უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების თანახმად, საკვებად გენმოდიფიცირებული პროდუქტების რეგულარული გამოყენება იწვევს სიმსივნეთა წარმოქმნას, ზრდის სხვა სასიკვდილო დაავადებათა განვითარების რისკს და მნიშვნელოვნად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
მეცნიერებს მიაჩნიათ: თუ კაცობრიობა მთლიანად გადავა გმ-პროდუქტებით კვებაზე, სიკვდილიანობა 2-3-ჯერ გაიზრდება. მაგრამ გმო-ის (გენმოდიფიცირებული ორგანიზმები) მწარმოებელ კორპორაციათა სპეციალისტები კვლავინდებურად დაჟინებით ადასტურებენ მათ უსაფრთხოებას - როგორც ადამიანებისათვის, ასევე მთელი პლანეტისთვისაც. მაინც ვინ არის მართალი? ღირს კი საკვებად გმო-ის გამოყენება? ამაში ჯერ დამოუკიდებლად ვცადოთ გარკვევა.
ხენდროსა და კამბალას ნარევი
სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში გმო - გენმოდიფიცირებული ორგანიზმები - აღნიშნავს ორგანიზმებს, რომელთა გენოტიპი ხელოვნურად არის შეცვლილი გენური ინჟინერიის მეთოდების მეშვეობით. საწყისი ორგანიზმის დნმ-ის ჯაჭვში ჩასმულ დნმ-ის ფრაგმენტს ტრანსგენი ეწოდება. ეს კეთდება მოდიფიცირებული ორგანიზმების, პირველ რიგში კი მცენარეების, ამა თუ იმ თვისების შეცვლის მიზნით, რათა ისინი უფრო გამძლე გახდეს მავნებელთა და გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ. მაგალითად, ჩვეულებრივი კარტოფილის გენოტიპში მორიელის გენის ფრაგმენტის ჩანერგვით მიიღეს კარტოფილი, რომელსაც არავითარი მავნებელი აღარ აშინებს, ხოლო პომიდვრისა და ხენდროს დნმ-ის ჯაჭვში ჩასვეს პოლარული კამბალას გენი და ახლა ეს კულტურები ლამის უკიდურეს ჩრდილოეთშიც კი შეიძლება მოვიყვანოთ.
ტრანსგენური პროდუქტები პირველად გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ყოფილმა ამერიკულმა სამხედრო-ქიმიურმა კომპანიამ 'მონსანტომ' შეიმუშავა. 1992 წელს ჩინეთში თამბაქოს მოშენება დაიწყეს, რომელსაც მავნე მწერები ვერაფერს აკლებდა. მაგრამ გმ-პროდუქტების მასობრივი წარმოება აშშ-ში დაიწყეს 1994 წელს, როდესაც დახლებზე ისეთი პომიდვრები გაჩნდა, რომლებიც ტრანსპორტირების დროს არ ფუჭდებოდა. დღეისათვის მსოფლიოში გმ-კულტურათა რამდენიმე ათეული ხაზი არსებობს, მათ შორის სოიის, კარტოფილის, სიმინდის, შაქრის ჭარხლის, ბრინჯის, პომიდვრის, ხორბლის, ნესვის, პაპაიას, ყაბაყის, ბამბის, სელისა და იონჯის.…
ამასთან მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ კარტოფილი ისევ კარტოფილად რჩება, ხოლო პომიდორი - პომიდვრად. და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით ორმოცი წლის შემდეგ დედამიწის მოსახლეობა იმდენად გაიზრდება, რომ უკვე არა მარტო აფრიკაში, არამედ უფრო ბედნიერ ქვეყნებშიც თავს იჩენს კვების პროდუქტების დეფიციტი, ეს ძალზე აქტუალურია.
თითქოს მოიძებნა შიმშილის არსებული პრობლემის მარტივი გადაწყვეტა პლანეტის ჭარბმოსახლეობის პირობებში. ამასთან გმო-ის მომხრეები აცხადებენ, ჩვენ ისედაც უკვე დიდი ხანია გენმოდიფიცირებული სურსათით ვიკვებებითო - პრაქტიკულად ხომ ყველა ხილი და ბოსტნეული, რაც ჩვენს მაგიდაზე ხვდება, გენეტიკურად განსხვავდება თავიანთი ველური წინაპრებისგან, ოღონდ ეს მოხდა არა გენური ინჟინერიის ზემოქმედებით, არამედ სელექციისა და ძველი თანამედროვე აგრონომების მიერ ჩატარებული ხელოვნური გადარჩევის შედეგად, რომლებიც მცენარეთა ამა თუ იმ სასარგებლო თვისებას ნერგავდნენ. და ამ დროს საშინელი არაფერი ხდება, ასე რომ, საგანგაშოც არაფერია. მიირთვით, ძვირფასებო, ღმერთმა შეგარგოთ. თუმცა, ყველაფერი მთლად ასე როდია.…
არადა, რა კარგად დაიწყო ყველაფერი!
