საქართველოში ელექტრომობილების დრო კიდევ კარგა ხანს არ დადგება - მიზეზები ბევრია

საქართველოში ელექტრომობილების დრო კიდევ კარგა ხანს არ დადგება - მიზეზები ბევრია

ელექტრომობილებმა ჯერჯერობით შესაბამისი პოპულარობა ვერ მოიხვეჭა. მართალია მოთხოვნა იზრდება, მაგრამ, საერთო ჯამში, იმპორტის მაჩვენებელი დაბალია. მძღოლები, ძირითადად, თავს სიძვირისა და ელექტრომობილების დაბალი სამგზავრო რესურსის გამო იკავებენ.

საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა მანქანების მთლიან იმპორტში მხოლოდ 2.2%-იანი წილი უკავია. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მიხედვით, წელს იანვარ-სექტემბერში 144 867 ავტომობილი შემოვიდა, საინაც მხოლოდ 3 265 ერთეული იყო ელექტრო. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს 9 თვეში, გასულ წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ელექტრო მანქანების იმპორტი 133%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ელექტრო ძრავიანი ავტომობილები საქართველოში არც ისე პოპულარულია. ერთ მხრივ, ეს არის ფასი და მეორე მხრივ არასაკმარისი ინფრასტრუქტურა.

ზოგადად, ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნა არის, მაგრამ არა ისეთი, როგორი გათვლაც ექსპერტულ წრეებში იყო. ერთი მხრივ, ამის მიზეზია ფასი, ავტომობილებს, რომლებსაც აქვს იმის რესურსი, რომ შორ მანძილზე ერთი დამუხტვით გადაადგილდებოდნენ, საკმაოდ ძვირია და ჩვენი ბაზარი არამსყიდველობითუნარიანია.

მეორე მხრივ, თვითონ ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი. მაგალითად, საშუალო ფასის სეგმენტში შეძენილი ელექტრომობილის პირობებში, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ადამიანს მოუწვეს სადღაც გორთან გაჩერება და ლოდინი, სანამ ელემენტი დაიტენება. ამიტომ, არც ინფრასტრუქტურა არ არის და ეს ავტომობილები არც ტექნიკურად არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოსახერხებელი იყოს.

ის კატეგორია კი, რომელსაც უფრო მეტი რესურსი აქვს, დიდი მანძილის გავლა შეუძლია, საკმაოდ ძვირია და მხოლოდ მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვის არის ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა გაიზრდება მაშინ, როდესაც ფასიც ხელმისაწვდომი გახდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა“, - განუცხადა ბიზნესპრესნიუსს ნონიაძემ.

საქსტატის თანახმად, საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილის საშუალო ფასი წელს 18.8 ათას დოლარს შეადგენდა, რაც გასულ წელს იმპორტის საშუალო ფასზე, 28.2 ათასზე 33%-ით ნაკლებია. აღნიშნული კი გლობალურად მეორადი ელექტრომობილების ფასების მკვეთრი კლებით არის განპირობებული.

სხვათა შორის, ელექტრომობილებისადმი დაბალი ინტერესი გლობალურად შეინიშნება. ასეთი ვითარებაა ყველაზე აქტიურ ამერიკის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ელექტრომობილების რეალიზაცია იზრდება, მოთხოვნა აშკარად შენელდა. ამერიკელების ნახევარი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ განიხილოს ელექტრო მანქანებით მომავალშიც სარგებლობა, ხოლო 13% დარწმუნებულია, რომ არ სურს ის.

S&P Global Mobility-ის მთავარი ანალიტიკოსი, კრის ჰოპსონი თვლის, რომ მომხმარებლების უმეტესობისთვის ელექტრომობილებზე გადასვლა ცხოვრების წესის შეცვლას ნიშნავს. „ეს არის ცვლილება, რომლის შესრულებაც ბევრს არ სურს, ადამიანებს არ სურთ, რომ მათი ცხოვრების წესი მათი მანქანის გამო შეიცვალოს, - განაცხადა მან.

2023 წლის მაისში „ბმბერგ-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელ მძღოლებს სურთ, რომ მათმა ელექტრომობილმა მინიმუმ 300 მილი (482 კმ) ერთი დამუხტვით გაიაროს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, რაც პირველი მანქანები გამოვიდა და ელექტრომობილების დიაპაზონი გაორმაგდა, უმეტესობამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ამ ნიშნულს. ელექტრო მანქანებ კი, რომლებიც 250 მილის (402 კმ) ზევით შესაძლო დიაპაზონს გადიან, პრაქტიკაში შეიძლება ასე შორს მანძილს ვერ მიაღწიონ. სწორედ ამაში მდგომარეობს ამერიკელი მძღოლების მთავარი უკმაყოფილებაც. ისეთი რამ, როგორიცაა სითბოს ან კონდიციონერის გამოყენება, წვიმაში ან ქარში მგზავრობა, უფრო მაღალი სიჩქარით მართვა ან გაჩერებულ მოძრაობაში ჯდომა, შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ეს მგზავრობის დიაპაზონი.