„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან იტალიელ ჟურნალისტებს უთხრა, ხვიჩას კონტრაქტი ჯერ კიდევ ივლისში შესთავაზეს და ახლაც გრძელდება მოლაპარაკებები.
მანამ იმედოვნებს, რომ გამოსავალს მალე მოძებნიან, თორემ სიტუაციის განხილვას სეზონის ბოლოსკენ გადადებენ.
"ჩვენ ვესაუბრებით ფეხბურთელს და მის გარემოცვას, შეთავაზება უკვე გაკეთდა ივლისში და ახლაც განვიხილავთ. სიტუაციის დიდხანს გაწელვას არ ვაპირებთ, რადგან საჭიროა ჩემპიონატზე ორიენტირებული ვიყოთ, გვინდა ბიჭის დაჯილდოვება. გამოსავალი სწრაფად უნდა მოვძებნოთ, თუ არადა, სეზონის დასრულებას დაველოდებით, რომ შეფასებები გავაკეთოთ კონტრაქტის დასრულებამდე ორი წლით ადრე“, - თქვა მანამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2027 წლის ზაფხულამდეა და სეზონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. „ნაპოლი“ მას ახალი კონტრაქტით, რომელიც 2029 წლამდე განახლდება, სეზონში 5 მილიონს სთავაზობს, რაც ბონუსებით 6 მილიონსაც მიაღწევს.
მხარეები მოლაპარაკებებს ახლა უფრო მეტად გამოსასყიდ პუნქტზე აწარმოებენ. კვარაცხელიას გარემოცვის მოთხოვნაა, რომ პუნქტი ჩაიდოს კონტრაქტში, რომლის მიხედვით, კვარას „ნაპოლიდან“ წასვლა 80 მილიონ ევროდ შეეძლება, მაგრამ იტალიელებისთვის ეს მიუღებელი და დაბალი ფასია, ისინი კვარაში მინიმუმ 120 მილიონის გამომუშავებას გეგმავენ.