ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი რეალურად იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, თუკი „საქსტატის“ მონაცემებით არაფორმალურ ეკონომიკას 12,7% უჭირავს, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სინამდვილეში ეს მაჩვენებელი შესაძლოა 60%-საც აღწევდეს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ჰორეკა სექტორში, სოფლის მეურნეობაში და საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაზიდვებში.
2023 წლის მდგომარეობით, განსაკუთრებით მაღალი დაუკვირვებელი ეკონომიკის ზომა სტუმარ-მასპინძლობის სექტორშია და 48.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე 19%-ით ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობებია, მესამე ადგილზე კი ხელოვნება, გართობა და დასვენებაა და ის 18.3%-ს შეადგენს.
საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში არაფორმალური/დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი კლების ტენდენციით ხასიათდება. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ში 12.7%-ს შეადგენდა, რაც 2010 წლის შემდეგ (თუ არ ჩავთვლით 2016 წელს, როდესაც მშპ-ში არაფორმალური ეკონომიკის წილი იგივე, 12.7% იყო) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საინტერესოა ისიც, რომ 2023 წლის მონაცემებით დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი განსაკუთრებით მაღალია განთავსებისა და კვების მომსახურების სექტორში და 48.5%-ს შეადგენდა. იგულისხმება ის არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა, რაც დაბეგვრადი ეკონომიკის ჩრდილშია მოქცეული.
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის კოტე გაბრიჩიძის თქმით, მაღალი პროცენტული მაჩვენებელი შესაძლოა, განპირობებული იყო ქვეყანაში მცირე ზომის კვების ობიექტების სიმრავლით, განსაკუთრებით, სოფლის და დაბის ტიპის დასახლებებში.
„ძალიან ზოგადი მონაცემებია, სოფლად შეიძლება ეს ასეც არის, პირობითად, უშბის წვერზე თუ რესტორანია, შესაძლოა, იქ ასეთი რამ ხდება (არსებობდეს ჩრდილოვანი ეკონომიკა), მაგრამ მთელ დიდ ქალაქებში ყველაფერი გადავიდა ბარათზე და ფიზიკურად ვერ მოიპარავს ბიზნესი.
რომელიმე სოფლის ტიპის დასახლებაში თუ არის სასადილო, იქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჩრდილოვან ეკონომიკას. შეიძლება ასეთი ტიპის კვების ობიექტების რაოდენობა დიდია, მაგრამ მათი ბრუნვა არის მიზერული. ამხელა რაოდენობა სექტორში შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ ობიექტები, რომლებიც ჩრდილოვან ზონაში საქმიანობს, შესაძლოა, ბევრია, მაგრამ მათი ბრუნვა მცირეა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ გაბრიჩიძემ.
პრობლემის სიმწვავეს ადასტურებენ ანალიტიკოსები ისინი არა მარტო ჰორეკა სექტორს, არამედ სხვა დარგებსაც ასახელებენ, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკა ყვავის. „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელის რამაზ გერლიანის ინფორმაციით, დღესდღეობით ეკონომიკური სუბიექტების დიდი ნაწილი არაფორმალურად საქმიანობს და მისი წილი გაცილებით მეტია, ვიდრე ლეგალური ეკონომიკაა.
„აბსოლუტურად არარეალური მგონია საუბარი, რომ ე.წ. დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი 13%-საც ვერ აღწევს. გააჩნია, რას ითვლიან ამის ქვეშ, საქართველოში რეალურად ძალიან მაღალია იმ ეკონომიკის წილი, რომელიც არადაკვირვებად სივრცეშია. კონტრაბანდა, ჩრდილოვანი ეკონომიკა და სხვა, ყველაფერი ერთად შეიძლება გაცილებით მეტიც იყოს. ამ შემთხვევაში საუბარია იმ ეკონომიკაზე, რომლის აღრიცხვაც არ ხდება. ესენი არიან გარემოვაჭრეები, ასევე გლეხების მიერ გამოტანილი პროდუქცია, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე იყიდება. მათ შორის ონლაინ გაყიდვა, როცა ფიზიკური პირები ინტერნეტით იძენენ პროდუქციას და ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან. ამაზე არანაირი სტატისტიკური მონაცემი არ მოგვეპოვება. ამას კონტრაბანდული პროდუქციაც ემატება, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია. რაც მეტად დაბალგანვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალია არაფორმალური ეკონომიკის წილი, წარმოუდგენელია, ეს 12,7%-ს არ აღემატებოდეს, ჩვენი გათვლით, შეიძლება 60%-მდეც იყოს“, - განაცხადა ეკონომისტმა.