გაზაფხულიდან პურის მორიგი გაძვირება იგეგმება

გაზაფხულიდან პურის მორიგი გაძვირება იგეგმება

[ლელა კობერიძე]

მარტიდან პური ისევ გაძვირდება. მეხორბლეთა ასოციაციამ მოსახლეობას ასეთი „დამაიმედებელი“ ინფორმაცია აუწყა. ქართველი მოსახლეობის საკვებ რაციონში, ყველაზე მეტი წილი პურს უჭირავს.  სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის საკვებში პურის მაღალი ხვედრითი წილი ღარიბი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. შესაბამისად, პურის გაძვირება ასეთი ქვეყნების მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულია.

აღსანიშნაია, ისიც, რომ საქართველოში, ძირითადად, უკრაინული და ყაზახური ხორბალი შემოდის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდარე მართვლეულად მიიჩნევა, შესაბამისად, ექსპერტების განცხადებით, რომ არა ქვეყანაში არსებული მონოპოლიური მდგომარეობა, ამ ქვეყნების ხორბალი ასე ძვირი არ უნდა ღირდეს. ასე რომ, ქართველები ყველაზე დაბალი ხარისხისა და ყველაზე ძვირადღირებული პურით იკვებებიან.

„საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით გალიგაშვილი პურის გაძვირების მორიგ ტალღას პროგნოზირებს. მისი თქმით, მოსახლეობა პურის გაძვირებას მარტიდან ისევ უნდა ელოდოს.

„მეხორბლეთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ თებერვალში ფქვილი უკვე გაძვირდა, რაც პურის ფასზე აისახა.

„თებერვალში ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით, 2 ლარით გაიზარდა, ამიტომ მიმდინარე თვეში მისი კიდევ გაძვირება მოსალოდნელი არაა. მარტიდან კი ფქვილის გაძვირების ახალი ტალღაა მოსალოდნელი, რაც შესაბამისად, პურის ფასზეც აისახება“, - განაცხადა გალიგაშვილმა.

უფრო მეტიც, მისი თქმით, ფქვილის გაძვირების ტენდენცია აპრილშიც გაგრძელდება. ამ დროისთვის, 50 კგ-იანი ფქვილის ფასი 55-დან 58 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მეპურეები პურის გაძვირებას სწორედ ფქვილის გაძვირებით ხსნიან.

„ხორბლის ფასი ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად, ფქვილიც გაძვირდა. საკმაოდ გაიზარდა ენერგომატარებლების ტარიფიც. თუ ვინმე პურის გაძვირებას უარყოფს, ის უპირველესად მომხმარებელს ატყუებს, მერე საკუთარ თავს. სხვანაირად პურის საცხობები ვერ იმუშავებენ.

ამ პირობებში დაბალი ფასის შენარჩუნება სადამდე შეიძლება?  მაშინ წონა უნდა შევამციროთ. წონადაკლებული პური კი დამახინჯებულია, ვინაიდან ტექნოლოგია ირღვევა და პურის ხარისხი მცირდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე პური 10 თეთრით გაძვირდება. თუ რუსეთთან ასეთი ურთიერთობა გაგრძელდა, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება“, - აცხადებენ მეპურეები.

პურის მეოთხე ქარხნის დირექტორის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, არის ობიექტები, სადაც ფასები არ გაზრდილა, მაგრამ პურის წონა შემცირდა. დოლიძე აღნიშნავს, რომ ობიექტების უმრავლესობა კორექტირებას პურის ფასის ზრდით აკეთებს.

„ჩვენმა ქარხანამ ფასები რამდენიმე დღის წინათ 8-10 თეთრით გაზარდა.  ამის მიზეზი კი, ფქვილზე ფასის მატებაა. ზოგი ობიექტი ფასის შენარჩუნებას წონის შემცირებით ახერხებს, ძირითადი ობიექტები კი ფასს ზრდიან“, - განაცხადა დოლიძემ. მისივე განცხადებით, ძირითადმა მიმწოდებელმა დღეს ერთი ტომარა ფქვილი ქარხანას 52 ლარად მიაწოდა.

„საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების“ ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, იმპორტიორებმა ხორბლის მარაგების შემოტანა დაიწყეს ახალი ფასით და ფქვილი იმიტომაც გაძვირდა. არადა, კვეზერელის ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის სამი თვის მარაგი არსებობდა.

სილაგავას განცხადებით, პურის გაძვირება მარტო ფქვილის გაძვირებასთან არ არის კავშირში. ასევე გაძვირდა, წყალი, ზეთი, საფუარი, მარილი და საწვავი. მისი თქმით, პურის ფასში ფქვილის ღირებულებას 50% უკავია, დანარჩენი ამ პროდუქტებზე მოდის.

სილაგავას ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს ხორბლის მსხვილი იმპორტიორი ქვეყნები ხორბლის მოსავლის შესახებ ანალიზს გააკეთებენ და ხორბლის ახალი ფასი სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე განაცხადა, რომ მოსახლეობა ახალ ფასებს უნდა შეეგუოს და ხელისუფლებას ინფლაციასთან ბრძოლის ბერკეტები არ გააჩნია.  სააკაშვილს ის აღარ დაუკონკრეტებია, რატომ იზრდება საქართველოში ფასები ყველაზე სწრაფად და ყველაზე მასშტაბურად, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

ხორბლის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ყველაზე კარგი ხორბალი რუსეთსა და კანადაში მოდის. მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის რუსული ბაზრის კარი დაიკეტა, საქართველოსთვის ხორბლის იმპორტიორი ძირითადი ქვეყნები უკრაინა და ყაზახეთი გახდა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მდარე ხარისხის ხორბლის მოსავალი მოდის.  სპეციალისტების თქმით, ამ ქვეყნების ხორბალი იმდენად უხარისხოა, რომ თუ მას სხვა ხორბალი არ შეერია, ნორმალური პურის გამოცხობა შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა წელიწადში, დაახლოებით, 800 ათას ტონა პურპოდუქტს (ფქვილი და ხორბალი) მოიხმარს. ბუნებრივია, საქართველოში ამ რაოდენობის ხორბალი არ მოდის. ხორბლის ადგილობრივი წარმოება ქვეყნის მოთხოვნილების მხოლოდ 20-25%-ს აკმაყოფილებს. საქართველომ ხორბლის უხვი მოსავალი, 306 ათასი ტონა, ერთადერთხელ 2001-02 წელს მიიღო.  აქედან გამომდინარე, ქვეყანა 500-600 ათასი ტონა ხორბლისა და ფქვილის იმპორტს სტაბილურად ახორციელებს.