მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მაღაროსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშაობა დროებით შეაჩერა, შპს „მაღაროელის“ თანამშრომლები კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. როგორც ჩანს, ისინი ხელფასების დროებით შემცირებაზე თანახმანი არიან, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას დაბეჯითებით ითხოვენ.
როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, თანამშრომლების ერთადერთი მოთხოვნა აპრილამდე, ვიდრე ჭიათურასა და ზესტაფონში სამუშაო პროცესები განახლდება, ბანკის სესხებზე პროცენტების დაპაუზება და ამ საკითხში კომპანიის მხრიდან შუამდგომლობის გაწევაა.
„გადაწყვეტილება, რომ შეგვინარჩუნდებოდა ხელფასის 60% და სადაზღვევო პაკეტი, არ იყო საკმარისი. ყველაზე დიდი პრობლემა საბანკო ვალდებულებებია. კომპანიას ამ დილით მივმართეთ ოფიციალურად და მოვუწოდეთ, რომ, სანამ პროფკავშირებსა და კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებები არ დასრულდება და მათგან საბოლოო პასუხი არ გვექნება, რამე შეთავაზებაზე ხელი არ მოეწერინებინათ თანამშრომლებისთვის.
ჩვენი მკაფიო მოთხოვნა და საერთო აზრია, რომ ბანკების პროცენტები უნდა გაიყინოს. ყველა თანხმდება, რომ ხელფასის 100%-ის შენარჩუნებაზე ბრძოლა არარეალური იქნებოდა, ბანკების პროცენტების გაყინვა და გადახდის სამუშაო პროცესის აღდგენის შემდეგ გაგრძელება კი ყველაზე მინიმალურია, რაც ახლა გვჭირდება“, - განაცხადა მიქაცაძემ.
პროფკავშირებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები 2-3 დღის დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის დასრულებული არ არის და არც იციან, როდის ელოდონ შედეგებს. „ბიზნეს მედია ჯორჯია“ კომენტარისთვის „ჯორჯიან მანგანეზსაც“ დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაროელების ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
გარდა ამისა, „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი გიორგი ტატიშვილი ამბობს, რომ ქარხნის გაჩერება სამუდამო არ არის და მდგომარეობა აუცილებლად გამოსწორდება.
„მიმდინარე წლის თებერვლიდან შემოვიდა ჭიათურის მართვის კომპანია, რომელმაც აიღო გარკვეული ვალდებულებები, რომ უნდა უზრუნველყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მანგანუმის მადნის კონცენტრატით, რომელსაც ექნებოდა მისაღები თვითღირებულება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იყო გაფიცვები, კომპანიამ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. შესაბამისად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ამ კონკრეტული მიმართულებიდან მადნით არ მომარაგდა. გარდა ამისა, ფასები, რომლებიც ჩვენი პროდუქციისთვის არის წარმოდგენილი ბაზარზე, არ გვაძლევს საშუალებას ხარჯების დაფარვა მოხდეს. შესაბამისად, სულ ვეძებთ გზებს როგორ შეიძლება გაიაფდეს თვითღირებულება.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება წარმოებაში ელექტროენერგიის ხარჯია. ვინაიდან სეზონურობიდან გამომდინარე ელექტროენერგიის გამომუშავება ამ პერიოდში გაცილებით ნაკლებია, კომპანიას ფინანსური სახსრები არ ჰქონდა, რომ ბაზარზე შეესყიდა ელექტროენერგია. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოთხოვნის არარსებობის პირობებში წარმოებასაც აზრი არ ჰქონდა.
საკმაოდ რთული და მტკივნეული ფინანსური დაგეგმარება მოგვიწია. უამრავი ხარჯის შემცირება გვიწევს და კრიზისულ მდგომარეობას ვცდილობთ ფინანსურადაც მოვერგოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული დასაქმებული, მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება. ერთი ფაქტორი რაც უნდა გამოსწორდეს არის ის, რომ ვარციხეში მოხდება გენერაციის ზრდა და შესაბამისად უფრო მეტი ელექტროენერგია გვექნება“, - განაცხადა ტატიშვილმა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს - სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი.