არ არის ლარის კურსის დაცვა. ეროვნულ ვალუტას იცავს ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობა, იმპორტი, ექსპორტი და ადგილობრივი ეკონომიკა და არა რეზერვი. რეზერვი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვალუტას ემუქრება სავალუტო რყევები და ტურბულენტობა. ქვეყანაში გვაქვს მიკრო და მაკროეკონომიკური რღვევები და ამისთვის წლიურად მილიარდ დოლარამდე თანხას ვიყენებთ და ვუშვებთ სისტემაში.

ჩვენი პრობლემა აქ არის ის, რომ საქართველოში არ შემოდის მსხვილი ტრანსფერები, ანუ ვალუტა. ჯამურად, ქვეყანაში შემოსული ფულის 72% არის ემიგრანტების მიერ ყოველთვიურად გადმორიცხული თანხები. 22% არის უკვე საქართველოში არსებული საერთაშორისო ბიზნესების რეინვესტირება, ანუ ქვეყანაში ფულის დატოვება და წლიურად, მხოლოდ 6% არის ახალი ფული.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლიდან წლამდე მცირდება ამ ახალი ფულის რაციონი ქვეყანაში. სწორედ ეს იწვევს იმას, რომ საქართველო, სამწუხაროდ, ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. გაცილებით მეტი ვალუტა იხარჯება, ანუ გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. შესაბამისად, ამის დაბალანსება ხდება ისე, რომ გააკეთო ისეთი ეკონომიკა, რომელიც ახალ ფულს შემოიტანს ქვეყანაში და არა ისე, რომ ხარჯო რეზერვები“, - აღნიშნა პალიტრანიუსის ეთერში აბესაძემ.

ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502.2 მილიონი დოლარია.