ეროვნულმა ბანკმა ლარის „დასაჭერად“ ბოლო 2 თვეში ასეულობით მილიონი დოლარი გაყიდა - არის თუ არა ეს პრობლემა?

ეროვნულმა ბანკმა ლარის „დასაჭერად“ ბოლო 2 თვეში ასეულობით მილიონი დოლარი გაყიდა - არის თუ არა ეს პრობლემა?

საქართველოს სავალუტო რეზერვები წლიურად 1 მილიარდი დოლარით შემცირდა. ეროვნულმა ბანკმა ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზერვების ზომა 1 მილიარდი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე არის შემცირებული.

ამასთან, ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 627 მილიონი დოლარით დაიკლო, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი შემცირებაა.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 4-მილიარდიან ნიშნულზე ბოლოს 2022 წლის ივლისში იყო.

გასულ თვეში რეზერვების კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, bimatc პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო, თუმცა ამ გზით გახარჯული რეზერვების მოცულობის შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.

იქამდე საჯაროა ინფორმაცია, რომ ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით შემცირდა. პირდაპირი სავალუტო ინტერვენციებისა და bimatc პლატფორმით განხორციელებული გაყიდვების გარდა, რეზერვების კლებაზე, სავარაუდოდ, გავლენა სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვამაც იქონია, თუმცა აღნიშნული სტატისტიკაც ამჟამად ხელმისაწვდომი არაა.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოს-ეკონომისტი რომან გოცირიძე სებ-ის სავალუტო რეზერვების სტატისტიკის გამოქვეყნებას გამოეხმაურა და მათი პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა.

გამართლდა ჩვენი ვარაუდი. გამოქვეყნდა ოფიციალური სტატისტიკა. ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 630 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვები დაკარგა. სექტემბერში რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4,71 მილიარდ დოლარს, ოქტომბრის ბოლოს კი 4,08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ასევე სწორი გამოდგა ჩვენი პროგნოზი, რომ ეროვნულმა ბანკმა სექტემბერ-ოქტომბრის თვეში არნახული ოდენობის დოლარები გაყიდა. უკვე შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ მისი ოდენობა 733 მილიონი დოლარია. ოფიციალურად ამას ეროვნული ბანკი მხოლოდ 25 ნოემბერს გამოაცხადებს.

თუ 2023 წლის აგვისტოს თვეში ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები იყო 5,44 მილიარდი დოლარი, დღეისათვის, როგორც ვნახეთ, არის 4,08 მილიარდი, ანუ ერთ წელიწადზე ოდნავ მეტ პერიოდში იგი 1,36 მილიარდი დოლარით შემცირდა და კრიტიკულ ზღვარს მნიშვნელოვნად ჩამოსცდა. ამ მოცულობის რეზერვები, საგარეო გადახდების მოცულობასთან შედარებით, BB რეიტინგის მქონე არცერთ ქვეყანას არა აქვს. მალე დღის წესრიგში ამ რეიტინგის გადახედვის საკითხიც დადგება, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 4-მილიარდიან ნიშნულზე ბოლოს 2022 წლის ივლისში იყო. ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვები 1 მილიარდი დოლარით შემცირდა, აქედან კლება, ძირითადად, სექტემბერ-ოქტომბრის თვეებს უკავშირდება.

რეზერვების მხრივ რომ ვითარება სასურველისგან შორსაა, ამას ადასტურებს ფიჩ რეიტინგსის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი არვინდ რამაკრიშნანიც.

მისი თქმით, საქართველო ჩამოუვარდება მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებს და ამას სტრუქტურული მიზეზი აქვს. მთავარი სტრუქტურული მიზეზი კი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში ინარჩუნებს. „თუ საქართველო მოახერხებს, რომ მიმდინარე ანგარიშის უფრო მცირე დეფიციტი ჰქონდეს, ის შეძლებს პოტენციალის რეალიზებას: თავისი რეზერვების გაზრდას დროთა განმავლობაში და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას - ეს ყველაფერი დადებით გავლენას მოახდენს რეიტინგზე“, - განუცხადა ანალიტიკას არვინდ რამაკრიშნანმა.

