პოლ მაკარტნი 11 წლის რომ იყო, არ მიიღეს ლივერპულის კათედრალური ტაძრის ვაჟთა გუნდში. ამ ფაქტმა იმდენად იმოქმედა ბიჭზე, სახლში მისულმა, მშობლებს უთხრა, რომ სპეციალურად ჩააგდო სინჯები.
პოლ მაკარტნის ერთადერთი ოფიციალური სამსახური მუსიკოსობის გარდა, პატარა ელექტროქარხანაში შავი მუშის თანამდებობა იყო. პოლს ხის უზარმაზარ კოჭებზე ელექტროსადენების დახვევა ევალებოდა და დღეში 14 კოჭი უნდა დაეხვია. თუმცა, მაკარტნი ისე ცუდად მუშაობდა, რომ დღეში მხოლოდ ორი ცალის დახვევას ახერხებდა და ორთვიანი წვალების შემდეგ, გაათავისუფლეს კიდეც.
სიმღერა „Martha, My Dear” პოლ მაკარტნიმ თავის საყვარელ ძაღლს, ინგლისურ ნაგაზს, მარტას მიუძღვნა. მარტა 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდა პოლთან და 1982 წელს მოკვდა.
„The Beatles”-ის სიმღერას „Back inUSSR” რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. მათ შორის ყველაზე საინტერესო ერთი ვერსია გახლავთ: თითქოს 1966 წელს „The Beatles” საბჭოთა კავშირს ეწვია და საქველმოქმედო კონცერტში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც ტაშკენტში მომხდარ მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად იმართებოდა. თუმცა, საბჭოთა კავშირის მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, ეკატერინა ფურცევამ მუსიკოსები მოსკოვის „ვნუკოვოს” აეროპორტიდან არ გამოუშვა და უკან დაბრუნება აიძულა. მოგვიანებით, პოლ მაკარტნიმ თავისი როკ-კომპოზიციების კრებული გამოუშვა ვინილის ფირფიტებზე და „Back inUSSR” უწოდა. ამ ვინილის ორნაირი ვერსია არსებობდა საბჭოთა კავშირში, 11 და 13-სიმღერიანი. 11 კომპოზიციისგან შემდგარი ვინილის ფორფიტაზე „The Beatles”-ის თაყვანისმცემლებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული.
60-იანი წლების ბოლოს გავრცელდა ჭორი, თითქოს პოლ მაკარტნი ჯერ კიდევ 1966 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა და მას შემდეგ პოლის ფუნქციას მისი ორეული ასრულებდა, რომელიც სპეციალურად გამართულ კონკურსზე შეარჩიეს. ამ ჭორის ავტორებს ერთი რამ არ ჰქონდათ გათვალისწინებული, იყო თუ არა შესაძლებელი პოლ მაკარტნის ორეულით ჩანაცვლება, რადგან იმის გარდა, რომ ორეული პოლის ზუსტი ასლი უნდა ყოფილიყო, უნდა სცოდნოდა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე მარცხენა ხელით (პოლი ცაციაა) სიმღერის შესრულება იგივე ტემბრით და უნდა შეძლებოდა კომპოზიციების შექმნა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც პოლ მაკარტნიმ სოლოკარიერა დაიწყო, ჭორის შესახებ არც არავის გახსენებია.
„The Beatles”-ის გასტროლების პერიოდში პოლ მაკარტნის საყვარელი გართობა გადარეული თაყვანისმცემლების წვალება იყო. იმ სასტუმროს ფანჯრების ქვეშ, სადაც ლეგენდარული ოთხეული ჩერდებოდა, მუდამ იკრიბებოდნენ თაყვანისმცემელი გოგონები. პოლი კონცერტის შემდგომ, დემონსტრაციულად აღებდა ფანჯარას, უკიდებდა სიგარეტს და ქუჩაში აგდებდა. ტკბებოდა იმით, თუ როგორ ჩხუბობდნენ გოგონები პოლის ანთებული სიგარეტის გამო.
„The Beatles”-ის პოპულარობის პერიოდში, ყველაზე მეტ წერილს თაყვანისმცემლებისგან პოლ მაკარტნი იღებდა. ყველა წერილი იწყებოდა ტექსტით: „გამარჯობა პოლ, ეს მე ვარ, შენი მომავალი მეუღლე, რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობ”. წერილებს თან ახლდა ფოტოები, რომელზეც უკან საკონტაქტო ინფორმაცია და სხეულის პარამეტრები ჰქონდა მიწერილი.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სერ პოლ მაკარტნი მშობლიური ქალაქის ყველაზე ტიტულოვან კლუბს „ლივერპულს” არ ქომაგობს, ის ნაკლებად ტიტულოვანი „ევერტონის” გულშემატკივარია, რომელიც ასევე ქალაქ ლივერპულის კლუბია.