ლარზე ზეწოლა არჩევნების შემდეგაც გრძელდება, თუმცა ესეც დროებითია

ლარზე ზეწოლა არჩევნების შემდეგაც გრძელდება, თუმცა ესეც დროებითია

პოსტსაარჩევნო პოლიტიკური დაძაბულობა, პრაქტიკულად, აღარ შეიმჩნევა. შესაბამისად, ეკონომიკაზე რაიმე ტიპის ზეწოლა გამორიცხულია, თუმცა წნეხი ჯერ მაინც რჩება ლარის კურსის მიმართ. ეროვნული ვალუტა რყევას აგრძელებს და მისი მომავლის შესახებ ანალიტიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ.

ფინანსისტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, აჟიოტაჟი, რაც ბოლო პერიოდში ლარის გაცვლით კურსს და სებ-ის მიერ ინტერვენციებს ეხებოდა, სრულდება. რეზერვების ხარჯვა მოკლევადიანი ერთჯერადი ფაქტორების აღმოფხვრას და გაცვლითი კურსის სტაბილიზაციას ემსახურება და არც რომელიმე კანონით არ არის დადგენილი ინტერვენციების ლიმიტი. სექტემბერ-ოქტომბერში სავალუტო ინტერვენციების მოცულობა არა მისი სიდიდის მიხედვით უნდა შეფასდეს, თუნდაც ეს ჯამურად 500 მილიონი იყოს, არამედ თუ როგორია მონეტარული აგრეგატები, მათ შორის დეპოზიტების დინამიკა.

„2024 წლის სექტემბრის ფინანსური შედეგების მიხედვით, გასული თვის განმავლობაში, ქვეყანაში მოქმედ კომერციული ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 57.65 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.52 მილიარდი ლარით (2.72%-ით) მეტია, მათ შორის ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტები არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 824.25 მილიონი ლარით, ანუ 3.32%-ით, ხოლო დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 51.21% შეადგინა, წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა სულ რაღაც 0.57 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნა ცუცქირიძე.

მისივე განმარტებით, წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გამო, არც დეპოზიტები გაუტანიათ და არც მასიური კონვერტაცია განხორციელებულა დოლარში გადაყვანით, რაზეც ასე ხდებოდა არასწორი ექსპერტული შეფასებები.

ქვეყანაში, რომ საარჩევნო პერიოდის ნეგატიური ზეგავლენა ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის 7.6 პროცენტამდე გაზრდილმა განახლებულმა პროგნოზებმაც დაადასტურა. სწორედ მაღალი ზრდა განაპირობებს დროებით დახარჯული რეზერვების შევსებასაც და სავალუტო კურსის სტაბილიზაციასაც დაბალი ინფლაციის პირობებში“, - დაწერა გიორგი ცუცქირიძემ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკვე ოთხი დღე გავიდა და ქვეყანაში არც პოლიტიკური ვნებათაღელვა შეინიშნება და შესაბამისაც, არც ეკონომიკური ფონი გაუარესებულა. ასეთია ანალიტიკოსების დიდი ნაწილის მოსაზრება. მაგალითად, გალტ ენდ თაგარტში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და ამიტომ არ შეიცვლება ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა.

საინვესტიციო ბანკის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შემდგომ განვითარებული მოვლენებია შეჯამებული, ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო შაბათ-კვირის შემდეგ, საქართველოს სუვერენულ ევრობონდზე სარგებლის განაკვეთი 60 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 7.4% შეადგინა. მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო 2024 წლის მაის-ივლისის პერიოდში.

ამასთან, საარჩევნო შაბათ-კვირის შემდეგ ლარის კურსი სტაბილური დარჩა, წინასაარჩევნო კვირაში კი ცენტრალურმა ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

გალტ ენდ თაგარტი მიუთითებს, რომ მისი პროგნოზი უცვლელია. შესაბამისად, საინვესტიციო ბანკი ქვეყანაში მიმდინარე წელს - 9%-იან, ხოლო 2025 წელს 6%-იან ზრდას ელის.

ჩვენ ვინარჩუნებთ მშპ- პროგნოზს 2024 და 2025 წლისთვის და მიგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და არ შეცვლის მოკლე და საშუალოვადიან ზრდის პერსპექტივას, - აღნიშნავენ გალტ ენდ თაგარტში.

არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ეკონომისტების ნაწილის შეფასებით, თუკი საქართველო დასავლეთთან ურთიერთობებს არ მოაგვარებს და ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ლარი გაუფასურების ტენდენციას გააგრძელებს.

როგორც ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის დირექტორმა დავით მაისურაძემ განაცხადა, ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო კურსი და ინვესტორების განწყობები. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაგრძელების შემთხვევაში, ლარის მერყეობა გაგრძელდება. ამ ფონზე კი ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასასტაბილურებლად რეზერვების უსასრულოდ ხარჯვას ვერ გააგრძელებს.

ნებისმიერი სახის პოტენციური სანქცია და განცხადებები, რომ დასავლეთის ქვეყნები ჩვენთან ურთიერთობას წყვეტენ, უარყოფითად აისახება ლარზე. ეროვნული ვალუტის კურსი მიბმულია საგარეო პოლიტიკაზე და მისი ცვლილება გაუფასურებას იწვევს.

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ამოუწურავი არაა და რაღაც პერიოდის შემდეგ გაჩერება მოუწევს და ის ვეღარ შეძლებს უცხოური ვალუტის დამატებით გაყიდვას იმისთვის, რომ ლარის კურსი შეინარჩუნოს. თუ პროცესები ასე გაგრძელდება, არ მოხდა არჩევნების დარღვევების გამოძიება, დასავლეთთან ურთიერთობა არ აღდგა, რყევები გარდაუვალია“, - განაცხადა დავით მაისურაძემ.