შეიძლება ითქვას, რომ უფრო პირიქითაა: ყვველაფერი საკმაოდ რთულადაა, თუნდაც იმიტომ, რომ აფრიკის უღარიბესმა ქვეყნებმა უკვე ხუთი წელია, რაც გმ-პროდუქტების შეტანა აკრძალეს, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ მათი გამოყენებით მიღებული ზიანი შიმშილზე უარესია. ევროპაში უკვე დიდი ხანია, მოქმედებს პროდუქტებში გმო-ის შემცველობის ნორმა - არა უმეტეს 0,9%. შვედეთში ის საერთოდ აკრძალულია. მაინც რატომ კრძალავენ მრავალ ქვეყანაში გმო-ს, ტრანსგენურ ორგანიზმთა უსაფრთხოების შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემთა მიუხედავად?
დავიწყოთ იქიდან, რომ გმო-ის უვნებლობის თაობაზე ყველა ადრინდელი მონაცემი ეფუძნებოდა ხანმოკლე გამოკვლევებს, რაც მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ვადა, უბრალოდ, არასაკმარისია: გმო-ის გამოყენების სახიფათო შედეგები სრული მოცულობით მხოლოდ 18 თვის შემდეგ მჟღავნდება.
კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტორი: აბა, გამოიცანით, ვინ აფინანსებს გმო-ის აბსოლუტურად ყველა გამოკვლევას, რომლებიც მათ უსაფრთხოებას ადასტურებს? თავად მწარმოებლები! ამიტომაც არ არის საკვირველი, რომ მომხმარებლამდე მხოლოდ დადებითი შეფასებები მიდის. მაგრამ ამჟამად გმო-ს მრავალი დამოუკიდებელი ლაბორატორია იკვლევს და მათი დასკვნები ძალზე შემაშფოთებელია.
ბოლო დროს გამოკვლევათა თანახმად, გმო-ის შემცველმა პროდუქტებმა საკვებად ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა, დიდი დარტყმა მიაყენონ ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტს, დაარღვიონ საჭმლის მონელება, გამოიწვიონ ალერგია და ა.შ. მკვლევართა აზრით, ინგლისელ ბავშვებში მენინგიტის ეპიდემია იმუნიტეტის შესუსტების შედეგია, რაც თავის მხრივ, განაპირობა გმ-შემცველი რძიანი შოკოლადისა და ბისკვიტების გამოყენებამ.
სტატისტიკურ მონაცემთა მიხედვით შვედეთში, სადაც ტრანსგენები აკრძალულია, ალერგიული დაავადებები მოსახლეობის 7%-ში გვხვდება, ხოლო აშშ-ში, სადაც გმო მარკირების გარეშეც კი იყიდება, მოსახლეობის 70,5% ალერგიით იტანჯება.
გარდა ამისა, დამოუკიდებელ ექსპერტთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ გენმოდიფიცირებულ მცენარეებს 1000-ჯერ მეტი ტოქსინების გამოყოფა შეუძლიათ, ვიდრე ჩვეულებრივ ორგანიზმებს, ასევე, უნდა აღინიშნოს გმო-ის ნეგატიური ზეგავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე. უკვე დამტკიცებულია ლაბორატორიული ცხოველების შობადობის მნიშვნელოვანი შემცირება, რომლებსაც გმ-საკვებით კვებავდნენ.
ამასთან, ყოველ მომდევნო თაობაში არა მარტო მცირდებოდა შობადობა, არამედ იზრდებოდა სიცოცხლესთან შეუსაბამო მუტაციების რაოდენობა. მესამე-მეოთხე თაობა უკვე მთლიანად სტერილური ხდებოდა. ადამიანებზე შესაბამისი ექსპერიმენტები, ცხადია, არ ჩატარებულა, მაგრამ მრავალი მეცნიერის აზრით, უშვილო წყვილთა რაოდენობის ზრდა კვების ტრანსგენური პროდუქტების მოხმარების ზრდას უკავშირდება.
