ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა.
“ორლანდომ“ საკუთარ კედლებში „ფილადელფიას“ უმასპინძლა და მეტოქე 98:86 დაამარცხა, რაც შეეხება „სან ანტონიოს“ სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს, სახლში „ლეიკერსთან“ დამარცხდა 115:120.
გოგა ბითაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 27 წუთი დაჰყო, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 2 ქულას 4 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. სანდრო მამუკელაშვილმა მხოლოდ 7 წუთი ითამაშა და მის აქტივში 2 მოხსნაა.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 8 მოგებით და 6 წაგებით მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 19 ნოემბერს სტუმრად, "ფინიქსთან“ გამართავს, ხოლო „სან ანტონიო“ 6 მოგებით და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა და 17 ნოემბერს „დალასს“ ესტუმრება.