ვითარებას დრამატულად არ აღიქვამენ ეროვნულ ბანკში. როგორც სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თამთა სოფრომაძემ აღნიშნა, 2023 წელს საკმაოდ დიდი ოდენობით დოლარი შეისყიდეს, შესაბამისად, რეზერვები დაახლოებით 1,3 მილიარდით შეივსო. ეს პრაქტიკა მომავალში გაგრძელდება.

როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა გვაძლევს ამის შესაძლებლობას, ჩვენ ყოველთვის ვყიდულობდით და ვავსებდით სავალუტო რეზერვებს, 2023 წელს დოლარის საკმაოდ დიდი შესყიდვები გავაკეთეთ და დაახლოებით 1,3 მილიარდით შევავსეთ რეზერვები, ასევე 2024 წლის პირველ ნახევარში. იმ ფაქტმა, რომ რეზერვების დაგროვებაზე ვიყავით კონცენტრირებული, ახლა მოგვცა შესაძლებლობა, რომ საჭიროების შესაბამისად გამოგვეყენებინა რეზერვების გარკვეული წილი, - განაცხადა თამთა სოფრომაძემ.

მისი თქმით, გარკვეულ შემთხვევებში, როცა სავალუტო ბაზარზე წარმოიქმნება მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქცია ან არაფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული ჭარბი მერყეობა განხორციელდება, სებ- ყიდის უცხოურ ვალუტას. ოქტომბერში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების ძირითადი მიზეზი გაცვლით კურსზე მიმდინარე ზეწოლა იყო, რაც არაფუნდამენტური ფაქტორებით იყო განპირობებული და კურსის ჭარბ მერყეობას იწვევდა. სებ- მსგავს შემთხვევებში ინტერვენციების სტრატეგიის შესაბამისად იქცევა.

მთავარია, რომ გრძელვადიანი ხედვა და გრძელვადიანი პოლიტიკა რეზერვების მიხედვით იყოს სწორი. სავალუტო ბაზარზე ხორციელდებოდა მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციები, ძირითადად შესყიდვის მიმართულებით, რაც ქმნიდა დამატებით ჭარბ ზეწოლას ბაზარზე. ამავე პერიოდს დაემთხვა ის, რომ საბანკო დივიდენდების გადახდის პერიოდი იყო და როცა ამ დივიდენდების გადახდა ხორციელდება ამ დროსაც სავალუტო ბაზარზე არის მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციები. ჩვენი ინტერვენციების სტრატეგიის შესაბამისად ასეთი ტიპის ზეგავლენას, რაც არაფუნდამენტური ფაქტორებიდან მომდინარეობს, ჩვენ სავალუტო ინტერვენციებით ვანეიტრალებთ და სწორედ ეს იყო მიზეზი ოქტომბრის ინტერვენციის.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორია. ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების დაგროვებაზე და როცა ამის შესაძლებლობას ბაზარი გვაძლევს სებ- ავსებს რეზერვებს.

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად დღესდღეობით საქართველოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა ძლიერია, ფასები სტაბილურია და დაბალ ინფლაციური გარემო ნარჩუნდება“, - აღნიშნა სოფრომაძემ.

ლაზი ბატონი რომან პროფესორი იმიტომ სკდება გულზე, ლარი რომ არ ჩამოიქცა.
თუ ვალუტის სტაბილურობისათვის არ გამოიყენებს სავალუტო რეზერვებს ეროვნული ბანკი, სწორედ მაშინ იქნება საკრიტიკებელი. სხვანაირად რომ ინფლაციის კონტროლის ფუნქციას ვერ შეასრულებს ეროვნული ბანკი, ეს პროფესორმა შესანიშნავად იცის მაგრამ მაინც უსუსურად იტყუება.
ეგ ეროვნულ ბანკს ოქროს შესყიდვისათვისაც აკრიტიკებდა, მაგრამ მთელი მსოფლიოს ბანკები რომ, ოქროს რეზერვებს ზრდიან, სულელები არიან?
1 თვის უკან
თომა სახელგანთქმული "ალ კუპონა" ფორმაში ა.
1 თვის უკან
დოი კუპონის ბატონი ტრადიციულ " ფორმაშია"..საინტერესოა სად გაედინება ყველაზე დიდი თანხები...
1 თვის უკან