ტრამპი კვლავ ამერიკის პრეზიდენტია - რა ელის უკრაინას და საქართველოს?

ტრამპი კვლავ ამერიკის პრეზიდენტია - რა ელის უკრაინას და საქართველოს?

ბოლო მონაცემებით, ნათელია, რომ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება და, ყოფილთან ერთად, ის უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია.

ტრამპის გამარჯვების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა მისი უპირატესობა უკვე ნათელია. მან გადააჭარბა საკრალურ რიცხვს - 270-ს, რომელიც საჭირო იყო ელექტორალური ხმების თვალსაზრისით, რათა კანდიდატი გაპრეზიდენტებულიყო. ამ წუთის მონაცემებით, კოლეგიის 279 ხმა აქვს დონალდ ტრამპს, ხოლო კამალა ჰარისს 223.

ამომრჩეველთა ხმითაც, დონალდ ტრამპი ლიდერობს - მას მხარი 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა, ხოლო კამალა ჰარისს 65 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა.

ახლა კი მთელი მსოფლიო იმის მოლოდინშია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და შეასრულებს თუ არა ის თავის დაპირებას უკრაინის ომის დასრულებასთან მიმართებაში. ასევე რა გავლენა ექნება ახალ ადმინისტრაციას საქართველოს პოლიტიკაზე და შეიცვლება თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ზუსტად რას გააკეთებს გამარჯვებული ტრამპი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, გაურკვეველია და არსებობს მრავალი ფაქტორი, რაც მომავალი პრეზიდენტის ქმედებებს განსაზღვრავს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ტრამპს გამარჯვება უკვე მიულოცა. ასევე, ტრამპს გამარჯვება მიულოცა საქარათველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“.

ზელენსკი ამბობს, რომ მას ერთი სული აქვს პირადად მიულოცოს ტრამპს გამარჯვება და მშვიდობის გარანტიებზე საუბრობს. თუმცა ტრამპსა და რესპუბლიკელებს წინასაარჩევნოდ ზელენსკისთან აშკარა დაპირისპირება ჰქონდათ. უფორ მეტიც, ტრამპმის უმცროსმა ვაჟმა ზელენსკი მამის მკვლელობის მცდელობის შეკვეთაშიც კი დაადანაშაულა. რესპუბლიკელები კი ზელენსკის დემოკრატებისთვის ღია მხადაჭერაში ადანაშაულებდნენ.

ვინ იქნება ტრამპის მთავრობაში?

78 წლის დონალდ ტრამპი, სულ მალე, ამერიკის შეერთებული შტატების 47- პრეზიდენტი გახდება. მისი ინაუგურაცია, სავარაუდოდ, 20 იანვრისთვის შედგება. არსებობს გარკვეული მონახაზიც თუ ვინ შეიძლება იყოს მის გუნდშიც, მაგალითად, სიტყვით გამოსვლის დროს ტრამპმა რობერტ კენედი ახსენა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემაში მოიაზრებს - რობერტ კენედი იყო პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც მოგვიანებით ჩაეხსნა არჩევნებს და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. გარდა ამისა, ტრამპმა ილონ მასკიც ახსენა, როგორც რესპუბლიკელების ახალი ვარსკვლავი - ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ილონ მასკი ბევრ მნიშვნელოვან საკითხში მისი დამხმარე იყო.

ახლა, კაბინეტის დაკომპლექტებაში მთავარი როლი რესპუბლიკურ პარტიას ეკისრება, რომელმაც კაპიტოლიუმში თავისი პოზიციები გაიმაგრა. ისინი უმრავლესობით არიან წარმოდგენილები, რაც ასევე დიდი გარღვევაა რესპუბლიკური პარტიისთვის.

რას დაპირდა ტრამპი უკრაინის ომთან დაკავშირებით ამერიკელებს და მსოფლიოს

ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინისადმი და ამბობს, რომ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ კიევის მხარდაჭერა დიდწილად ევროპის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, და კითხვის ქვეშ ტოვებს ნატოს მომავალს. კითხვას, სურს თუ არა უკრაინის გამარჯვება, იგი პასუხს არ სცემს, და არაერთხელ განაცხადა, რომ თუ მას აირჩევენ, ომს ძალიან სწრაფად დაასრულებს, იანვარში ძალაუფლებაში მოსვლამდეც კი.

 „მე ვეტყოდი ზელენსკის: „საკმარისია. თქვენ უნდა დადოთ გარიგება“. პუტინს ვეტყოდი: „თუ შეთანხმებას არ დადებთ, ჩვენ მივცემთ [ზელენსკის] ძალიან ბევრს. ჩვენ მივცემთ [უკრაინას] იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე მიგვიცია, თუ ასე იქნება საჭირო“, - თქვა ტრამპმა, - „შეთანხმებას ერთ დღეში დავდებ, ერთ დღეში“, - ამბობდა ის არჩევნებამდე.

