კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებიც არატიპურ მოლეკულებს სწავლობენენ, დარწმუნებით აცხადებენ, რომ კიბოს მკურნალობის საკითხის გადაჭრასთან ახლოს არიან.
თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ დნმ-ის მოლეკულა ორი ჯაჭვისგან შედგენილ სპირალს წარმოადგენს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დნმ არსებობს, ასევე, ოთხი მოლეკულური ჯაჭვითაც.
კემბრიჯის ლაბორატორიის მეცნიერთა ჯგუფმა, პროფესორ შანკარ ბალასუბრამიანის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა, დაჰკვირვებოდა ასეთი ტიპის დნმ-ს.
მეცნიერებისთვის დიდი ხანია, ცნობილია, რომ კიბოს უჯრედები საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან, შესაბამისად, მათში ასეთი სტრუქტურა გაცილებით ხშირად ვლინდება, ვიდრე ჯანმრთელში, რაც კემბრიჯის ლაბორატორიაში დამტკიცდა კიდეც.
ასეთი მოლეკულები წარმოიშობიან დნმ-ის შემადგენელ ნივთიერებათა ოთხი ჯგუფიდან ერთ-ერთის – გუანინის დიდი რაოდენობით დაგროვებისას. თუმცა, გამოსაკვლევიც ბევრია.
კემბრიჯელი მეცნიერები, ასევე, იმუშავებენ, გაიგონ, საიდან წარმოიშობა დამღუპველი უჯრედები. აღსანიშნავია, რომ G-კვადრუპლექსების რაოდენობა იმატებს არა მარტო კიბოს დროს, არამედ, ემბრიონის წარმოშობისას და ზრდის პერიოდშიც.
თუ აღმოჩნდა, რომ ონკოუჯრედებისთვის დამახასიათებელი G-კვადრუპლექსები რამდენადმე განსხვავებულია ჯანმრთელისგან, მაშინ შესაძლებელი იქნება, შემუშავდეს ისეთი მკურნალობა, რომლის დროსაც პრეპარატები ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების გარეშე გაანადგურებენ ონკოუჯრედებს. უკვე ცნობილია ანტისხეული, რომელიც სწორედ G-კვადრუპლექსს „შეუტევს“.