კახა კახიშვილი: რაც უფრო მეტად გამოიყენებენ სიტყვა „რუსულს“, მით უფრო მეტად ახდენენ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას. ვინც უღრმავდება ამ განცხადებებს, კარგად ხვდება ვინ თამაშობს 2003 წლიდან რუსულ საქმეს

კახა კახიშვილი: რაც უფრო მეტად გამოიყენებენ სიტყვა „რუსულს“, მით უფრო მეტად ახდენენ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას. ვინც უღრმავდება ამ განცხადებებს, კარგად ხვდება ვინ თამაშობს 2003 წლიდან რუსულ საქმეს

რაც უფრო მეტად გამოიყენებენ სიტყვა „რუსულს“, მით უფრო მეტად ახდენენ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას. ვინც უღრმავდება ამ განცხადებებს, კარგად ხვდება ვინ აკეთებს 2003 წლიდან რუსულ საქმეს, - განაცხადა დეპუტატმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია 300 ათასი ხმის გაყალბება.

„ტერმინი „რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული არჩევნები“ ეტყობა გადმოიღეს მოლდავეთის პრეზიდენტის განცხადებიდან, როდესაც მაია სანდუმ ფაქტობრივად წააგო რეფერენდუმი და ემიგრანტების ხმებით კენჭისყრის შედეგები გადალახა, მაშინ თქვა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს თურმე არჩევნები. კითხვა ისმის, თუ რუსული სპეცსამსახურები ასე მძლავრად მუშაობენ მოლდავეთში, თვითონ რაღას აკეთებს პრეზიდენტის თანამდებობაზე?!

გახსოვთ ასევე ტრამპის მხარდაჭერის კუთხით მთელი სკანდალი იყო ატეხილი ამერიკულ მედიაში, რომ ტრამპს ეხმარებოდა რუსული სპეცსამსახურები. გამოძიებაც კი დაიწყო და რამდენიმეწლიანი გამოძიების შემდეგ უკვე, განაცხადეს, რომ არანაირი რუსული კვალი არ ყოფილა. ამავდროულად, ის განცხადება აბსოლუტურად საკმარისი იყო ტრამპის იმიჯის დისკრედიტაციისთვის. აქაც იმავეს ვხედავთ ახლა. რაც უფრო მეტად გამოიყენებენ სიტყვა „რუსულს“, მით უფრო მეტად ახდენენ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას. ვინც უღრმავდება ამ განცხადებებს, კარგად ხვდება ვინ აკეთებს 2003 წლიდან რუსულ საქმეს. თუ ომში არ ხარ ჩართული, რუსეთში მიდიხარ, თუ არჩევნები მოიგე, რუსული სპეცსამსახურების მოგებულია, თუ ქარხანა ააშენე, რუსული ფულითაა, თუ ინვესტიციები ჩამოვიდა, რუსული ინვესტიციებია“, - აღნიშნა კახიშვილმა.