რა იცვლება ტრამპის გამარჯვებით უკრაინისთვის და საქართველოსთვის

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რომ ის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით უფრო მოქნილი იქნება. შეაბამისად, არის მოლოდინიც, რომ ის უკრაინის ომთან დაკავშირებით უფრო პრაგმატულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„დიდი ალბათობით, ტრამპი შერჩევითი ძალის საგარეო კურს აირჩევს, რადგან 2016 წლისგან განსხვავებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის იმაზე რთული სიტუაციაა, ვიდრე მაშინ იყო. ამიტომ ტრამპი ვერ შეძლებს გეოპოლიტიკური მოვლენების და საერთაშორისო მოვლენებს გვერდის ავლას. ის კონცენტრაციას მხოლოდ შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ვერ გააკეთებს. მისთვის იქნება პრიორეტიტული ისეთი პოლიტიკის არჩევა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ არეალს მოიცავს. მათ შორის არის უკრაინის ომიც და ტრამპს მოუწევს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, მას ექნება გადასაწყვეტი აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის საკითხები, ხოლო მესამე იქნება ტაივანის და ჩინეთის პრობლემების დარეგულირება. აქედან გამომდინარე, ტრამპი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს უკრაინასთან დაკავშირებით, რთული სათქმელია. მან კი დააანონსა, რომ ის შეეცდება ომის სწრაფ დასრულებას, მაგრამ ამის გაკეთებას როგორ აპირებს, ზუსტი გეგმა არასდროს წარმოუდგენია.

თუმცა ვიცით, რომ ტრამპი არის ექსცენტრიული და უკომპლექსო ადამიანი, რომლსაც შეუძლია ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც ბევრი პოლიტიკოსისთვის მიუღებელიც კი იყოს. ამიტომ ის ამაზე წამსვლელია და მას შეუძლია სხვა დასავლელი ლიდერებისგან გნსხვავებით, რომლებიც პუტინს საერთოდ აღარ ეკონტაქტებიან, მას დაურეკოს და დელაპარაკოს და, ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა აქ უკვე საკითხავი ის არის, იმ პირობებზე, რასაც ტრამპი მას შესთავაზებს, პუტინი დათანხმდება?!“,-ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, აქ ტრამპის გადაწყვეტილებების მიღებაში რესპუბლიკელებიც ერთვებიან. ამიტომ ის არ იქნება 2016 წლისგან განსხვავებით ის ლიდერი, რომელიც რაიმეს დამოუკიდებლად გადაწყვეტს. ადრე თუ მის ადმინისტრაციაში მხოლოდ მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ, ახლა მას მთავრობის დაკომპლექტება რესპუბლიკელების უმრავლესობისგან მოუწევს. ამიტომაც ასე ერთპიროვნულად თუნდაც უკრაინის ომთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

რაც შეეხება საქართველოს, „ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ პირველი რასაც ტრამპი გააკეთებს, ის ამერიკელების გადამხდელთა ჯიბიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ დააფინანსებს. მისი თქმით, ამას კი ბაიდენის ადმინისტრაცია იმ ლოგიკით აკეთებდა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მისთვის მიუღებელი ხელისუფლება იქნებოდა, მისი გაკონტროლება მოეხერხებინა.

„პირველი მოლოდინი და იმედი არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს მავნებლობა, რომელიც არასამთავრობოების დაფინანსებას ეხება, შეწყდება. მეორე მოლოდინი გვაქვს, რომ ტრამპი არ გააგრძელებს საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას. როდესაც საქართველოს უწუნებენ კანონშემოქმედებით საქმიანობას, საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ოპოზიციური სპექტრი ნებივრობდა ამერიკული ოფიციოზის ყურადღებით, როცა არაერთგზის გამოვლენილი გვქონდა ამერიკის ადამინისტრაციის პოლიტიკა, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობდა. ორი ძირითადი მოლოდინი და იმედი საქართველოსთან დაკავშირებით ეს გვაქვს. ხოლო გლობალური თვალსაზრისით, მთელი მსოფლიო ყურადღებით ელოდება, რომ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომს დაასრულებს. დამერწმუნეთ, როგორც კი ამერიკის რიტორიკა საქართველოსთან მიმართებაში შეიცვლება, იგივე მოხდება ევროპიდანაც. ამიტომ ყველა ახლა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას ელის“, - ამბობს ქართველიშვილი.

რაც შეეხება საქართველოს არჩევნების არაღიარების პოლიტიკას, ანალიტკოსის აზრით, ბაიდენის ორაზროვან განცახდებას და ნეიტრალურ დამოკიდებულებას, დიდი ალბათობით, ტრამპის ადმინისტრაციის ღია მხადაჭერა ჩაანაცვლებს. მისი თქმით, თუკი ტრამპი ინაუგურაციამდე თუნდაც ტვიტის მეშვეობით საქართველოს ხელისუფელბას და ხალხს გამარჯვებას მიულოცავს, ეს ოპოზიციისთვის კიდევ ერთი ცივი წყლის გადასხმა იქნება.

ლევკოთეა ტრამპი როდის რას გააკეთებს, მაისაიამ და ქართველიშვილმა კი არა, თვითონაც არ იცის.
არასამთავრობოების მხარდაჭერა სხვა ქვეყნებში (საკუთარი მიზნებისთვის) ამერიკული პოლიტიკის ნაწილია და დემოკრატები და რესპუბლიკელები არაფერ შუაშია.
მაისაიას ანალიზი მომეწონა განსაკუთრებით. სინოპტიკოსს რომ ეკითხებიან, ხვალ რა ამინდი იქნებაო და ან მზე იქნება, ან მოღრუბლულიო, პასუხობს. ეგრეა მაგის საქმე. :)
3 კვირის უკან
Gami სად არის ძაბირაძე? მარტო მაისაიას ანალიზის იმედად ნუ დაგვტოვებთ.
3 კვირის უკან