ფრანგი მეცნიერები ორი წლის განმავლობაში კვებავდნენ ორას ვირთაგვას ამერიკული ფირმა 'მონსანტოს' გმ-სიმინდით. ძალიან მალე მღრღნელებს უზარმაზარი სიმსივნეები გაუჩნდათ, ზოგიერთ მდედრს კი - ერთბაშად სამი სიმსივნე. ამის შედეგად საბრალო მხეცუნების სიკვდილიანობა 70%-ით მეტი იყო მათ იმ თანამოძმეებთან შედარებით, რომლებიც ჩვეულებრივი, ჰერბიციდული სიმინდით იკვებებოდნენ.
ფარული საფრთხე
გმო-ის მესამე საფრთხე არც ისე აშკარაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგანაც ეკონომიკასა და პოლიტიკას უკავშირდება! დიახ, ნუ გაგიკვირდებათ. როგორც ცნობილია, ადრე გლეხი მოსავლის აღების შემდეგ მის ნაწილს ყიდდა ან ამუშავებდა, ხოლო ნაწილს სათესლედ იტოვებდა მომდევნო წელს დასათესად. თანამედროვე ფერმერს ამის გაკეთება არ შეუძლია: გმ-კულტურა არასიცოცხლისუნარიან თესლსა და ნაყოფს იძლევა, ანუ მომავალი წლისთვის ფერმერი იძულებულია, შეისყიდოს ახალი სათესი მასალა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს ევროკავშირის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს მოხსენება, რომელშიც ნათქვამია: ათი წლის განმავლობაში გმ-კულტურებმა ვერ მოუტანეს დაპირებული ეკონომიკური სარგებელი მომხმარებლებს. მათ ვერ გაზარდეს ფერმერთა შემოსავალი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, ვერ გააუმჯობესეს პროდუქტების სამომხმარებლო თვისებები და ვერავინ დაიხსნეს შიმშილისგან. გმ-კულტურების გამოყენებამ მხოლოდ გავრცელებული ქიმიური საშუალებების (ჰერბიციდების, პესტიციდებისა და სასუქების) რაოდენობის ზრდა გამოიწვია და არა მათი შემცირება.
იმავე 2008 წელს გაერომ და მსოფლიო ბანკმა პირველად გაილაშქრეს მსხვილი აგრობიზნესისა და გმო-ის წინააღმდეგ. ერთობლივ მოხსენებაში, რომლის მომზადებაშიც ოთხასამდე მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია, რომ მსოფლიოში იწარმოება იმაზე მეტი საკვები, რაც პლანეტის მთელი მოსახლეობის გამოსაკვებად არის საჭირო. გაეროს ექსპერტები დარწმუნებული არიან: ასობით მილიონი ადამიანის შიმშილში მსხვილი აგრობიზნესია დაინტერესებული, რომელიც თავის პოლიტიკას სურსათის ხელოვნური დეფიციტის შექმნაზე აგებს. გაერომ, ფაქტობრივად, პირველად დაგმო სოფლის მეურნეობაში გმო-ის გამოყენება, რადგან ისინი, ჯერ ერთი, ვერ წყვეტენ შიმშილის პრობლემას და, გარდა ამისა, საფრთხეს უქმნიან მოსახლეობის ჯანმრთელობასა და პლანეტის მომავალს.
მაშ, რა გამოდის - გმო აბსოლუტური ბოროტებაა და ისინი დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს? რა თქმა უნდა, არა. გონიერი და საპასუხისმგებლო მიდგომით გმ-ტექნოლოგიებს დიდი სარგებლობა შეუძლიათ მოუტანონ მედიცინას, ტრანსპლანტოლოგიას. გმო-ის მეშვეობით შესაძლოა შეიქმნას ახალი მაღალტექნოლოგიური მასალები და ბიოსათბობი, რომელიც შეცვლის ნავთობსა და გაზს. ასე რომ, გმო-ს ნამდვილად აქვს მომავალი. მთავარია, ეს უდიდესი აღმოჩენა არაკეთილსინდისიერმა პოლიტიკოსებმა და კომერსანტებმა კაცობრიობის საზიანოდ არ გამოიყენონ.